GE

მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ – სპეცპედაგოგის შემცვლელი კი ასე გახდებით

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, შეიცვლება მასწავლებლობის მაძიებლის ტერმინი და განისაზღვრება ისეთი ცნებები, როგორიცაა: შემცვლელი სპეციალური მასწავლებელი, პროგრამის მასწავლებელი და პროგრამის სპეციალური მასწავლებელი.

მთავრობის ინიციატივითა და განათლების სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი 9 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

რა შეიცვლება და ვის შეეხება სიახლეები:

მაძიებელი მასწავლებელი

ცვლილების მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის საშუალება ექნება ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თუმცა თუ მისი კვალიფიკაცია არ არის იმ საგნის შესაბამისი, რომლის სწავლებაც სურს, ვალდებულია, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად შესაბამისი საგნის კომპეტენცია დაადასტუროს – ჩააბაროს გამოცდა.

გარდა ამისა, სკოლაში ტექნოლოგიების მასწავლებლად დასაქმდება ის პირიც, რომელსაც აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლება. თუმცა, ასეთი პირებისთვის სავალდებულო იქნება მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის (2 წელი) ან მასწავლებლის მომზადების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის (60-კრედიტიანი) გავლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შემცვლელი სპეციალური მასწავლებელი

ცვლილების მიხედვით, შესაძლებელი გახდება სკოლებში პირის შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმება ორ შემთხვევაში:

1-ელი შემთხვევა – როდესაც ხდება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის (შვებულება, დეკრეტი და ა.შ.) შეცვლა.

შემცვლელად სკოლაში შესვლის უფლება ექნება პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით სპეციალური მასწავლებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ან პირს, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება და მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი.

მე-2 შემთხვევა – როდესაც სკოლამ სპეციალური მასწავლებლის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, თუმცა აღნიშნული პოზიცია მაინც ვაკანტური დარჩა.

სასწავლო წლის ბოლომდე შემცვლელად სკოლაში შესვლის უფლება ექნება პირს, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება და მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი.

გარდა ამისა, სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც.

როგორც განათლების კომიტეტზე განმარტეს, ეს ნიშნავს შემდეგს – სპეციალური მასწავლებელი შეიძლებოდა გამხდარიყო პირი, რომელსაც ოკუპაციური თერაპევტის და ფსიქოლოგის დიპლომი ჰქონდა, ან დიპლომში ეწერა – „მასწავლებელი“. ცვლილების მიხედვით, აღარ იქნება საჭირო, რომ დიპლომში მსგავსი ტიპის [მასწავლებელი] ჩანაწერი არსებობდეს.

პროგრამის მასწავლებელი და პროგრამის სპეციალური მასწავლებელი

ცვლილების მიხედვით, კანონს დაემატება შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

პროგრამის მასწავლებელი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებული მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული ვადით მივლენილი მასწავლებელი.

პროგრამის სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებული მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული ვადით მივლენილი სპეციალური მასწავლებელი.

„სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს „არაქართულენოვანი სკოლების მხადაჭერის“, „ასწავლე საქართველოსთვის“ და „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამები, რომელთა მიზანია ხარისხიანი განათლების ხელშეწყობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების საფეხურზე. პროგრამის ფარგლებში სკოლებში მივლენილნი არიან კონსულტანტი მასწავლებლები/კონსულტანტი სპეციალური მასწავლებლები, რომელთა სამართლებრივი სტატუსი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით დაზუსტებული არ არის. აღნიშნული გარემოება ქმნის როგორც სამართლებრივ, ისე ადმინისტრაციულ სირთულეებს, იწვევს მათ ფუნქციურ როლთან დაკავშირებულ გაურკვევლობებს და ზღუდავს მათი საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების შესაძლებლობებს. კანონპროექტში პროგრამული მასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა და დაზუსტება მნიშვნელოვანია მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის შექმნისა და ზემოაღნიშნული ან შემდგომში სისტემის გაძლიერების მიზნით შექმნილი მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისთვის“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე იხილეთ:

სკოლაში ტექნოლოგიების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების არმქონე პირებსაც ექნებათ – ცვლილება კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური