GE

გურამიშვილის „დავითიანი” შემხვდა და ლორთქიფანიძის „ამაყი” – ქართულის გამოცდიდან გამოსული პირველი აბიტურიენტები

ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესიიდან პირველი აბიტურიენტები გამოვიდნენ.

103-ე საჯარო სკოლასთან, გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა EDU.ARIS.GE-ს გაუზიარა ის თემები, რომელიც პირველ სესიაზე იყო და რაც დაამახსოვრდა:

“დავითიანი” შემხვდა და ლორთქიფანიძის “ამაყი”. თემა იყო, “აქვს თუ არა ბრძოლას აზრი თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული”, – გვითხრა ნიკოლოზ რობაქიძემ.

აბიტურიენტი ამბობს, რომ სჯერა თავისი თავის და ფიქრობს, რომ ჩააბარებს.

175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი კი ამბობს, რომ ღია კითხვები იყო, გურამიშვილის “დავითიანიდან” და ესე სიკეთესა და ბოროტებაზე.

“პროგრამულიდან ღია კითხვები იყო დავით გურამიშვილის დავითიანიდან, რედაქტირება გამიჭირდა. მგონი, იმაზე მეტი შეცდომა ვიპოვნე, ვიდრე ტესტი მთხოვდა. რაც შეეხება ესეს, სიკეთესა და ბოროტებაზე ვწერე, უნდა შეგვედარებინა არგუმენტებით, არც ისე რთული იყო, თუმცა ვნერვიულობ”, – გვითხრა ცენტრიდან გამოსულმა პირველმა აბიტურიენტმა.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელიც გამოცდიდან უკვე გამოვიდა, ტესტს მარტივად აფასებს: “ადვილები იყო მართლა, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე წინა ტესტებში. მე ესეზე თავიდან დავიბენი. არაპროგრამულიდან იყო ნიკო ლორთქიფანიძის “ამაყი”, პროგრამულიდან გურამიშვილის “დავითიანი” ჯამში კმაყოფილი ვარ, პირველკლასელიც დაწერდა”.

4 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დღეს დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.

2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადეს თამარ შუკვანმა და მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური