GE

დოქტორის ხარისხი სადოქტორო ნაშრომზე მუშაობის დაწყებიდან 50 წლის შემდეგ

ნიკ აკსტენმა დოქტორის ხარისხი 76 წლის ასაკში მიიღო, სადოქტორო ნაშრომზუ მუშაობის დაწყებიდან თითქმის 50 წლის შემდეგ. ამის შესახებ BBC და skynews წერენ.

გამოცემების ინფორმაციით, სტუდენტმა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა 1970 წელს, პიცბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ 5 წლის შემდეგ, ის დიდ ბრიტანეთში დაუსრულებელი სადოქტორო დისერტაციით დაბრუნდა. სწავლა კი 2016 წელს განაახლა და როგორც დღეს 76 წლის დოქტორი ამბობს, მას “ბევრი ფიქრი სჭირდებოდა”.

ბრისტოლის უნივერსიტეტმა, სადაც ნიკ აკსტენი ფილოსოფიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლობდა, დოქტორის ხარისხი მეუღლისა და 11 წლის შვილიშვილის თანდასწრებით გადასცა.

„მე მომეწონა ისევ სტუდენტი ვყოფილიყავი ბრისტოლის უნივერსიტეტში. ყველა სხვა ასპირანტის ასაკი სულ 23 წელი იყო, მაგრამ მათ ისე მიმიღეს, როგორც თავისიანი“, – თქვა დოქტორმა.

დოქტორი აკსტენი იმედოვნებს, რომ გამოსცემს კიდეც საკუთარ კვლევას, რომელზეც მან ამერიკაში ხუთი ათეული წლის განმავლობაში იმუშავა. ავტორის თქმით, მის ახალ თეორიას რომელიც ადამიანის ქცევას, მის ფასეულობებს უკავშირდება, შეუძლია, ქცევის ფსიქოლოგიაზე შეხედულება შეცვალოს.

„როდესაც მე ვიწყებდი, მაშინ ფსიქოლოგია სწრაფად მზარდი მიმართულება იყო.  ის, რისი გაკეთებაც მე 70-იან წლებში დავიწყე, განსაკუთრებულად რთული იყო. ზოგიერთი პრობლემა იმდენად დიდია, რომ მათთან გამკლავებაში ცხოვრების საუკეთესო წლები გადის. ისინი ხანგრძლივ და დაძაბულ განსჯას მოითხოვენ. ამ პრობლემამ ჩემი ცხოვრების 50 წელი წაიღო“, – ამბობს ნიკ აკსტენი.

ნიკ აკსტენის ნაშრომის ხელმძღვანელი ბრისტოლის უნივერსიტეტში, სამირ ოკაშა ამბობს, რომ ნიკი წარმოუდგენლად გატაცებული, ენერგიული და თავგანწირული სტუდენტი იყო: “ეს არის ფანტასტიკური, როდესაც ხედავ, თუ როგორ იღებს იგი დოქტორის ხარისხს ნახევარი საუკუნის შემდეგ”.

საკუთარი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, დოქტორი აქსტენი დიდ ბრიტანეთში, სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდა. ის არის ავტორი სასკოლო სასწავლო პროგრამისა Oxford Primary Science.

ასევე იხილეთ:

52 წლის აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდები ჩააბარა და უფასოდ ისწავლის – „ყველაფერი მივატოვე და ნამდვილი სტუდენტი ვიქნები“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური