GE

„დიპლომატიის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“ – CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „დიპლომატიის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“.

ლექციას დიპლომატი, მკვლევარი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში, კახი ქენქაძე უძღვებოდა.

სპიკერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრა, განიხილა დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის სპეციფიკა და ის უნარ-ჩვევები, რაც წარმატებული დიპლომატისთვისაა აუცილებელი, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

„დიპლომატიის მთავარი როლი საერთაშორისო პოლიტიკაში არის შუამავლობა. დიპლომატი არის მომლაპარაკებელი, რომელიც გზავნილების გაცვლისთვის ორ მხარეს, სახელმწიფოსა თუ გარკვეულ სტრუქტურებს ერთმანეთთან აკავშირებს.

დიპლომატი თავისი არსით არის მშვიდობისმყოფელი. რისი გაკეთებაც მხარეებს უნდათ ძალისმიერად, იქ დიპლომატის როლია, რომ ყველაფერი გაკეთდეს მშვიდობიანად და მიაღწიონ შეთანხმებას, რომლითაც ორივე მხარე იქნება კმაყოფილი. თუ დიპლომატია ამას ახერხებს, მაშინ დიპლომატია მუშაობს და ამის ბევრი მაგალითია, თუნდაც – კარიბის (კუბის) კრიზისი.

ამ დარგში წარმატებისთვის აუცილებელია უცხო ენების, ისტორიისა და გეოგრაფიის, ასევე გეოპოლიტიკისა და გეოსტრატეგიის კარგად სწავლა. დიპლომატობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლა სასურველია.

რაც შეეხება დიპლომატის საქმიანობის მთავარ პრინციპს, ეს არის – კანონმორჩილება და იმ დადგენილ ჩარჩოში მოქმედება, რაც დიპლომატისთვისაა კანონით განსაზღვრული“, – აღნიშნა კახი ქენქაძემ.

საჯარო ლექციას მოდერატორობას CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ალიკა გუჩუა უწევდა. სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას ასევე მიესალმნენ CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ეკატერინე ჭალაგანიძე და CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური