„ძალიან ბევრი კერძო სკოლა დაიხურება თუ თანადგომა არ გაუწია სახელმწიფომ“ – დირექტორები საინიციატივო ჯგუფს ქმნიან
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლებს ავტორიზაციის გავლის პროცესი გადაუვადა, კერძო სკოლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმ უთანასწორო მიდგომის, რაც სახელმწიფოს საჯარო და კერძო სკოლების მიმართ აქვს.
საქართველოში არსებული კერძო სკოლების ხელმძღვანელები ასოციაციას აფუძნებენ, რომელმაც სამინისტროს არსებული პრობლემების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და მოგვარების გზები შეიმუშაოს.
საქსტატის მონაცემებით, საქართევლოში ამ ეტაპზე 227 კერძო სკოლაა და მიმიდინარე სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეთა რიცხვი 62.8 ათასს შეადგენდა. სტატისტიკური ინფორმაციით, კერძო სკოლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა ოდენობა ბოლო წლების ტენდენციით ზრდადია. 2017-18 სასწავლო წელს – 57,1 ათასი მოსწავლე. 2018-19 სასწავლო წელს – 60,4 ათასი და 2019 -20 სასწავლო წელს 62,8 ათასი მოსწავლე.
ქვეყანაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია 2011 წლიდან ხორციელდება, რაც ორგანიზაციისგან სამი სხვადასხვა კრიტერიუმის დაკმაყოფილებას ითხოვს ესენია: საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურსები. ავტორიზაციის საფასური 5 500 ლარია და ვადა 6 წელი აქვს. მისი გავლის ვალდებულება ამ ეტაპზე მხოლოდ კერძო სკოლებს აქვთ.
ფოთის შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა–გიმნაზიის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მენტორი მასწავლებელი თამარ ფაჩულია ამბობს, რომ საჯარო სკოლებისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება მათ განვითარებას შეაფერხებს, კერძო სკოლებს კი უთანასწორო პირობებში ამყოფებს.
„მინდა გამოვეხმაურო სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, მიუღებელია საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადების გახანგრძლივება. პირიქით, მათთვის არის ძალიან ცუდი. ისინი კიდევ ხუთი წელი ჩამორჩებიან განვითარებას, ამიტომ არ მგონია სწორი პოზიცია იყოს ავტორიზაციის 2025/26 წლებში დაწყება. ეს არის თანასწორი დამოკიდებულება?! საჯარო სკოლებისთვის განმავითარებელი შეფასებების დაწყება დროულადაა საჭირო. რაც შეეხება კერძო სკოლების პრობლემებს. ჩემი სურვილია, იდენტური პრობლემების მქონე კერძო სკოლების გაერთიანება. ამ მიზნით უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საინიციატივო ჯგუფის შექმნას. მინისტრს, პარლამენტის განათლების კომიტეტს, შესაბამის სტრუქტურებს მივმართავთ კარგად ნაცნობი პრობლემების გასააზრებლად და ვთხოვთ დახმარების გაწევას. ვფიქრობ, მსგავსი ფორმატის შეხვედრა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს კომუნიკაციას. წლებია არ გვქონია სამინისტროსთან დახმარების გაწევის კუთხით შეხვედრები.
„სახელმწიფოსგან დაწესებული ყველა შეღავათით უნდა სარგებლობდეს კერძო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. თუკი რეგიონებში კერძო სკოლები სამინისტროს მხრიდან ბედის ანაბარა დარჩება და პრობლემებზე არ იქნება ორიენტირება, მაშინ რეგიონებში დაბალფასიანი კერძო სკოლები აღარ იარსებებენ, შესაბამისად დარჩენილი მასწავლებელები და მოსწავლეები ავტომატურად გადაინაცვლებენ საჯარო სკოლებში და მაშინ სახელმწიფოს ვალდებულება აიძულებს, რომ მაინც გამონახოს თანხები. ეს ყველაფერი ჯაჭვურად არის გადამბმული ერთმანეთზე და დიდი სურვილი მაქვს, რომ პრობლემების ჯაჭვის რგოლები კი არ გავზარდოთ, არამედ შევამციროთ. იქნებ დავეხმაროთ ერთმანეთს. აქაც უცხოელი ექსპერტების შეფასებების მოსმენა ხომ არ გვინდა? მოვუსმინოთ ერთმანეთს, სანამ ევროპელი მაღალჩინოსნები მიგვითითებდნენ“, – აცხადებს თამარ ფაჩულია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
შპს კერძო საშულო სკოლა „დავითიანი“ ბოლნისში 15 წელია არსებობს, სკოლის დამფუძნებელი მარინა გორშკოვა ამბობს, რომ თუ სახელმწიფომ კერძო სკოლების მიმართ მიდგომა არ შეცვლა, ბევრი მათგანი დახურვის პირას აღმოჩნდება.
„როგორც ამბობენ, ავტორიზაციის თანხის გაზრდას აპირებენ და ძალიან დიდი პრობლემა იქნება. გვინდა რომ გაგვიგონ, არათანაბარ პირობებში გვიწევს მუშაობა. თუ გაქვს სტატუსი სკოლის, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს კერძოა თუ საჯარო, მით უმეტეს როცა საქმე ეხება პატარა სკოლებს. არ შეიძლება საგანმანათლებლო სტრუქტურა იყოს კომერციაზე აგებული, ჩვენ ვემსახურებით ბავშვებს. ბავშვი, რომელიც ვერ იხდის გადასახადს და არის სოციალურად დაუცველი ვერასოდეს ვერ გადავახდევინებთ, ან ბავშვს, რომელიც გავზარდეთ 7 წელი და ფინანსური პრობლემა შეექმნა, ნამდვილად ვერ გავუშვებთ სკოლიდან. ხშირად უთქვამთ, თუ არ გაწყობს და ზარალზე მიდიხარ რატომ არ კეტავ? იმიტომ, რომ სკოლა არის ჩემი შვილი და მისი დაკეტვა მკვლელობის ტოლფასია.
„პატარა სკოლებს და განსაკუთრებით რეგიონებში არსებულს, აბსოლუტურად ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს. თუ ჩვენ გვთხოვენ ავტორიზაციის სტანდარტის დაცვას და თუ შესაბამისობაში გვაქვს ყველა დოკუმენტი, ვიყოთ თანაბარ პირობებში. პედაგოგების გადინება ხდება საჯარო სკოლებში, რადგან ჩვენთან არ აქვთ ის პრივილეგიები, რაც საჯარო სკოლის პედაგოგებს. სამედიცინო დაზღვევა ყველაზე მტკივნეული თემაა. მოწიწებით ვთხოვთ განათლების მინისტრს იქნებ მოგვისმინოს, გამიჯნონ თუნდაც რეგიონი და პატარა სკოლები. ამ პრობლემების უკეთ კოორდინაციისთვის შევქმენით, ჩვენი საინიციატივო საბჭო. გვსურს რეალური პრობლემები მივიტანოთ განათლების მინისტრამდე. რამდენჯერაც გვითხოვია შეხვედრა, სამინისტროს კარები ნამდვილად ღიაა, მივსულვართ და გვისაუბრია ამ თემებზე. საინიციატივო ჯგუფი უბრალოდ, შეკრავს ამ ერთი და იმავე პრობლემებს,რაც ხელს გვიშლის მუშაობაში და ფაქტიურად შესაძლებელია სკოლების დაკეტვა მოგვიხდეს“, – ამბობს მარინა გორშკოვა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
რუსთავში არსებული კერძო სკოლა „მილენიუმის“ დირექტორი ელზა ლეკვეიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მცირე ზომის კერძო სკოლების ყველაზე დიდი პრობლემა თანამშრომელთა გადინებაა, რომლებიც უკეთესი პირობების გამო საჯარო სკოლებს ირჩევენ.
„კერძო სკოლის მასწავლებელს, რომელსაც აქვს სტატუსი და სახელმწიფო სთხოვს ამ სტატუსის ქონას, არ აძლევს დანამატს. მე სულ არ მჭირდება მისი სტატუსი, ბევრი მასწავლებელია ვისაც არ აქვს სერტიფიკატი, მაგრამ გაცილებით უკეთესია. მოვისმინე განათლების ხარისხის მართვის ახალი ხელმძღვანელის გამოსვლა, ვიზიარებ და როგორც ვხედავ რაღაცები იგეგმება, მაგრამ ჩვენ მსგავს სკოლებს თუ არ დაგვეხმარნენ ცუდ მდგომარეობაში ვართ. ჩემს სკოლაში უკვე ყველა მასწავლებელი პარალელურად მუშაობს საჯარო სკოლაში. პირველ ცვლაში ჩემთან არიან- მეორეში იქ. ასეთ მასწავლებელს ვერც დამრიგებლობას მისცემ, რადგან ორ სკოლაში დარბის. ორ სკოლაში მომუშავე მასწავლებლის ხარისხი როგორი იქნება? თუ მასწავლებელი არ გყავს სკოლაში კარგი, ბავშვსაც ვერ მოიზიდავ. რეგიონების კერძო სკოლები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ამ მხრივ. ძალიან ჭკვიანები ყოფილან, ვინც თავიდანვე ასეთი ძვირი ფასები დაადეს სწავლას, რუსთავში 20 ლარი რომ მოვუმატო გადასახადი, 30 მოსწავლე წამივა სკოლიდან. სულ 115 მოსწავლე გვყავს. გადასახდი 180-დან 200 ლარამდეა. ავტორიზაცია გავლილი გვაქვს და ოთხი წელი გვაქვს კიდევ ვადა, მაგრამ ასეთ პირობებში შეიძლება ვერც მივიდეთ ამ თარიღამდე“, – აცხადებს დირექტორი.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ სამინისტრო შეიმუშავებს გეგმას, რომელის თანახმადაც კერძო და საჯარო სკოლებს შორის არსებული უთანასწორობა აღმოიფხვრება.
„ამბობენ ავტორიზაციის თანხა ორმაგდებაო, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რეგიონის სკოლები ვეღარ განვითარდებიან. 2011 წლიდან დავიწყეთ ავტორიზაციის პროცესი. წესი, რაც მაშინ შემოიღეს დღემდე არ შეცვლილა. ხომ ხდება ხოლმე, რომ სიახლეს რაღაც ხარვეზები ახლავს და გაასწორონ, არის აი ასეთი მეთოდებით ბრძოლა, რომ ოღონ აღმოგიჩინონ, დაგხურონ და დაგსაჯონ. მე ეს გამოვცადე 2012 წელს. ორი წელი დახურული იყო სკოლა, რეალური მიზეზი პოლიტიკური მოტივები იყო, თუმცა ვერ დავამტკიცე (იმ პერიდოში ჩემი მეუღლე ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა და მიზეზიც ეს იყო) ორი წლის შემდეგ აღვადგინეთ სკოლა, მაგრამ, წელში ვეღარ გავიმართეთ.
„ავტორიზაციის მოთხოვნები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ ჩვენ გვიჭირს ამ რელსებზე ფეხის აწყობა, რადგან ძალიან გვიჭირს ფინანსურად. ძალიან ბევრი კერძო სკოლა დაიხურება თუ თანადგომა არ გაუწია სახელმწიფომ. თუ ჩვენს ბავშვებს ისეთივე სიტუაციაში არ ამყოფებენ, როგორც საჯარო სკოლის მოსწავლეებს, წახალისების, კომპიუტერების თუ უფასო სახელმძღვანელოების კუთხით“,- ამბობს ელზა ლეკვეიშვილი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება