სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2026-2027 წლისთვის გადაიდო – რა მიზეზს ასახელებს სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლების დირექტორებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიახლეები გააცნო.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონპროექტის თანახმად, სკოლების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად 2026-2027 წლამდე დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ გადავადდა.
EDU.ARIS.GE-ის კითხვაზე – ვრცელდება თუ არა აღნიშნული გადავადება კერძო სკოლებზეც, მინისტრის მოადგილემ გვითხრა, რომ ეს ცვლილება მათ არ ეხებათ.
,,იმის გამო, რომ დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არსებულ ყველა კერძო სკოლას აქვს ავტორიზაცია, ამ მიმართულებით ითვლება, რომ საჯარო სკოლებიც არიან ავტორიზებული, თუმცა იქნება ცვლილებები კერძო სკოლის სტანდარტისაც ავტორიზაციის ნაწილში, თუმცა ჯერჯერობით ამაზე გამიჭირდება პასუხი. ჩვენ კერძო სკოლებთან თანამშრომლობით შევიმუშავებთ იმ სტანდარტებს, რომელსაც შევთავაზებთ საბოლოოდ. ცვლილება, რომელიც დღეს შევიდა მთავრობაში განსახილველად არ ეხება კერძო სკოლებს”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებისთვის ავტორიზაციის პროცესის კიდევ ერთხელ გადავადება განპირობებულია ზოგადი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმით, რაც სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულად გამართული გარემოს შექმნას გულისხმობს. ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც მოიაზრებს როგორც სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, სწავლა-სწავლების პროცესში ახალი, თანამედროვე მეთოდების დანერგვას.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „ახალი სკოლის მოდელი“ 165 საჯარო სკოლაში ხორციელდება. 2020-2021 სასწავლო წლიდან იგი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას შეეხება. ზოგადი განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის ყველა სკოლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები დაკმაყოფილდება და სასწავლო პროცესში სწავლა-სწავლების ახალი მიდგომები სრულად დაინერგება.
ეკა დგებუაძის თქმით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია სკოლების ავტორიზაციის ვადების გადაწევა. 2026-2027 სასწავლო წლიდან ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტით განხორციელდება, რომელიც საქართველოს ყველა სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს და თავის მხრივ, სამინისტრო სკოლებს ავტორიზაციისთვის ყველა რესურსით გააძლიერებს.
ამავე თემაზე:
ხარისხის ცენტრი საჯარო და კერძო სკოლების განმავითარებელი შეფასებების დაწყებაზე საუბრობს
სამინისტრო „ახალი სკოლის მოდელის“ მასშტაბურობას მედიის გარეშე აანონსებს – რა წერია პრეს–რელიზში
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება