დამრიგებლის როლი საჯარო სკოლაში – რა ფუნქციები აქვთ და შეიცვალა თუ არა რამე მინისტრის განცხადების შემდეგ
მიხეილ ჩხენკელმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსწავლეთა საჭიროებების უკეთ გამოვლენის მიზნით, სკოლებში დამრიგებლის როლი უნდა გაზრდილიყო.
კონკრეტულად, თუ რა გეგმა არსებობდა ამ მიმართულებით და მთელი წლის მანძილზე რა ნაბიჯები გადაიდგა, დღემდე უცნობია, რადგან მიხეილ ჩხენკელს, რომელიც დღესაც მინისტრობის კანდიდატია პრაქტიკულად, მედიასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვს.
საჯარო სკოლების დამრიგებლების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე წელს, რაიმე კონკრეტული ცვლილება მათ საქმიანობას არ შეხებია, თუ არ ჩავთვლით კოვიდპანდემიით გამოწვეულ განსაკუთრებულ ვითარებას, რამაც მათი პასუხისმგებლობა და დატვირთვაც მნიშვნელოვნად გაზარდა.
გორის მე-8 საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა ნანა ლომიძემ 9 წლის წინ, სხვადასხვა დოკუმენტებში გაწერილი დამრიგებლის ფუნქციები პორტფოლიოში მოაქცია. ის ამბობს, რომ ამ წლების მანძილზე ფუნქციებში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დამრიგებელს დიდი პასუხისმგებლობა არ აქვს.
„რომ გითხრათ, რომ რაიმე განსაკუთებით შეცვალათქო, ვერ გეტყვით. მე, ჩემი პიროვნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ისედაც გაზრდილი მქონდა ეს როლი. გაზაფხულზე, როდესაც პანდემია გამოცხადდა და ონლაინ სწავლებაზე გადავედით, ეს უცხო იყო მშობლებისთვის, სახლებში იყვნენ და უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. ახლა მშობლების მხრიდან ისეთი აქტიურობა აღარ არის და ამიტომ უფრო მეტად გვიწევს ჩვენ, მასწავლებლებს და მით უმეტეს დამრიგებლებს, დატვირთვა. აქამდე ყოველთვის მაღალი კლასების დამრიგებელი ვიყავი და წელს პირველი შემთხვევაა, როცა მეოთხე კლასი მყავს და სულ სხვანაირი ყურადღება სჭირდებათ. გვაქვს შეხვედრები, სადამრიგებლო საათი, ონლაინ კრება, ვნახულობთ ფილმებს და მერე ვსაუბრობთ მათ შესახებ. ვაწარმოებთ ელექტრონული ჟურნალს და რადგან ასეთ რეჟიმში ვართ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ბავშვებმა ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიიღონ, თითოეულ ქულაზე, დავალებაზე და ვფიქრობ, რომ უფრო სხვანაირი ურთერთობა გვიწევს და გვჭირდება. თუმცა რომ გითხრათ, რომ ამას მავალებს ვინმე, ჩემთვის ისედაც ასე იყო“, – ამბობს ნანა ლომიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
მისივე თქმით, სკოლებში, დამრიგებლები მშობლებს ძირითადად შვილების უარყოფით შედეგებსა და პრობლემებზე ესაუბრებიან, წარმატებებზე კი ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ, რაც მისი აზრით, მშობელს სკოლასთან აშორებს.
„ჩემთვის მშობელთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ პრობლემებზე საუბარი. მათთვის მადლობის სიგელიც გამიგზავნია შვილის მიღწევებზე. მშობლები დაწყებითი კლასების შემდეგ სკოლას შორდებიან, იმიტომ, რომ მათ ძირითადად მხოლოდ საყვედურისთვის იბარებენ. ეს კვლევებმაც აჩვენა, მშობლები სკოლაში მოდიან მარტო იმიტომ, რომ მოისმინონ – „შენმა შვილმა რაღაც დააშავა“ და ამიტომ მას აღარ უნდა სკოლასთან ურთიერთობა. მქონია შემთხვევა, რამდენიმე წლის წინ, სადამრიგებლო კლასიდან ბავშვი არ წამოვიდა ექსკურსიაზე და მარტო მშობელი იყო, იმდენად ახლო ურთერთობა გვქონდა. სკოლასთან ურთიერთობა მშობლისთვისაც სასიამოვნო უნდა იყოს, სკოლა არ უნდა იყოს მისთვის სადამსჯელო ორგანო“, – აცხადებს პედაგოგი.
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ დამრიგებლის მხრიდან საკუთარი შვილის ცხოვრებაში უფრო მეტ ჩართულობას ისურვებდა.
„მე მგონი, ეს ადამიანის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული – ვინ როგორი დამრიგებელი იქნება და დიდი მნიშვნელობა არ აქვს ფურცელზე რა იქნება გაწერილი. ვიცი რომ ბევრი ძალიან კარგი და ყურადღებიანი მასწავლებელი არსებობს და საკუთარი შვილებივით ჰყავს სადამრიგებლო კლასი. მე ვერ წარმომიდგენია, როდესაც კლასში 25 ბავშვი გყავს და სამი წელია დამრიგებელი ხარ, მისი ოჯახი და მის შესახებ ყველაფერი არ იცოდე, რა უჭირს, რა ულხინს და როგორი პირობები აქვს. ჩვენი დამრიგებელი რაღაცნაირად მოვალეობის მოხდის მიზნით არის, რასაც დაავალებს სკოლა დარეკავს, იკითხავს ემოციას ვერ გამოხატავს. გასულ წელს იყო შემთხვევა სეზონური ვირუსის გამო ბავშვი ერთი კვირა არ წასულა სკოლაში, არც კი უკითხავს, იქნება და რა უჭირს. რაც შეეხება ონლაინ სიტუაციას, ვერ ვიტყვი, რომ თავის საგანს არ ატარებს, ბოლომდე იხარჯება. იშვიათად ონლაინ კრებას ჩაგვიტარებს და ისიც იმისთვის, რომ საჯაროდ დაასახელოს რომელი ბავშვები არ ესწრებიან ონლაინ გაკვეთილებს, რომ უყურადღებოები არიან, უნდა დააძალოს მშობელმა გაკვეთილზე დასწრება და ა.შ. მოზარდი ბავშვები არიან და მე ვფიქრობ, მათთან სხვანაირი, მეგობრული კომუნიკაციაა საჭირო, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავ და სემესტრის დასასრულს რომ მოიკითხავ ვის არ აქვს კომპიუტერი და ტელეფონი, ესეც დაგვიანებული რეაქცია მგონია.
„მეორე შვილი დაწყებით კლასში მყავს და ამ შემთხვევაში დამრიგებლისგან ჯერჯერობით უფრო მეტ ყურადღებას ვგრძნობთ, დისტანციურ რეჟიმში ზოგჯერ სწავლის ხარისხზე მეტად ბავშვებთან კომუნიკაციას აქცევს ყურადღებას და ეს ბავშვს ძალიან მოსწონს და მოტივაციასაც უმაღლებს. თუმცა ისიც მესმის, რომ ადამიანები არიან თავიანთი ყოველდღიურობა აქვთ, ბევრი პროცედურა აქვთ სკოლაში შესასრულებელი და ყოველთვის შეიძლება ჩვენს ხასიათზე არ იყვნენ, მაგრამ ძალიან სხვა პასუხისმგებლობაა მოზარდი თაობის აღზრდა“, – ამბობს მშობელი.
საქართველოს საჯარო სკოლებში, პედაგოგები კლასის დამრიგებლობისთვის დანამატის სახით თვეში 80 ლარს იღებენ. პედაგოგ ნანა ლომიძის ბლოგში დეტალურადაა გადმოცემული რა ფუნქციები და მოვალეობები აქვთ მათ, რასაც დისტანციური სწავლების პერიდოში ონლაინ ჟურნალი და ონლაინ კომუნიკაციაც ემატება.
დამრიგებლის მოვალეობები
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელს ევალება:
სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;
მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ;
საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
გაესაუბროს საგნის პედაგოგს დანიშნოს დამატებითი მეცადინეობები;
დაბალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში წერილობით აცნობოს მშობელს და მასთან ერთად უზრუნველყოს მოსწავლის დასწრება დამატებით მეცადინეობაზე;
არასათანადო ქცევის შემთხვევაში ჩაატაროს მასთან საჭირო საუბრები;
პრობლემის მოსაგვარებლად ჩართოს ფსიქოლოგიც და მშობელიც;
საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება და მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველკვირეულად ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
მოსწავლის მიერ საპატიო გაცდენის თაობაზე მიღებული შეტყობინების ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს;
დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი.
დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ.
სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
დამრიგებელს ასევე ევალება:
1. შეადგინოს და დირექციას დასამტკიცებლად წარუდგინოს თავისი კლასის
აღმზრდელობითი მუშაობის გეგმა, რომლის შინაარსი ეფუძნება სკოლის მისიას, განისაზღვრება სადამრიგებლო პროგრამით, სკოლის საერთო ამოცანებით,მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებით, სასკოლო ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნებითა და სხვათა გათვალისწინებით;
2. მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდეს თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ. საჭიროებისამებრ ატარებდეს კლასის კრებას, კლასის საათს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდეს თითოეული მოსწავლის ქცევის კულტურას. დაუყოვნებლივ აწვდიდეს ინფორმაციას დირექციას გაკვეთილის გაცდენის თაობაზე;
3. ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავდეს საქართველოს განათლების კანონის, სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და წინამდებარე დებულების მოთხოვნათა მიხედვით;
4. განახორციელოს დიაგნოსტიკა კლასის მიღების მომენტისათვის; დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით შექმნას თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი. (ამგვარი საქმიანობა მან უნდა განახორციელოს სასწავლო წლის შუაშიც და ბოლოს);
5.საკუთარ საქმიანობას წარმართავდეს მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაფუძნებით;
6.აწარმოოს კლასისა და მოსწავლის პორტფოლიო (მოდერნიზებული პირადი საქმე);
7. უზრუნველყოს მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლა, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენა, კლასის აქტივის შექმნა;
8. უზრუნველყოს სკოლის შინაგანაწესის მოსწავლეთათვის გაცნობა და ამ დოკუმენტებში ჩადებული შინაარსის გატარება ცხოვრებაში;
9. მოსწავლეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლა და მისი შემდგომ საქმიანობაში გათვალისწინება.
10. ზრუნვა, მოსწავლეთა მონაწილეობით სასწავლო ოთახებისა და კაბინეტების სათანადო ესთეტიკურ გაფორმებაზე, მოსწავლეთა იერსახის მოწესრიგებაზე, სანიტარულ- ჰიგიენური პირობების დაცვაზე, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილებაზე, კლასის ინვენტარიზაციის ფურცლის წარმოებაზე, (რომლის მიხედვითაც იგი წლის ბოლოს დირექციას უკლებლივ აბარებს სასწავლო წლის დასაწყისში მიღებულ ინვენტარს), დაზიანების შემთხვევაში მშობელთა დახმარებით ზრუნვა ზარალის ანაზღაურებაზე;
11. მშობელთა კრებების ჩატარება, კლასის საქმიანობის ანალიზისა და გაუმჯობესების მიზნით;
12. კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო-აღმზრდელობითი ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება.
13. სკოლის რეჟიმს ძნელადშემგუებელ, ოჯახიდან მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან და მათს მშობლებთან ინდივიდუალური მუშაობა.
14. სათანადო ზომების მიღება მოსწავლეთა წახალისების ან დასჯისათვის, საჭიროების შემთხვევაში დირექციის წევრების ჩართვა;
15. მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება, საკლასო ჟურნალში სათანადო ცვლილებების დროულად შეტანა;
16. მშობელთათვის სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის, სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის, და სხვა საჭირო დოკუმენტაციის გაცნობა;
17. მოსწავლეებისა და მათ მშობლებისათვის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროულად გაცნობა;
18. სკოლის მიერ ჩატარებულ მიზნობრივ ღონისძიებებზე მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფა;
19. აღსაზრდელების კულტურული დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა (სპექტაკლები, ექსკურსიები, დიალოგები, შეხვედრები და ა.შ).
20. სკოლის ადმინისტრაციისათვის მშობელთა პედაგოგიზაციის საქმეში ხელის შეწყობა;
21.სემესტრში მინიმუმ ერთხელ კლასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის პრობლემების გადასაწყვეტად მშობელთა კრებების მოწვევა;
22. მოსწავლის საშემოდგომო გამოცდის, ყოფაქცევაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების ან სხვა საჭიროების დროს მშობლის ინფორმირება და ხელმოწერილი შეტყობინების ფორმის დირექციისათვის წარდგენა;
23. ანგარიშის ჩაბარება და მონაწილეობის მიღება ნებისმიერი საკითხის განხილვაში,რომელიც ეხება მოსწავლეთა აღზრდას.
კლასის ხელმძღვანელს ეკრძალება:
* მშობელთა კრებაზე კონკრეტული მოსწავლის მდგომარეობის განხილვა;
* ისეთი ქმედება, რაც შეურაცხყოფს მოსწავლის ან მისი მშობლის პიროვნებას;
* ფიზიკური ზემოქმედება, ძალადობა მოსწავლეზე.
„სკოლებში დამრიგებლის როლი უნდა გაიზარდოს“ – განათლების მინისტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება