GE

ჯანდაცვის მინისტრი: მნიშვნელოვანია, რომ სკოლები დარჩეს ღია

„მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეთ განათლების მიღების საშუალება“, – აღნიშნული განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ევროპის რეგიონულ დირექტორთან COVID-19-ის ახალ შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით, ვაქცინაციის ეფექტურობისა და დაავადების მიმდინარეობის საკითხები განიხილა, ამბობს, რომ საქართველოს ხელთ არსებული ხუთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც ქვეყანა კოვიდპანდემიას ებრძვის, ძალაში რჩება.

„განვიხილეთ, ახალ, მუტირებულ ვარიანტთან მიმართებაში, თუ რა ხედვა აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. მნიშვნელოვანი რჩება ამ შტამთან მიმართებაში, გადაცემის სისწრაფე, ვირულენტობა, რაც აისახება თვითონ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფებზე აქვს მას განსაკუთრებული გავლენა, საინტერესოა აღნიშნულ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის ეფექტურობაც. მან აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორი არის აღნიშნული შტამის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ის ხუთი ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია კვლავ ძალაში რჩება და ეს არის ვაქცინაცია, ბუსტერის გამოყენება, ასევე, რა თქმა უნდა, პირბადე და სოციალური დისტანცირება. მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეს განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანი, არის რომ ჩვენ ამ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებაში გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, რომლის ინფორმაციითაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრას გამართავს, აღნიშნულის შემდეგ კი, ახალი მკურნალობის გაიდლაინები შემუშავდება.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი, სახელწოდებით „ომიკრონი“ პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. „ომიკრონის“ შემთხვევები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოვლენილია.

ასევე იხილეთ:

„არ გვაქვს იმის ილუზია, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობის ვაქცინირება გახდება შესაძლებელი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური