„…დანარჩენი თქვენთვის მომინდვია, #37 სკოლაში კი, სეკრეტ სანტას თამაში 30 დეკემბერს იგეგმება“
თავისუფალი ტრიბუნა დღეს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს ეთმობა, რომელიც სკოლაში არსებულ პრობლემებს ამხელს.
დღეს მე შვილმკვდარი დედა ვარ! დიახ შვილმკვდარი! სულში ტკივილი და სიცარიელეა. თანაუგრძნობ ლუკა სირაძის ოჯახს და პატიებას ვთხოვ ლუკას. ლუკა მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი, მაპატიე! გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად? ყოველი დღე უფრო და უფრო მძიმეა ჩემთვის, სად დავუშვი შეცდომა. ლუკა გვაპატიე!
2019 წლის 17 დეკემბერს, როდესაც ეს საზარელი ამბავი გავიგე სსიპ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლარისა მელაძეა, სამასწავლებლოში დაფაზე ეწერა იმ მასწავლებლების გვარები ვინც უარი განაცხადა „სეკრეტ სანტას“ თამაშზე და დაბარებული იყვნენ დირექტორთან. ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველოში გლოვაა გამოცხადებული და რიგმა ქალაქებმა და რეგიონებმა უარი თქვეს საახალწლო ღონისძიებების ჩატარებაზე. ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველომ სამ დღეში სამი უდანაშაულო მოზარდი დაკარგა! ნუთუ დირექტორს არ უნდა მიეღო გარკვეული ზომები ამ ფაქტთან დაკავშირებით და სამძიმარი არ უნდა გამოეცხადებინა სრულიად საქართველოსთვის და ლუკა სირაძის ოჯახის წევრებისთვის, როდესაც უდანაშაულო 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნუთუ ხუთი წუთით მაინც არ უნდა შეხვედროდა ამ დროს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, მაშინ როდესაც სხვადასხვა გაურკვეველ ადმინისტრაციულ შეხვედრებს საათობით ელოდებიან მასწავლებლები. სამწუხაროდ, იმ დღეს დირექტორს ამისთვის არ ეცალა მასწავლებლების დასჯით იყო დაკავებული, იმ ურჩი პედაგოგების, რომელთა სიაც დაფაზე იყო დაწერილი და ბუნებაში არ არსებული კანონის გამო ისჯებოდნენ. მავანნი და მავანნი ჩავიდნენ დირექტორთან და შეურაცხყოფილები გამოვიდნენ კაბინეტიდან. ზოგიერთმა საკუთარი პოზიციის დაცვა ვერ შეძლო და თანხმობა განაცხადა მიეღო მონაწილეობა თამაშში. თუმცაღა ლარისა მელაძის მმართველობის 5 წლის განმავლობაში ასეთი ღონისძიებები ტარდებოდა და იყო ნებაყოფლობითი, რატომღაც წელს მიიღო იძულებითი ფორმა. ამ ტრაგედიის დროს, როდესაც დირექტორი ვერ აცნობიერებს მდგომარეობის სირთულეს და მასწავლებელი ვერ იცავს საკუთარ პოზიციას, მიჩნდება ლოგიკური კითხვა, რა უნდათ მათ სკოლაში?!
სკოლაში წესად არის შემოღებული კოლეგების მიერ ერთმანეთის დასმენა, რაც დირექტორის მხრიდან ერთ-ერთ ,,სავალდებულო აქტივობად“ ითვლება და ცალკე კრედიტ ქულები ენიჭება ზოგიერთ პედაგოგს, რომელიც ამას კადრულობს. ამის შემდგომ სკოლაში მუდმივად ხდება საგაკვეთილო პროცესზე დასწრება პირადი ანგარიშსწორებისთვის. არიან ასევე პრივილეგირებული მასწავლებლები, რომელთაც არასდროს არ ესწრებიან.
აქვე ზოგიერთი კონკრეტული ფაქტის შესახებ:
ფაქტი– სკოლაში, სადაც ერთ საპირფარეშოში შედის მოსწავლეც და მასწავლებელიც, მათ შორის ვაჟებიც, რაღა თქმა უნდა, მასწავლებლებში ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის. მეტიც, იგივე სივრცეში დირექტორს აქვს გამოყოფილი ცალკე ბოქსი, რომელიც იკეტება გასაღებით და იქ სხვა პედაგოგების შესვლა სასტიკად აკრძალულია. არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები (არ დევს ტუალეტის ქაღალდი და თხევადი საპონი წყლით არის გაზავებული მაქსიმალურად), ეს ხდება თბილისის ცენტრში განათლების სამინისტროს გვერდით, 21-ე საუკუნეში.
ფაქტი- დირექტორმა დროულად ვერ უზრუნველყო თადარიგის დაჭერა გათბობასთან დაკავშირებით და დღეს სკოლას უწევს მუშაობა ისეთ პირობებში, სადაც შენობის ნახევარი საერთოდ არ თბება.
ფაქტი- დირექტორს არ შეუძლია მართვა, არ აგებს პასუხს საკუთარ გადაცდომაზე, კოლექტივში აღვივებს შუღლს, იყენებს პედაგოგებს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამით გაურბის პასუხისმგებლობას.
ფაქტი- ორენოვან სკოლაში არ არის წახალისებული ქართული სექტორი, მეტიც, იხურება ქართული სექტორის კლასები, სათანადოდ არ სრულდება სადამრიგებლო საქმიანობა, სკოლა განიცდის რეგრესს.
ფაქტი- დირექტორი არათანაბარ პირობებში აყენებს პედაგოგებს, ხშირად ხდება მათი დისკრიმინაცია და ასეთ პირობებში უწევთ პედაგოგებს გაუმკლავდნენ ყოველდღიური სკოლის ცხოვრებას, ნაცვლად იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ბავშვებთან და ჩამოაყალიბონ მათგან ღირსეული მოქალაქეები, ასწავლონ სიტყვის თავისუფლება, განავითარონ მათში კრიტიკული აზროვნების უნარი და შეუქმნან ჯანსაღი და მეგობრული გარემო.
ფაქტი- დღევანდელი სკოლა ეს არის ნეპოტიზმის დიდი ჭაობი, რომელსაც წინსვლა და განვითარება არ უწერია, სანამ სკოლებს მართავენ არაპროფესიონალი, დიქტატორი დირექტორები. დირექტორმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს საზოგადოების და პედაგოგიური კოლექტივის წინაშე, მისი არაადეკვატური და გულგრილი დამოკიდებულების გამო! და კიდევ მრავალო სხვა ფაქტი, რაც მოკვლევას და შემოწმებას საჭიროებს შესაბამისი ორგანოს მიერ!
იმ ფონზე, რაც ქვეყანაში არის შექმნილი, მასწავლებლებმა და სრულიად საზოგადოებამ დასკვნების გამოტანა უნდა შეძლოს და მოძებნოს გზები მოსწავლესთან დასაახლოებლად, ნდობის მოსაპოვებლად, რომ გავზარდოთ ღირსეული, ჯანსაღი, დემოკრატიულ, თავისუფლების პრინციპებზე მოაზროვნე მომავალი თაობა, რაც ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. ამიტომ, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავიმეორებ: როდესაც ,,ხელისუფალი“ სამართლიანია სახელმწიფოშიც მშვიდობა სუფევს!
P.S. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია. #37 სკოლაში კი სეკრეტ სანტას თამაში 30 დეკემბერს იგეგმება.
თუ თქვენც ფიქრობთ, რომ გაქვთ სათქმელი ან მოსაყოლი განათლების პრობლემაზე, მოგვწერეთ, გამოიყენეთ:
-
„ამ ბოლო გაბრძოლების შემდეგ დავტოვე სკოლა და ქვეყანა“ – კიდევ ერთი მასწავლებლის ისტორია
by თავისუფალი ტრიბუნა
-
„…სასწავლო პროცესი კარს მომდგარია და დამსაქმებელმა ფაქტობრივად უმუშევარი დამტოვა“ – რა დეტალებს იხსენებს სკოლიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა პედაგოგი
by თავისუფალი ტრიბუნა
-
„და ჩემი ჯერიც მოვიდა…“ – მასწავლებლი სკოლიდან გათავისუფლების საკუთარ ისტორიას ყვება
by თავისუფალი ტრიბუნა