GE

ჯანდაცვის სამინისტრომ რეზიდენტურის გამოცდის საფასურის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო

ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სამედიცინო ფაკულტეტების კურსდამთავრებულებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება 40 ლარი, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 60 ლარი იქნება.

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ განაცხადა. საექიმო საქმიანობის მაძიებლებს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

“გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა 586-ე დადგენილების ამოქმედებასა  და საგამოცდო თარიღს შორის არსებული მოკლე პერიოდი, ათი დღე. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის ნიადაგზე სამედიცინო უნივერსიტეტი  გამოყოფს სათანადო რესურსს, რომელიც შეამცირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების დანახარჯებს”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკვალიფიკაციო გამოცდაზე სულ 1599 პირია რეგისტრირებული, 501 პირი კი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირდა.

სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს, სასერტიფიკაციო და საკვალიფიკაციო გამოცდებზე დასაშვებად მთავრობამ გადასახადი 2 დეკემბრის დადგენილებით დაუწესა, რასაც ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური