„პედაგოგიკა მეცნიერებაა და ვისაც არ ესმის მისი ამოცანები, ამით მხოლოდ საკუთარ გაუნათლებლობას ავლენს“
ავტორი: დავით წამალაშვილი, განათლების აკადემიური დოქტორი, პედაგოგი, თსუ-ის ლექტორი
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ამოქმედებული “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” პრინციპის შესაბამისად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რჩება – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
„წერას იქედან დავიწყებ, რომ გაუნათლებლობა ყველა ბოროტების სათავეა…
ახლა განათლებაზე გადავალ. გასაკვირად, მავანთ ჰგონიათ, რომ მასწავლებლის მომზადების პროგრამა – ესაა პედაგოგიკა. სცდებით და სცდებით… პედაგოგიკა არის მეცნიერება, რომელიც ფილოსოფიიდან ამოიზარდა და აგერ უკვე რამდენიმე საუკუნეა ვითარდება ცალკე შტოდ და ვისთვისაც ეს მეცნიერება მიუღებელია, პატივს არ სცემს, სხვა მეცნიერებაზე ნაკლები ჰგონია, ან არ ესმის ამ მეცნიერების ამოცანები, ამით მხოლოდ საკუთარ გაუნათლებლობას ავლენს და თავიდანვე განწირულია დასაცინად (ვგულისხმობ მოღლიცინე ერისკაცებსა და ზემოდან ქვემაყურებელ “ყოვლისმცოდნეებს”). პედაგოგიკის, როგორც მეცნიერების შესწავლის მსურველთ წინ დიიიდი განცვიფრება გელით, რა თქმა უნდა, თუ დაინტერესდებით. პედაგოგიკას ცხადია გააჩნია ბევრი მიმართულება, მისი ერთ-ერთი მიმართულებაა დიდაქტიკა, თვითონ დიდაქტიკას კი გააჩნია უამრავი ქვემიმართულება და მათგან ერთ-ერთია კონკრეტული საგნის სწავლების მეთოდიკა.
რაც შეეხება მასწავლებლობას, როგორც პროფესიას, ეს პედაგოგიკის კიდევ ცალკე მიმართულებაა. მეტს აღარ დავწერ, დაახლოებით მაინც რომ გავერკვეთ, ორი სიტყვაც საკმარისია – პედაგოგიკა მეცნიერებაა!!!
ახლა გადავიდეთ იმაზე, რაც პედაგოგიკა გგონიათ და სინამდვილეში მისი ერთი პატარა ნაწილია, ესაა საგნის მასწავლებლობა…
ძალიან მოკლედ მოვყვები, მაგალითად თსუ-ში მათემატიკის მასწავლებელი რა მიმართულებით ვითარდება, რა კურსებს გადის… ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, როგორც მეცნიერება და მისი ცალკე ქვემიმართულებებით. აკადემიური წერა, უცხოური ენა, განათლების ისტორია, ზოგადი განათლების სამართლებრივი საფუძვლები, პედაგოგიური კვლევის მეთოდები, განვითარების ფსიქოლოგია, ინკლუზიური განათლება (ძალიან ჩაშლილად ცალკე საგნებად და სპეცკურსებად), მოსწავლის ქცევის მართვა, სასკოლო გარემო და მოსწავლის ჯანმრთელობა, ინტერკულტურა, სამოქალაქო განათლება, სასწავლო რესურსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება, მათემატიკური დისციპლინები (ცალ-ცალკე) თავისი სწავლების კერძო მეთოდიკებით, მათემატიკის სწავლების ზოგადი მეთოდიკა, სპეცკურსები, პედაგოგის პროფესიული ხელოვნება, ბავშვთა უფლებები, სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მართვა, მედიაწიგნიერება, კულტურის საკითხები, ციფრული ტექნოლოგიები, სასკოლო პრაქტიკა და ბოლოს დაგვირგვინებული სამაგისტრო ნაშრომი.
აღარ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, რომ კონკრეტულად დაწყებითი კლასების მასწავლებლები ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველების და საზოგადოებრივი მეცნიერებების კიდევ რამდენ დისციპლინას ეუფლებიან.
ეს არის ის პატარა ჩამონათვალი, რაც შეეძლო ერთ პოსტს აეტანა, სხვა დისციპლინებს აღარ ჩამოვწერ და შინაარსში მით უმეტეს არ/ვერ შევალ. რაც ჩამოვთვალე ეს დისციპლინები მხოლოდ ერთ სპეციალობაზე რაც ისწავლება ისაა, აღარ დავიწყებ პედაგოგიკის (და არა პედაგოგიურის) სხვა სპეციალობების დახასიათებას…
ახლა იმაზე, თუ რატომ ვწერე ამდენი:
1. მეცნიერებას სჭირდება განვითარება, განვითარებას სჭირდება კათედრა, კათედრას სჭირდება მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმიანობით და ლექციის მიღმა შრომით ავითარებენ ამ მეცნიერებას.
2. შეგახსენებთ, თსუ-ის სამეცნიერო ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს ევალება სამეცნიერო მუშაობა და კვლევა-ძიება… საერთაშორისო კონფერენეციები, სტატიები, ვორქშოფები, სემინარები…
3. ერთ მეთოდიკურ ნაშრომს მაინც თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რამდენი ფიქრი დევს მასში.
4. თუ კათედრაზე არავინ დარჩა, ეს აღარ განხორციელდება.
5. თუ კათედრაზე ვინმე მაინც შემორჩება, მას აუცილებლად სჭირდება სტუდენტი, რათა ეს ცოდნა მუდმივად გადაეცეს თაობიდან თაობას.
6. პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მასწავლებელთა განათლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომლითაც ვემსახურებით მთელს უნივერსიტეტს, არსებობს თსუ-ში და შესაბამისად, სტუდენტი სჭირდება თსუ-ს ამ კათედრებს. შეუძლებელია კათედრა არსებობდეს ინსტიტუციაში და სტუდენტს არ იღებდეს. 100 წელზე მეტი ხნის შრომა, რომელიც თსუ-ის კედლებში შემუშავდა და პრაქტიკაში განხორციელდა, ჩაიყრება წყალში. სტატიკური ცოდნა კი არ არსებობს.
არადა, ივანე ჯავახიშვილმა პირველი ის გააკეთა, რომ დიმიტრი უზნაძეს დაავალა სასწრაფოდ ჩასდგომოდა სათავეში პედაგოგიკას. არ დაგიმალავთ, მისი მრგვალი მაგიდა ისევ თსუ-ში დგას და კათედრის სხდომები ზუსტად მის მაგიდასთან იმართება ისევ…
და რადგან მაინც მომიწია მასწავლებლობაზე საუბარი, ისევ ღლიცინა მასწავლებლებს მიემართება ეს ებრაული სიბრძნე: “მასწავლებელი ის კი არ არის ვინც ასწავლის, მასწავლებელი ისაა ვისგანაც სწავლობენ”.
P.S. კიდევ ჩვენს ძალიან კარგ და საყვარელ სტუდენტებზე მინდოდა დამეწერა, რომელთაც უკვე მოიცვეს საქართველოს ძალიან ბევრი სკოლა, თუ სხვა სასწავლო დაწესებულება და საუკეთესო პრაქტიკის მქონენი არიან, პიროვნულ თვისებებზე რომ არაფერი ვთქვათ“.
ასევე იხილეთ:
„საერთოდ ქრება მომავალი დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესია, თუ როგორ ვართ? სად ვართ?“
-
„როგორ გადავაქციე მათემატიკა ცოცხალ კვლევად“ – AI და პროექტზე დაფუძნებული სწავლება XI კლასში
by განათლებული ბლოგი
-
რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში რა სპეციალობებზე გამოცხადდება მიღება 2026 წელს – ჩამონათვალი დამტკიცებულია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ვინ როდის მიიღებს ატესტატს – რა უნდა იცოდეს მოსწავლემ მას შემდეგ, რაც სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა შეიცვალა
by ARIS.GE-განათლება