„დიდოსტატის მარჯვენის ფაბულა“ – აბიტურიენტის საკითხავი (განხილვა)
ავტორი ნოდარ გრიგალაშვილი: ფილოლოგი, მწერალი, პოლიტიკოსი
ნაწილი I
წიგნი, რომელზედაც ვიწყებთ საუბარს, ნახევარ საუკუნეზე მეტია ჩვენი სულიერი ნათესაობის მყარ ხიდადაა გადებული.
“დიდოსტატის მარჯვენის” დაწერიდან (1939. წ) დღემდე, ვინ იცის, რამდენ მკითხველს დასთენებია შორენასა და არსაკიძის გაუხარელი სიყვარულისა და ადრე შეწყვეტილი სიცოცხლის გამო გულშეძრულს.
რამდენი თანალმობი ჰყოლია მეფეთმეფე გიორგი პირველის სულიერ ტანჯვას თუ ტიტანურ ძალისხმევას მამულისათვის.
ანთებულან ზვიად ერისთავის სიმტკიცით და მოხიბლულან გირშელის ძალგულოვნებითა თუ ალალმართლობით.
რამდენს ასწეწია სული თავკერძა ქართველების მიერ მოძმის მოსაკვდინებლად აკვნესებულ ხმალთა ექოთი.
„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ ძველი საქართველოსა და ძლიერი ვნებებით ატანილი ქართველების მონატრებაა. ეს წიგნი მომდევნო თაობებსაც ასევე წარმატებით შეაბრუნებინებს მზერას ჩვენი შორეული წარსულისაკენ, რათა გაახსენოს ვინ არიან, ვისი გორისანი, ვისი ძვლებით გაპოხიერებულ მიწაზე დააბიჯებენ. ვისი ტანჯული სულია დავანებული იმ ეკლესია-მონასტრებში, სადაც პირჯვრის გადასაწერად უნდა შეიარონ…
არაფერია უფრო ლირიკული თაობათა გადაძახილში, ვიდრე ის, როცა ღრმად მოხუცებული იდუმალი უჭვრეტს ახლადშეღერებულ შვილთაშვილს, რომელიც სწორედ ისეთივე ანთებული თვალებით ჩაჰკირკიტებს წიგნს, იმავე ვნებებით შეპყრობილი გადასახლებულა მწერლის მიერ შექმნილ ახალ სამყაროში, როგორც ეს ამ უკანასკნელს განუცდია მის ასაკში, იმავე წიგნის კითხვისას, ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ.
წორედ ეს არის მწერლის უკვდავება.
სხვა ყველაფერი, მის სახელთან დაკავშირებული, დროებითია და წარმავალი…
პროლოგი და ბოლოთქმა ანუ “დიდოსტარის მარჯვენის” დაწერის დრო
ორიოდე სიტყვა სწორედ დროებითსა და წარმავალზე.
ნაწარმოებს უძღვის პროლოგი და ერთვის ბოლოთქმა. როგორც წესი, ლიტერატურაში პროლოგსა და ეპილოგის განსაზღვრული დატვირთვა აქვს. შუა საუკუნეების მწერლობაში, ერთსაცა და მეორესაც მკაცრი ეტიკეტი განსაზღვრავდა. პროლოგი – შემოქმედის პოეტიკის განსაზღვრის, მისი მრწამსის გადმოცემის, ნაწარმოების ადრესატისადმი მიძღვნის ფუნქციას ასრულებდა. ეპილოგი კი აგვირგვინებდა თხზულების რაობას.
შემდგომ ეს ეტიკეტი დაირღვა, მაგრამ პროლოგსა და ეპილოგს თუკი მაინც მიმართავდა მწერალი, მიმართავდა ისევ მხატვრული ამოცანის უკეთ გააზრებიდან გამომდინარე.
კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენას“ ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში, ბოლშევიკურ-ტირანულ ეპოქაში წერდა. ამ დროისათვის, ისე როგორც ყველაფერმა ღირებულმა, ამ უწყინარმა ლიტერატურულმა ცნებებმაც, პროლოგმა და ეპილოგმა თავისი ფუნქციის საწინააღმდეგო, ანუ კარიკატურული შინაარსი შეიძინა.
თვალსაჩინოებისათვის ორიოდე მაგალითი გავიხსენოთ.
თუ ადრე მატეო ფალკონემ შვილს უცხო და უცნობი ადამიანების დაბეზღებისათვის ტყვია ესროლა, ახალ დროში პავლიკ მოროზოვი საკუთარი მამის გაცემისათვის გმირად მოინათლა მთელს საბჭოეთში.
ოთარაანთ ქვრივის გიორგის თუ ადრე თავადის ქალის სიყვარული მამაკაცურ ვნებად ეთვლებოდა, ახალ დროში მდიდრის ქალიშვილზე შეყვარებული ბოგანო, მაშინ ჩაითვლებოდა ნამდვილ მამაკაცად, თუ თავის საყვარელს ჭიტლაყს ამოჰკრავდა და ასე დათრგუნავდა სენტიმენტალურ გრძნობას ახალ ადამიანად „მოქცეული“.
ერთი სიტყვით, არ გაგიკვირდეთ, თუ იმ უცნაურ ხანაში უწყინარმა პროლოგ-ეპილოგმაც მათთვის გაუგონარი მისია იტვირთეს. კერძოდ მწერლებმა მათ მხატვრული ამოცანის გაშიფვრის ნაცვლად, იძულებით, მხატვრული ამოცანის გაბუნდოვანება ან, უბრალოდ, თავის მართლების მისია დააკისრეს.
არათუ მწერლობაში, ასე იყო ხელოვნების ყველა დარგში. ასე იყო მეცნიერებაშიც, ყოველგვარი შესავალი ძაღლისთვის მისაგდები ლუკმის როლს ასრულებდა, რათა მშვიდობიანად, ბარკლის გამოგლეჯის გარეშე გაგევლო..
მკვლევარს კომბოსტოს ჩითილების ახალი ჯიშის გამოყვანის მეთოდი რომ აღეწერა, შესავალში აუცილებლად მარქსი, ენგელსი, ლენინი ან სტალინი, ანდა ყველა ერთად უნდა ექო, როგორც დიდი მეკომბოსტოეები…
ახლა წარმოიდგინეთ მწერალი, რომელიც დიდი საქართველოს მონატრებაზე და ნაციონალური გმირების ფართო გალერეაზე რომანის დაწერას განიზრახავდა იმ დროში, როცა წარსულისაკენ გახედვა მხოლოდ ამ წარსულის ლანძღვა-გინებისათვის შეიძლებოდა.
„დიდოსტატის მარჯვენა” არა მხოლოდ მხატვრული შედევრია, არამედ იმ დროისათვის მისი შექმნა მოქალაქეობრივი გაბედულების ნიმუშიც იყო.
პროლოგში არის აბზაცი, რომელიც ავგაროზივით მოიშველია მწერალმა, ეპოქის ავთვალთათვის რომ აერიდებინა თავიცა და საკუთარი რომანიც.
სვეტიცხოვლის ტალანებში ჩრდილივით მორიალე თეთრწვერა ექვთიმე ასე ეუბნება მწერალს: „საუკუნე აწვიმდა ტაძარს, ახალ დროშიაც კაცს არ მოჰგონებია მისი შეკეთება, მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებამ, ვენაცვალე მას, გადაახურვინა იგი წრეულს და გალავნის ქონგურები შეაკეთეს”.
ვინც იმ ეპოქას (ტაძართა ნგრევის ხანას) და კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფიას კარგად იცნობს, შეუძლებელია ამ სტრიქონებმა და განსაკუთრებით ძალით მოთრეულმა ჩართულმა ფრაზამ „ევნაცვალე მას“ ღიმი არ მოჰგვაროს..
დაისტამბა რომანი, მართლმადიდებლური ბიზანტიისადმი (იგულისხმეთ მართლმადიდებლური რუსეთისადმი) წინააღმდეგობის სულით გაჟღენთილი და როგორც მოსალოდნელი იყო, ფხიზელ თვალს არ გამოჰპარვია ქვეტექსტები. შესაბამისი იყო დაქირავებული კრიტიკის რეაქციაც და მწერალი იძულებული გახდა მეორე გამოცემისათვის ბოლოთქმა ანუ თავის მართლება დაერთო. „ფარსმანის სოფისტურმა პარადოქსებმა საბაბი მისცა ზოგიერთს, ჩემთვის დაებრალებინა, თითქოს საბჭოურ სინამდვილეში მეკისროს სახელმწიფოს შეკვეთის უარყოფა საერთოდ, უთუოდ სასაცილოა ამგვარი მტკიცება“.
ბოლოთქმაში მწერალს უხდება მტკიცება იმისა, რომ რომანის მთავარი გმირი ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძეა და არა მეფე გიორგი, ვინაიდან მონარქის მთავარ გმირად გამოყვანა, მით უფრო იმ სახით, როგორადაც მან გიორგი მეფე წარმოგვიდგინა „უშიშარი ვითარცა უხორცო“, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, – ასეეე ფარსაგი საქმე იყო.
სხვათა შორის, მწერლისეული განმარტებების იძულებითი ხასიათი არ გაითვალისწინეს ჩვენი დროის ფილოლოგებმა და დღემდე დარიჩა საკამათო თემად საკითხი, თუ ვინ არის „დიდოსტატის მარჯვენის“ მთავარი გმირი – კონსტანტინე არსაკიძე თუ გიორგი მეფე, თითქოს გმირების გალერეაში იერარქიის დადგენას სპორტული ჯილდო ახლდეს.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლოთქმაში მწერლისეული მსჯელობა ბიზანტიური იმპერიალიზმის შესახებ: „ნაციონალური ბიზანტიის ოდესღაც მოძულე, ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდი, რომ ბიზანტია იყო არსებითად ნამდვილი ფორპოსტი დასავლური დიდი ცივილიზაციისა“.
„თუმცა ქართველები და სომხები ცალკეულ პერიოდში ებრძოდნენ კიდევაც ბიზანტიურ იმპერიალიზმს, განსაკუთრებით მაკედონური დინასტიის პერიოდებში. იგივე ბიზანტია იყო ოდესღაც დიდი ასპარეზი ამ ორი ერის საუკეთესო შვილთა პოლიტიკური, კულტურული და სტრატეგიული უნარის გამოსაჩენი, რამდენადაც ბიზანტიის იმპერია მარტოოდენ ბერძენთა ტალანტის მეოხებით წარმომდგარი სახელმწიფო არა ყოფილა”.
აქ არაფერი წერია უმართებულო, მაგრამ თუ „დიდოსტატის მარჯვენის“ მთელ რიგ პასაჟებს გავიხსენებთ, განსაკუთრებით მონოლოგს მეფისა – „ქურდები არიან ბიზანტიელები“… საეჭვო ხდება, რისთვის დასჭირდა ბოლოთქმაში მწერალს ვრცელი ექსკურსი ბიზანტიის ისტორიიდან, რომელიც ამ მიმართებით, გინდა არ გინდა, არაფრით არ ასხამს წყალს რომანის ძირითად პათოსზე.
საქმე ის არის, რომ მთავარი და ყველაზე საშიში ბრალდება, რაც ამ რომანთან დაკავშირებით შეიძლებოდა წამოეყენებინათ, სწორედ რომანის ანტიბიზანტიური, ანტიიმპერიალისტური პასაჟები იყო.
ბოლოთქმაც ავი თვალისაგან დამცავ ერთ ავგაროზად მოფიქრებული მონაკვეთი გახლავთ „დიდოსტატის მარჯვენის“ შექმნის ისტორიიდან.
აქ კი მწერალმა დაასწრო და სხვა ბრალდებათაგან განსხვავებით წინასწარ გასცა პასუხი დაქირავებულ ლიტერატურულ კარის მსახურებს. თუმცა, მართალი რომ თქვას კაცმა, ანტიიმპერიალისტური ბრალდეაბა მისთვის „დიდოსტატის მარჯვენასთან” დაკავშირებით არავის წამოუყენებია და ალბათ არც იყო მოსალოდნელი ვინმესგან მისი წერილობით დაფიქსირება.
ანალოგიის ძებნა მართლმორწმუნე ბიზანტიასა და წითელ რუსეთს შორის ბრალმდებლისთვისაც საშიში იყო, მით უფრო, ამ ანალოგიით ლოგიკურად გამოიძებნებოდა ძაღლთაპირი კეისრის, „ბულგართმმუსვრელი“ ბასილის პროტოტიპიც.
ის კომიკური სურათი შეიქმნებოდა, ერთი საბჭოური ანეკდოტით რომაა გადმოცემული.
სტალინს შეხედავს ერთი ქვეშევრდომი და გულში გაიფიქრებს – ღორი!
მეორე ფხიზლადმყოფი ქვეშევრდომი მის გულისფიქრს ამოიკითხავს და ეუბნება:
– ვისი მისამართით გაიფიქრეთ სიტყვა – ღორი?
– რა თქმა უნდა, ჰიტლერის მისამართით – წამოიკნავლა მხილებულმა…
– აი, ამხანაგი პეტრე ამბობს, რომ ღორი ჰიტლერია, თქვენ ვისი მისამართით გეგონათ, ამხანაგო პავლე? – ეკითხება სტალინი „ფხიზელ“ ქვეშევრდომს.
ერთი სიტყვით, რა გარანტია ჰქონდა რომელიმე წითელ კრიტიკოსს, რომ კონსტანტინე გამსახურდია არ ჰკითხავდა, მე ბიზანტიის იმპერიაში და ძაღლთაპირ ბასილი კეისარში ბიზანტიის იმპერიასა და ძაღლთაპირ ბასილს ეგულისხმობ, თქვენ ვის გულისხმობთ, ამხანაგო ბასა?
ცხადია, რომანის პროლოგსა და ბოლოთქმაში მწერლის მხატვრული კონცეფციის შესახებაც საყურადღებო დეტალებს ამოვიკითხავთ. ვთქვათ მისი დამოკიდებულება არქაიზმების შესახებ, მწერლობის როლის, თხზულების ფაბულისა გამო, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, მაგრამ ზემოთქმულის გათვალისწინებაც გვმართებს, როცა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ პროლოგსა და ბოლოთქმას წავიკითხავთ, ანუ უნდა ამოვიდეთ იმ „ეპოქის ქერქიდან“, როცა რომანი იწერებოდა.
დიდოსტატის მარჯვენის ფაბულა
„სვეტიცხოვლის ჩრდილოის კედელზე ერთი წარწერაა და ქანდაკი ორი კაცისა. შენის თვალისა და მარჯვენის საქმე იქნება ეს, თუ როგორ ამოიკითხავ ცხრა საუკუნის მანძილზე ქვაში ჩაკირულ საიდუმლოს, დღემდის შეუცნობს“ – ეუბნება მოხუცი ექვთიმე შებინდებისას სტუმრად წვეულ მწერალს.
არ აქვს მიშვნელობა, ეს დიალოგი სინამდვილეში მოხდა თუ მწერლის ფანტაზიის ნაყოფია. მთავარი ის გახლავთ, რომ იმ საოცრად ცოცხალ სიუჟეტებს, იმ თითქოსდა ეჭვმიუტანელ ისტორიას, მწერალმა რომ შემოგვთავაზა, საფუძვლად დაედო ტაძრის ფასადზე ნაქანდაკევი მარჯვენის სურათი, რომელსაც გონიო უპყრია ხელთ და აქვს წარწერა: „ხელი მონისა არსაკიძისაი, რათა შეუნდოთ”, ამასთან სვეტიცხოვლის ამშენებლის შესახებ შემორჩენილი ლეგენდა: –
„ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია.
დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს.
რატომ კარგი აგიგია”
სულ ეს არის, რაც ისტორიის მეხსიერებას შემორჩენოდა სვეტიცხოვლის ხელთუქმნელი ტაძრის ამშენებელზე, რომლის სახება ცხრა საუკუნის შემდეგ სიტყვის მაგიით გააცოცხლა მწერალმა, როგორც უკვდავების ბალახით ყამარმა ამირანი.
ახლა რომანში აღწერილი სისხლსავსე და ფათერაკიანი ცხოვრება წარმოიდგინეთ გიორგი მეფისა.
გული დაგწყდებათ, როცა შეიტყობთ, რომ სინამდვილეში გიორგი პირველის შესახებ „მატიანე ქართლისა“ მხოლოდ ორიოდე ფურცელზე მოგვითხრობს.
ჩვენი ერის წარსულის განმჩხრეკელი არ შეიძლება არ შეწუხდეს იმ აურაცხელი “უსახელო უფლისციხელის“ ბედის გამო, რომელთაგან თითოეულის ცხოვრებაზე უკვდავი საგა შეიქმნებოდა და მათი სახელებიც კი არ შემორჩა ისტორიას.
მართალია ილიას თქმისა არ იყოს, „მატიანე ქართლისა“ სინამდვილეში მეფეთა მატიანეა, მაგრამ პირობითად რომ ვთქვათ, უსახელო უფლისციხელები ჩვენ მეფეთა შორისაც გვყავს. აქ არ ვსაუბრობ იმგვარ მეფეებზე, რომელთა ცხოვრების აღწერაში ღირშესანიშნავს ვერაფერს ხედავს მემატიანე და ვთქვათ, ასეთი ანეკდოტური ფრაზით უვლის მათ გვერდს – “დაჯდა ბაკურ და მოკვდა ბაკურ“. აქ ის მეფეები იგულისხმებიან, რომელთა შესახებ ჩვენამდე მოღწეული მცირე ჩანაწერებიც გვაგრძნობინებს, რა მონუმენტური ფიგურები გაუმეტებია ისტორიას დავიწყების მორევისათვის.
“არა დიდ იყო აქილევსი, დიდსა მიემთხვია მაქებელსა”-ო. ქართველი მემატიანის ეს სიტყვები არა მხოლოდ ჰომეროსის წინაშე თავმოდრეკის გამოხატულებაა, არამედ იმის დასტურიც გახლავთ, რომ ჩვენი მეისტორიენი ობიექტური თუ სუბიექტური ზეზების გამო, ვალში არიან ამ ისტორიის შემქმნელ მრავალ გმირთან.
ერთი ასეთი გმირთაგანი გახლდათ „მეორმოცდათორმეტე მეფე გიორგი, ძე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა, ბაგრატოანი“, რომელსაც მემატიანე ასე ახასიათებს: „ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ, ვითარცა უხორცო“.
უცნობი ავტორი რამდენიმე ფრაზით აღწერს გიორგი მეფის ბრძოლებს ბასილი კეისრის წინააღმდეგ და სულმოკლე ქართველთა ღალატის ამბავს, – შემდეგ გვაუწყებს მის გარდაცვალებას. გვაუწყებს, ისე, რომ სინანული შეგვიპყრობს ამ დიდებული მეფის შესახებ აქ თქმულის გარდა რომ არაფერი მოიძიება ფოლიანტებში:
„გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, რომელ არავინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქველითა, ტანითა და სახითა, ცნობითა და სავსე ყოვლითა განგებითა სახელმწიფოთა, ქრონიკონსა ორას ორმოცდა შვიდსა, თვესა აგვისტოსა თექვსმეტსა, ქვეყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი გინა იწრონი და დაუტევა გლოვა და მწუხარება ყოველთა მკვიდრთა მამულისა და სამეფოსა მისისათა. იგლოვდეს ყოველნი სიკეთისა და სიჭაბუკისა და ახოვანებისა მისისათვის. წარიყვნეს და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა“.
ეს არის და ეს, რაც ხელთ ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიას როგორც სვეტიცხოვლის ამშენებლის, ისე იმდროინდელი საქართველოს მეფის შესახებ.
ამ ორი, ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი მწირი ინფორმაციით მწერლის ფანტაზია ქმნის ფაბულას – ხუროთმოძღვარი აშენებს სვეტიცხოველს. დიდი შემოქმედი საკუთარი ღირსების შეგრძნებით თავს მეფესაც უტოლებს, რაკი ნებაყოფლობით არ ამბობს უარს სატრფოზე, რომელიც იმავდროულად მეფესაც შეყვარებია სიცოცხლეზე მეტად. ამ მიზეზით და სვეტიცხოვლის ცუდად აშენების საბაბით, მეფის ბრძანებით მკლავს ჭრიან ოსტატს.
ასე გამოინაკვთა სქელტანიანი წიგნის სქემატური ფაბულა, რომლის სიუჟეტური ხორცშესხმით კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ბრწყინვალე საგმირო-სატრფიალო რომანი, რომლის ფორმამ – მშვენიერმა და ესთეტიური სიამოვნების მომნიჭებელმა, ერთი შეხედვით ისტორიულ-სათავგადასავლო ჟანრმა, ოსტატურად შეიფარა ისეთი მწვავე თანადროული იდეები, რომ ამ რომანის საბჭოთა სკოლაში სწავლება საბჭოთა იდეოლოგიის მიერ უვიცობაზე შობილი პარადოქსების კიდევ ერთ გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს.
(განა პარადოქსი არ იყო თუნდაც ის ფაქტი, რომ მეფის რუსეთს ხალხთა საპყრობილეს უწოდებდნენ, თავად კი მეფის რუსეთზე შორს გადასწიეს გავლენის სფეროები და დღენიადაგ ტრაბახობდნენ, რომ მათი ჩექმის კვალი დედამიწის ერთ მეექვსედზე იყო აღბეჭდილი…)
მწვავე თანადროული იდეები „დიდოსტატის მარჯვენაში“ დაკვირვებული თვალისათვის ძნელი ამოსაკითხი არ არის.
დავიწყოთ თუნდაც მწერლობის რაობის განსაზღვრით.
ასევე იხილეთ:
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი