GE

„დასტვენამდე“ მოვიცალოთ სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის

დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოთა გრიფირების კონკურსი გადამწყვეტ ფაზაშია.  სამინისტრომ საკონკურსოდ წარდგენილი სახელმძღვანელოების პაკეტები გაასაჯაროვა; საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს, ან მოქალაქეთა ჯგუფს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს  სახელმძღვანელოებს და შენიშვნა-რეკომენდაციები სპეციალურად შექმნილი ფორმით გააგზავნოს.

თუმცა ეს შენიშვნა-რეკომენდაციები საჯარო არ არის, გვერდს არ აქვს უკუკავშირის ფუნქცია. თეორიულად, ერთსა და იმავე საკითხზე ადრესატებმა შეიძლება, უამრავი გზავნილი მიიღონ. ძნელი სათქმელია, რამდენად ეფექტური იქნება ასეთი განსაჯაროება.

სადავო არ არის, რომ ზოგადი განათლების სისტემის პრობლემათა ჩამონათვალში (რა პოზიციიდანაც არ მსჯელობდნენ), სასკოლო სახელმძღვანელოები პირველ ხუთეულში მაინც ხვდება.  სახელმძღვანელოებს აკრიტიკებენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, პროფესიული ასოციაციები, დამოუკიდებელი ექსპერტებიდა ასე შემდეგ.

ახლა, როცა საქმე საქმეზეა და სახელმძღვანელოების საკითხში, ფაქტობრივად, ,,ღია კარის“ პერიოდი დგას, EDU.ARIS.GE-სთვის მოულოდნელად, პროფესიონალთა შორის კონკრეტული კომენტარების მოპოვება ძნელდება და საუბარი, ძირითადად, რესურსების დეფიციტზე საუბრით შემოიფარგლა.

ნანა ციხისთავი, ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი: კოალიცია ,,განათლება ყველასათვის – საქართველო“ გეგმავდა პროფესიონალთა შეხვედრების ორგანიზებას რეგიონებში, ახალი სახელმძღვანელოების განხილვის მიზნით, მაგრამ ეს არ ხერხდება. მოგეხსენებათ, პროფესიული ასოციაციების რესურსი ძალიან შეზღუდულია და ამ სახელმძღვანელოების განხილვა კი დროს და ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიონალთა მონაწილეობის გარეშე კი ეს საჯაროობა ფსევდოსაჯაროობას ემსგავსება. შეფასება და რეკომენდაციების მიცემა ყველას ხომ არ შეუძლია?“

რეზო აფხაზავა, კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ : „ვგეგმავდით კოორდინირებულ შეხედრებს რეგიონებში, რათა ამ პროცესში საჯარო სექტორი, განსაკუთრებით, საგნობრივი პროფესიული გაერთიანებები უფრო ორგანიზებულად  ჩართულიყვნენ. საჭირო იყო მცირე ფინანსური მხარდაჭერა (ფაქტობრივად, ტრანსპორტირების ხარჯები), არსებობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სურვილიც, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს საგრანტო კონკურსის წესით დაეფინანსებინა ეს განხილვები. მაგრამ საგრანტო კონკურსის წესის დამტკიცება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გართულდა და დროში გაიწელა. შესაბამისად, ამ პროცესში ჩართვა ვეღარ მოესწრება. საერთოდ კარგია, რომ გაასაჯაროეს საკონკურსო სახელმძღვანელოები, მასწავლებლებმა პირადი ინიციატივით უნდა გამოხატონ მოსაზრებები. საბოლოოდ კომისია მოახდენს მათ შეფასებას. მართებულია, აღინიშნოს, რომ ავტორებს ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ. ორ-სამ თვეში ძნელია კარგი სახელმძღვანელოს შექმნა. ამიტომ ხარისხთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“…

მაკა ბიბილეიშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი აქვთ ,,მე და საზოგადოების“ სახელმძღვანელოების გადახედვა, მაგრამ ამას საკმაო დრო სჭირდება.

EDU.ARIS.GE-მ მიმართა სამეცნიერო წრეებს უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგიური ფაკულტეტებიდან. პასუხი აქაც ანალოგიურია, სურვილი და ინტერესი აქვთ, მაგრამ უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის პირობებში, დროის დიდ დეფიციტს უჩივიან.

EDU.ARIS.GE იტოვებს იმედს, რომ დათქმულ ვადამდე ექსპერტები მოიცლიან შეფასებებისა და რეკომენდაციებისათვის და გააქარწყლებენ ეჭვს, რომ უდროობა საბაბია იმისათვის, რომ  თავი აარიდონ კოლეგა-ავტორების (ბევრი მათგანი შეიძლება ამ ასოციაციების წევრიცაა) ნამუშევრების პირუთვნელ შეფასებას.

განხილვებში აქტიურობენ ქართველი საბავშვო მწერლები. მათი მოსაზრებები სოციალური ქსელით ვრცელდება. მწერალი მარიამ წიკლაური დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების აქტიურად განიხილავს და აღმოჩენილ ხარვეზებს ყოველდღიურად ასაჯაროებს; ,,მე არ ვარ განათლების სპეციალისტი, თუმცა მაქვს წიგნებზე მუშაობის საკმაო გამოცდილება, როგორც ავტორს, რედაქტორს და შემდგენელს. ჩემი შენიშვნები ნაწილობრივ მივაწოდე მითითებულ პორტალზე, მაგრამ ადამიანი დღეს ცოტა უნდობლად უყურებ მსგავს მექანიზმებს, ამიტომ სოცილურ ქსელსაც ვიყენებ. აშკარაა ინტერესი ამ სტატუსების, კომენტარების მიმართ, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, კიდევ უფრო ღია ყოფილიყო  განხილვის რეჟიმი.“

მწერალს ერთ-ერთ ტიპურ პრობლემად მიაჩნია ის, რომ სახელმძღვანელოები არ პასუხობს დროის მოთხოვნებს, ისინი წარსულიდან გველაპარაკებიან და არ, ან მცირედ ასახავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც გლობალური პრობლემებისადმი, წიგნიერებისადმი, უსაფრთხოებისადმი დამოკიდებულებაა. „ეს ნორმალურია? ასეთ თემებზე თუ არ არსებობს, ტექსტები, უნდა დააწერინონ მწერლებს. არ მითხრათ ეგ საკითხები სხვა საგნებშიაო…  ვერ დაგეთანხმებით.  ეს  ინტეგრირებულადაც უნდა ისწავლებოდეს და აუცილებლად უნდა იყოს ასახული ლიტერატურულ ტექსტებშიც!“

მარიამ წიკლაური ასევე ყურადღებას ამახვილებს უგემოვნოდ და ალოგიკურად შერჩეულ ტექსტებზე და კონკრეტული მაგალითები მოაქვს: ,,მეორე კლასის ერთერთ სახემძღვანელოში ვკითხულობთ:

,,მე ვარ მე და შენ ხარ შენ.

მე რომ ვამბობ, შენ ისმენ.

შენ რომ ამბობ, ჩუმად ვარ,

შენი გაგება მინდა.

წაიქცევი _ მე გიშველი,

ბურთს თუ ურტყამ, კარში ვდგები,

დამიჭერ, რომ გავიქცევი,

დამისტვენ _ წინ გავიჭრები,

პინგს ჩამაწვდი, პონგს დაგირტყამ,

რომ ვიმღერებ, _ დოლს დამიკრავ.

ამას მარტო ვერვინ იზამს,

ჩვენ ერთად მივაღწევთ მიზანს.

მე და შენ და შენ და მე _

დაიხსომეთ, ეს ვართ ჩვენ.“

თუ ამ ტექსტის მხატვრულ ან აღმზრდელობით  ღირებულებას ახსნის ვინმე, ყურადღებით მოვუსმენ. უამრავი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორები თავს არ იწუხებენ ტექსტების მოძიება-შერჩევით. მაგრამ ხომ არსებობს კომისია?“

მწერლები საავტორო უფლებების უხეშ დარღვევაზეც მიუთითებენ.

„გვხვდება თანამედროვე ავტორების ტექსტების დაუკითხავად გამოყენება,  ამ ტექსტების დაუკითხავად გადაკეთება, აზრობრივად შეცვლა და ა.შ.  წლებია ჩემი ლექსი „იყო და არა იყო რა“ წიგნში შეტანილია შეცდომით, ზოგან ავტორი საერთოდ არ არის მითითებული…“

მწერალი აღნიშნავს, რომ საკონკურსოდ წარდგენილი სახელმძღანელოების სიმრავლე, ერთი მხრივ,  კარგია (მეტი არჩევანის საშუალებაა), მაგრამ მეორე მხრივ, შემაშფოთებელია, რადგან უხარისხობის  უკან იკვეთება ზოგიერთი ავტორის პასუხისმგებლობის დეფიციტი.

თავად ავტორები, რომლებიც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ჯერჯერობით, ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, აღნიშნავენ, რომ მათთვის მიცემული 5 თვის ვადა, პრაქტიკულად, ძალიან შემჭიდროვებული დრო იყო სახელმძღვანელოს და მით უფრო, ხარისხიანი სახელმძღვანელოს მოსამზადებლად. თავს იჩენს მეორე საკითხიც, რაზეც ასევე სახელმძღვანელოების ავტორები მიუთითებენ: მწერლებთან თანამშრომლობა, ვიზუალური მხარის უზრუნველსაყოფად ფოტო მასალის, ნახატების, რუკების  და სხვა კომპონენტების მოძიება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, სახელმძღვანელოს ფასს კი კონკურსში სერიოზული „წონა“ ექნება,  ამიტომ ბევრი მათგანი ცდილობს გამოიყენოს უფასო  მასალა, თავი აარიდოს სხვადასხვა ავტორთან თანამშრომლობას და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტიც – დაარღვიოს საავტორო უფლებები.

ამის ფონზე, გამართლებას არა, მაგრამ ახსნას ექვემდებარება ის საკითხი, რომ სახელმძღვანელოებში, მაგალითად, „მე და საზოგადოებაში“ (შეიძლება, სხვაგანაც) ოჯახის თემის ვიზუალიზაციისთვის მეზობელ-ნათესავის მობილიზებით სამოყვარულოდ გადაღებული ფოტოებია, მეორეგან რუსულენოვანი სასაქონლო ნიშნებით გაფორმებული ,,Соль“ და  ,,Сода“–ს  ფოტო მოგჭრით თვალს და ასე შემდეგ.

ფასსა და ხარისხს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება არსებობს, მხოლოდ უპასუხისმგებლო სარეკლამო  სლოგანებში აწყვილებენ იაფს ხარისხიანთან და ეს წყვილი რეკლამაში იბადება და იქვე კვდება. გამონაკლისს, არც ისეთი პროდუქტი წარმოადგენს, როგორიც სასკოლო  სახელმძღვანელოა.

,,დამისტვენ, წინ გავიჭრებიო“, ლექსმა გვითხრა.

მნიშვნელოვანია, ისეთი სახელმძღვანელოები შეირჩეს, რომ  მოსწავლეებს წინ – ფუნქციური ცოდნისაკენ უბიძგოს და არა წინ – გაურკვევლობისკენ. სათქმელი ახლა უნდა ითქვას, სანამ სახელმძღვანელოებს გრიფი მიენიჭება.

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური