GE

DevOps-ის სამაგისტრო პროგრამა BTU-ში, მსხვილი ტექნოლოგიური ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელდება

ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps ყველაზე მოთხოვნადი სამაგისტრო პროგრამაა მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში კი მას მხოლოდ BTU ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნისა და აქტუალური უნარების მქონე საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი. კურსდამთავრებული შეძლებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენებას, სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და ცვლილებების მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე – კომპანიის IT-ის სტრუქტურის შექმნასა და მართვას, მომხმარებელთა მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ამაღლებას, არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციას, სხვადასხვა პროცესების დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას, აგრეთვე, ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების ინიცირებასა და დანერგვას.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან ტექნოლოგიების სექტორში არსებული მსხვილი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტი, პროფესორები საერთაშორისო გამოცდილებით და მოწვეული ლექტორები კომპანიების DevOps დეპარტამენტებიდან.

„DevOps არის ორი მიმართულების კომბინაცია: Developers და Operations – რაც ნიშნავს იმას, რომ DevOps-ის როლი გაცილებით უფრო ბევრის მომცველია, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე მიმართულება.

გლობალურ ბაზარზე, ისევე როგორც ლოკალურად საქართველოში, ამ მხრივ DevOps-ის ინჟინრებზე მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე კვალიფიკაციური კადრების რაოდენობა.

BTU-ს სამაგისტრო კურსის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მისცეს საშუალება სტუდენტებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. ჰქონდეთ შეხება ყველა იმ წამყვან ტექნოლოგიებთან, რასაც იყენებენ Google, Facebook, Netflix და სხვა დიდი ტექ კომპანიები. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ საშუალება ეძებონ დამსაქმებლები არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”, – ამბობს ვაჟა ფირცხალაიშვილი, BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, DevOps გაყოფილების ხელმძღვანელი საქართველოს ბანკში, DevOpsGeorgia-ს თანადამფუძნებელი.

“DevOps ინჟინერის როლი არის სრულიად ახალი განშტოება აიტი სამყაროში, იმდენად, რამდენადაც DevOps-ის როლია გაუმკლავდეს გამოწვევებს, უზრუნველყოს პროცესების ავტომატიზაცია, მართოს IT ოპერაციები და შექმნას ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც ერთიანობაში ქმნის კარგ პროდუქტსა და სრულყოფილ სერვისს. აქედან გადმომდინარე, DevOps ინჟინერის მოძებნა ამ დროს ბაზარზე, საკმაოდ რთულია, რადგან ყველა წარმატებული კომპანია ხედავს, თუ რა უპირატესობას იღებენ, როცა იწყებენ DevOps მეთოდოლოგიის დანერგვას თავიანთ საქმიანობაში, ასევე უკვე არსებობს ბევრი წარმატებული ქეისი იმ კომანიებისა, რომლებმაც განახორციელეს DevOps ტრანსფორმაცია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი DevOps ინჟინრის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, ზუსტად დაფაროს ის მოთხოვნები, რაც სჭირდება მომავალ DevOps ინჟინერს იმისათვის, რომ ჰქონდეს წარმატებული კარიერა“ – განმარტავს გიორგი კერატიშვილი, BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps სამაგისტრო პროგრამის ლექტორი, უფროსი სისტემური ინჟინერი EPAM-ში.

DevOps-ს იყენებენ ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა: Amazon, Netflix, Adobe, Sony Pictures, Target, Walmart, Facebook, Etsy, Nordstrom, Fidelity Worldwide Investment. სწორედ ამიტომ არის მისი ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე დანერგვა მეტად მნიშვნელოვანი.

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას წამყვან საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპანიებში, ფინანსურ დაწესებულებებში, საბანკო და სადაზღვევო სექტორში, სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო კომპანიებში, კომპიუტერული და ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების კომპანიებსა და ასევე ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდება მონაცემთა ცენტრალიზებული დამუშავება. გარდა ამისა, პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ სამართალდამცავ სტრუქტურებში, საჯარისო ნაწილებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრებში, უშიშროების, დაზვერვისა და სხვა სპეც. სამსახურებში. პროგრამა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც DevOps-ის სპეციალისტები, გარდა ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებისა, პასუხისმგებელნი არიან ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მზარდ მიმართულებას. DevOps-ის ინჟინრები ქმნიან და მართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრუქტურას და უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მხარდაჭერას. კომპანიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მათ შეუძლიათ თანამშრომლობა უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ჯგუფებთან.

ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

  1. საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  2. ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
  3. გამოცდა სპეციალობაში.

პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეგისტარციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური