GE

რას შეცვლის მთავრობა ქვეყანაში მიგრაციის მოსაწესრიგებლად უცხოელი სტუდენტების ნაწილში – გეგმა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს და ეს მისასალმებელია, რადგან მათი თქმით, “თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს”. ამ მიზნით მთავრობა აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ასევე, 2026 წელს უცხოელების შრომითი საქმიანობა საქართველოში მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

მიგრაციის მოწესრიგება უდევს საფუძვლად ახალ კანონპროექტებსაც, რომლებიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და რომელიც შეცვლის: უმაღლესი და პროფესიულ განათლების შესახებ და განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონებსაც უცხოელი სტუდენტების ნაწილში. განათლებასთან დაკავშირებულ სამივე კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა და ის კონკრეტულ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს აწესებს როგორც უნივერსიტეტის, ისე პროფესიული სასწავლებლებისა და თავად საქართველოში სწავლის მსურველი უცხოელი პირებისთვის.

მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის დარეგულირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების კრიტერიუმები და არაა განსაზღვრული სწავლის პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს მიგრაციული პოლიტიკის თანამიმდევრულობას.

რას შეცვლის მთავრობა ქვეყანაში მიგრაციის მოსაწესრიგებლად უცხოელი სტუდენტების ნაწილში:

უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებული იქნება წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ან ვალდებული იქნება ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა, (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად), ხოლო ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირთა ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობა, ჩარიცხვის პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ჩაეთვლება უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.

რა ინფორმაცია შეგროვდება უცხოელ სტუდენტზე და რომელი უწყება მიიღებს მასზე წვდომის უფლებას:

უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), ინფორმაცია, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

ამ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ:

-სამინისტროს(განათლების) და მის სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს;
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის -იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს;
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი. ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში, ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად“.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ 1-ელ ივლისამდე:

საქართველოს მთავრობა 2026 წლის 1 ივლისამდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოფს:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრას;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობის, ჩარიცხვის პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრას.

რა უნდა გააკეთოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 1-ელ ივლისამდე:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2026 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წვდომას.

2. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წვდომის უზრუნველყოფამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაწოდოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესთან და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულება და პასუხისმგებლობა – ჯარიმა, უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა ან ავტორიზაციის გაუქმება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განისაზღვრება პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ შეასრულებენ ზემოაღნიშნულ ვალდებულებებს.

კერძოდ, უცხოელი სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შესაბამის ბაზაში აღურიცხაობის ან არასრულად აღრიცხვისათვის გათვალისწინებული იქნება გაფრთხილება ან ჯარიმა, რომლის ოდენობა განისაზღვრება შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე, დარღვევათა რაოდენობის პროპორციულად.

განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ასევე გამოიყენება ჯარიმა იმავე ოდენობით. აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან დასახელებული სამართალდარღვევებისთვის. ამასთან, აღნიშნული დარღვევის მესამე და მეოთხე განმეორებით ჩადენისთვის სახდელის სახით, გამოყენებულ იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის უცხოელი სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა და საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება.

იმ შემთხვევაში თუ სახდელის სახით, გამოყენებულ იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის უცხოელი სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ან საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება. აღნიშნული გავლენას მოახდენს დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. ერთი მხრივ, უცხოელი სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გამოიწვევს შემოსავლების შემცირებას. ვინაიდან, ჩარიცხულ პირთა რაოდენობის შემცირების პროპორციულად შემცირდება სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალი.

აღნიშნული შეზღუდვა ფინანსურ გავლენას მოახდენს განსაკუთრებით იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სტუდენტთა მიერ გადახდილ სწავლის საფასურზეა დამოკიდებული. მეორე მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის გაუქმება გამოიწვევს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების შეწყვეტას, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძირითადი შემოსავლების დაკარგვას.

ამასთან, ავტორიზაციის შეჩერება ან მისი შემდგომი ხელახალი მოპოვება დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ ხარჯებთან. ზემოაღნიშნული შესაძლო ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობასა და სუბიექტის მიერ ჩადენილი დარღვევების სიხშირეზე.

რას ამბობს კანონპროექტი დაწესებულებისთვის შემოსავლების დაკარგვის საკითხზე:

მთავრობა არ უარყოფს, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვამ გარკვეული საჯარო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შესაძლოა გამოიწვიოს მათი შემოსავლების შემცირება, ვინაიდან ჩარიცხულ პირთა რაოდენობის შემცირების პროპორციულად შემცირდება სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც.

აღნიშნული გავლენა განსაკუთრებით შეიძლება შეეხოს იმ საჯარო პროფესიულ და უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელი
სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურზე მოდის. შესაბამისად, პროფესიული და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსავლების შესაძლო შემცირება გავლენას მოახდენს მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელ გადასახადებზეც, რაც, თავის მხრივ, შეიძლება აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ამასთან, საჯარო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ავტორიზაციის გაუქმება გამოიწვევს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების შეწყვეტას, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძირითადი შემოსავლების დაკარგვას. ავტორიზაციის შეჩერება ან მისი შემდგომი ხელახალი მოპოვება დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ ხარჯებთან, რაც დადებით გავლენას იქონიებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საშემოსავლო ნაწილზე.

ცნობისთვის, სტატისტიკური ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2024/2025 წლებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტებში (საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურზე და პროფესიულ კოლეჯებში) ჯამში შეადგენს 37 125 უცხოელ სტუდენტს. დასახელებული საერთო რაოდენობიდან 5 621 უცხოელი სტუდენტი ჩარიცხულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამავე წელებში, 31 486 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა მაგისტრატურის პროგრამებზე, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე მიღებულია 18 უცხოელი სტუდენტი

დეტალურად, როგორ განმარტავს მთავრობა კანონპროექტის მიღების საჭიროებას, იხილეთ განმარტებით ბარათში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური