GE

„არ გვაქვს იმის ილუზია, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობის ვაქცინირება გახდება შესაძლებელი“

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი „ფაიზერის“ ვაქცინა 100%-ით იცავს ბავშვებს დაინფიცირებისგან და ამ დრომდე ქვეყანაში, მოზარდთა აცრის გამო, არცერთი სერიოზული გართულება არ დაფიქსირებულა – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

კორონავირუსული ინფექციის დელტა შტამის ქვეყანაში შემოსვლამ ბავშვთა ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებიც გაზარდა. 2020 წელს თუ მხოლოდ ერთი ბავშვი გახდა კოვიდ 19-ის მსხვერპლი, 2021 წელს ინფექციამ უკვე 7 მცირეწლოვანის სიცოცხლე შეიწირა. 9 ნოემბრიდან, ივანე ჩხაიძის ხელმძღვანელობით შექმნილი იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო. საქართველოში 18 წლის ასაკამდე მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინაა დაშვებული, თუმცა სხვა ქვეყნებში ჩინური ვაქცინებიც ფართოდ გამოიყენება, რომელიც ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.

12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ვაქცინაცია ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდა. პირველ ეტაპზე დაიშვა იმ ბავშვთა აცრა, რომლებსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. თანდაყოლილი პათოლოგიები ძირითადად ნერვული სისტემისა, ასევე, ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ ასთმა, სიმსუქნე, თუ ღვიძლის დაავადებები.

„ეს ე.წ. გერმანული მოდელია, როდესაც ქვეყანა ირჩევს გზას, როდესაც ჯერ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების შერჩეული ჯგუფებში ტარდება ვაქცინაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და შემდეგ უკვე ხდება უნივერსალური. თუმცა, ქვეყნების უმრავლესობა სხვა გზით წავიდა და პირდაპირ დაიწყო ვაქცინაცია 12-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებში“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

კითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველასთვის ვაქცინაციის ჩატარება, მაშინ, როცა ბავშვები რისკის ჯგუფად არ ითვლებიან, ჩხაიძე პასუხობს, რომ ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის კორონავირუსის დელტა ვარიანტი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ბავშვებში გავრცელების სიხშირით ჩინური, ორიგინალი ვუხანის ვირუსისგან.
ჩხაიძის ინფორმაციით, თუ 2020 წელს ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 7-დან 10%-მდე იყო, 2021 წლის სექტემბერის მონაცემებით 20%-ზე ავიდა, ანუ 100-დან 20 ბავშვი ინფიცირდება. დელტა ვარიანტმა მნიშვნელოვნად შეცვალა ასაკობრივი განაწილება და ბავშვებში ეს ვირუსი აღარ განიხილება, როგორც იშვიათი. გარდა იმისა, რომ ინფიცირება გახდა უფრო ხშირი, ბავშვებში ასევე მოიმატა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს 100-დან 3-4 ბავშვი საჭიროებდა საავადმყოფოში მოთავსებას, ბოლო მონაცემებით, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 9-ს სჭირდება კლინიკაში მოთავსება. 2020 წელს ბავშვებში გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, 2021 წელს კი, დელტა ვარიანტის პირობებში 7 გარდაცვლილი ბავშვი გვყავს.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ბავშვები ისეთივე საშიშროებას წარმოადგენენ, როგორსაც მოზრდილები. ვაქცინირებული ბავშვები მოქმედებენ როგორც ინფიცირების მაჩვენებლის, ისე ლეტალობის მაჩვენებლის შემცირებაზე.

„პანდემიის დამარცხება მხოლოდ ბავშვებისა და მოზრდილების აცრით არის შესაძლებელი. არცერთი პანდემია დამთავრებულა მხოლოდ მოზრდილების ვაქცინაციით. თუ შევადარებთ ვაქცინაციის დინამიკას, როდესაც დავიწყეთ ეს პროცესი, ერთეული ბავშვები მომართავდნენ ვაქცინაციის ცენტრებს. იაშვილის კლინიკაში პირველი ორი დღის განმავლობაში სულ ორი ბავშვი ავცერით, მაგრამ წინა კვირას ეს ციფრი მკვეთრად გაიზარდა. იყო დღეები, როდესაც 8 და 15 ბავშვი ავცერით. თანდათან უფრო და უფრო აქტიური ხდება პროცესი, თუმცა არ გვაქვს იმის ილუზია, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობის ვაქცინირება გახდება შესაძლებელი. მაღალი რისკის, 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშიც კი არ გვაქვს ასეთი მაჩვენებელი“, – ამბობს ჩხაიძე.

ექიმის ინფორმაციით, ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებშიც კი არ ყოფილა ვაქცინაციით დიდი მოცვა. არადა, ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებში ვირუსი გაცილებით უფრო მეტი ალბათობით იწვევს მდგომარეობის დამძიმებას, საავადმყოფოში მოხვედრის აუცილებლობას და ასევე მაღალია ლეტალური გამოსავლის რისკი.

„მესამე ფაზის კვლევების შესაბამისად, რომელიც ჩაატარა კომპანია „ფაიზერმა“, 12-დან-15 წლამდე ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აღმოჩნდა 100%-ით ეფექტური. ანუ, მხოლოდ ლეტალური შემთხვევებისა და გართულებებისგან კი არა, ბავშვებს ინფიცირებისგანაც იცავს. რამდენიმე ქვეყანამ უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციაც დაიწყო. „ფაიზერით“ უკვე ცრიან 5-დან 9 წლამდე ბავშვებს, ჩინეთში – 3 წლიდან არის დაშვებული ვაქცინაცია და კუბაში – 2 წლიდან ჩინური ვაქცინით“, – გვეუბნება იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი.

კითხვაზე, თუ რატომ არ ვიყენებთ ბავშვების ასაცრელად ჩინურ ვაქცინებს, რომელსაც ტრადიციული მეთოდით ქმნიან და მსგავსი ტიპის ვაქცინები ჩვენთან მრავალი წელია აპრობირებულია, იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის, ამერიკის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიზაციას ეყრდნობა, რის მიხედვითაც, ეს ვაქცინები შესაძლებელია ჯერჯერობით გამოყენებულ იქნას მხოლოდ 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში.

რაც შეეხება მოზარდებში ვაქცინაციის შედეგად განვითარებულ გვერდით მოვლენებს, ბავშვთა კლინიკის მთავარი ექიმი სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ გაცილებით ნაკლებია ვიდრე მოზრდილებში.

„ჩვენთან არ დაფიქსირებულა არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა ვაქცინაციის შემდეგ. არამხოლოდ ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში, სადაც უფრო მეტი ბავშვია ვაქცინირებული, ყველა კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ვაქცინაცია ბავშვებში გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს და გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენებით ხასიათდება. მშობლები აქცენტს ამ შემთხვევაში აკეთებენ ვაქცინის ეფექტურობაზე. არცერთი ვაქცინა, რომელიც ბავშვებში გამოიყენება, 100%-იანი ეფექტური არ არის. პირიქით, დღევანდელ ვაქცინებს შორის ყველაზე ეფექტური „ფაიზერია“. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია, სხვა ვაქცინების კიდევ უფრო ნაკლები, მაგრამ ამას არც არავინ კითხულობს.

არცერთი ვაქცინა, რომელსაც ბავშვებში ვიყენებთ, არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ყველას აქვს გვერდითი მოვლენა. ვაქცინების თანმდევ დოკუმენტაციებში ყველგან ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს შეწითლება ინექციის ადგილას, მტკივნეულობა, შეშუპება, ცხელება თუ სხვა რამ. ზუსტად ანალოგიურია „ფაიზერის“ ვაქცინა. ანუ ეფექტურობით აღემატება სხვა ვაქცინებს და უსაფრთხოების კუთხით აბსოლუტურად იდენტურია გეგმიური ვაქცინებისა. კორონავირუსული ვაქცინის გამო ჯერ არცერთი 12-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანი არ მოხვედრილა კლინიკაში. ქვეყანაში კი 2 100 000 დოზა ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაფიქსირდა 180 სერიოზული გვერდითი მოვლენა, მაგრამ მათ შორის არცერთი ბავშვი და მოზარდი არ არის“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოში 5 500-მდე ადამიანია გარდაცვლილი კორონავირუსის გამო და 98,9% არავაქცინირებულია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ორჯერადად, სულ მილიონამდე ადამიანია აცრილი. ქვეყანაში სულ დაახლოებით 3 700 000 ადამიანი ცხოვრობს.

ასევე იხილეთ:

ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველოში 12-დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
რუსუდან არის© ადვაძე edu.aris.ge-ს ჟურნალისტი