GE

„გადაწყვეტილებას ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს, ხარისხი ის კომპრომისია, რაზეც ჩვენ არ და ვერ წავალთ“

„ყველა ინდივიდუალური თუ სხვა ჯგუფის ინტერესები გავითვალისწინეთ. სისტემა ყოველთვის სრულად იქნება ორიენტირებული მასწავლებლების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ერთადერთი, რის კომპრომისზეც ჩვენ არ და ვერ წავალთ, ეს არის ხარისხი“, – ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პირდაპირ ეთერში გააკეთა, სადაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებული, 26 აპრილს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება შეაფასა.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციებით, სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების (პორტფოლიოს) ცვლილებების კუთხით, „მასწავლებელთა კორპუსში ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს“.

კითხვაზე, რატომ გადავადდა და არა გაუქმდა მასწავლებლის პორტფოლიოს წარდგენის ვალდებულება, გიორგი ამილახვარი განმარტავს, რომ მხოლოდ გამოცდის თეორიული შეფასებით შეუძლებელია, დავადგინოთ მასწავლებლის პრაქტიკული კომპონენტი, ის, თუ როგორ ხორციელდება პროცესი საკლასო ოთახში.

„ამიტომ, ამ კომპონენტის გაუქმებით, ვფიქრობ, ერთის მხრივ, სხვა დანარჩენ მასწავლებლებს, ვისაც უკვე შემოტანილი ჰქონდა პორტფოლიო ამ ვადაში, ან სხვადასხვა გზით უკვე ჰქონდათ ეს პროცესი გავლილი, იქნებოდა უსამართლო გადაწყვეტილება. მეორეს მხრივ, ამის გაუქმებით, პრაქტიკულად, ჩვენ ვარღვევდით იმ მთლიან ციკლს, რომელიც რამდენიმე წელია, მასწავლებლების ჩართულობითა და მათთან შეთანხმებით მიმდინარეობს საქართველოში და ინერგება სქემა.

„რაც სჭირდება სწავლა-სწავლების ხარისხის უკეთ უზრუნველყოფას და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი განათლების შექმნას, აი, ამის საფუძველზე იქნება ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული პირველ რიგში, მასწავლებლების ინტერესების გათვალისწინებით“, – თქვა გიორგი ამილახვარმა.

პედაგოგების მხრიდან სოციალურ ქსელში დაფიქსირებული მოსაზრებებიდან ჩანს, რომ განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, შეხედულებები ორად არის გაყოფილი, ნაწილი გადაწყვეტილებას იწონებს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „სამინისტრომ ისევ მოატყუათ“. პედაგოგები მომავალი ქმედებების შესახებ სხვადასხვა ჯგუფებში გამოკითხვებსაც ატარებენ, თუმცა, კონკრეტული აქტივობა არ გაუჟღერებიათ.

ასევე იხილეთ:

რა უთხრა განათლების მინისტრმა პედაგოგებს მათი საბაზო ხელფასის ცვლილებაზე 25 აპრილს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური