GE

“დაუშვებელია ნებისმიერი სასკოლო საგნის მიმართ ასეთი დისკრიმინაციული დამოკიდებულება”

სამართლის დოქტორი და პროფესორი გიორგი თუმანიშვილი, სოციალურ ქსელში დეპუტატ სოფო კილაძის ინიციატივას ეხმაურება და მას დისკრიმინაციულს უწოდებს.

“მე მეგონა, რომ უბრალოდ ფბ-ზე უტრირებული ინფორმაცია იყო. თურმე არა. ეს ინიციატივა და ასეთი სხვა ინიციატივები საზოგადოების ფართო ფენების მიერ ხმამაღლა უნდა იქნას დაგმობილი. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ადამიანი, ასეთი მსოფლმხედველობით არ იყოს იმ თანამდებობაზე, რომელიც აქვს დაკავებული. უნდა გამოუცხადოს უნდობლობა.

“დაუშვებელია ნებისმიერი სასკოლო საგნის მიმართ ასეთი დისკრიმინაციული დამოკიდებულება. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა საგანი, მათ შორის ფიზიკა და ა.შ. უნდა მოექცეს იგივე რეგულირების ქვეშ, რაც უბრალოდ სამასხარაოა, მეტი არაფერი.

„ხოლო რეალურად, ამ ცვლილებების გატარებით, ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო დამახინჯებულ საგანმანათლებლო პროგრამას, კიდევ უფრო დამახინჯებულ ღირებულებებს და კიდევ უფრო დამახინჯებულ მომავალს.

პარლამენტში „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს, ინიციატივის ავტორ სოფო კილაძის განაცხადებით, „სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა კონფესიებს ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ“.

„მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით საქართველოში ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო. და ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ, ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. რომელიმე მშობელს თუ  უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ასეთი ფორმით მიწოდება არ უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაპირისპირება, არ გამოიწვიოს მღელვარება ზოგჯერ სამართლიანი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფორმულირება ჩავსვათ და შემოვიტანოთ ასეთი ვალდებულება. სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა კონფესიებს ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით”, – თქვა კილაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური