GE

E-learning – თანამედროვე სწავლების მეთოდი საქართველოში

საქართველოში ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) დაფინანსებით, ელექტრონული სწავლების მეთოდზე ნაწილობრივ უკვე გადავიდა რამდენიმე სახლმწიფო უნივერსიტეტი. საგნების სწავლება როგორც ნაბეჭდი, ასევე, E-learning-ის გამოყენებით მიმდინარეობს.

უმაღლესი სასწავლებლების შემდეგ, ელექტრონული სწავლების მეთოდის შემოღებას სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც გეგმავენ. გუშინ, მასწავლებლის სახლში ელექტრონული სწავლების მორიგი სემინარი გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში, სემინარის ორგანიზატორები პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს საგნის ელექტრონული ვერსიის მომზადებას, ელეტრონული სწავლების პრაქტიკაში გამოყენებას ასწავლიან. ზოგიერთი პროფსასწავლებლების წარმომადგენლებს კონკრეტული საგნის ელექტრონული ვერსია უკვე შემუშავებულიც აქვს.

Aris.ge_განათლებასთან საუბარში, ახალციხის პროფსასწავლებლის ”ოპიზარის” წარმომადგენლები, ნაირა მელიქიშვილი, ლამარა თამარიძე და ნანა ბერიძე ამბობენ, რომ მათ უკვე დაიწყეს ინფორმატიკის ელექტრონული წიგნის შექმნაზე მუშაობა. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ამას ენთუზიაზმით აკეთებენ. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერაც.

შრომატევადი საქმეა. თემები აღებული გვაქვს. ამ მეთოდის გამოყენება პერსპექტიულია, რადგან ახალგაზრდებს წიგნის წაკითხვა ეზარებათ, ინფორმაციის მიღება ინტერნეტის საშუალებით ურჩევნიათ. ამიტომ, ვცდილობთ, მათ მოთხოვნებს მოვერგოთ. ჯერჯერობით, შერეული სწავლების მეთოდს ვიყენებთ, რადგან შეუძლებელია ერთბაშად ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლა. ამას დრო და ფინანსები სჭირდება. კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო ცალკე ბაზის სახით ელექტრონული საგნების კატალოგს შექმნის, რომ მხოლოდ სტუდენტმა კი არა, სხვა დაინტერესებულმა პირმაც მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული თემის შესახებ”-ამბობს ინფორმატიკის მასწავლებელი ნაირა მელიქიშვილი.

როგორც GIZ -ის ადამიანური რესურსების და პროგრამების განვითარების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის ბიუროში ირაკლი შურღულაია ამბობს, ელექტრონული სწავლების მეთოდი პირველ ადგილზეა. ეს მეთოდი ამიერკავკასიაშიც პოპულარულია. მისივე თქმით, ელექტრონული სწავლება გაკვეთილს უფრო თანამედროვეს, ხოლო სტუდენტისთვის მიმზიდველს გახდის.

GIZ-ის პროფესიული პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიაში პროფესიული განათლების პედაგოგთა და ლიდერთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება. ეს პროგრამა სამხრეთ კავკასიაში 2006 წლიდან ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მოვამზადეთ ელექტრონული სწავლების სპეციალისტები. სტუ-ს, ენათმეცნიერების ინსტიტუტიში, გორის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, ახალციხის უნივერსიტეტებში E-learning-ის უკვე განყოფილება მუშაობს.” – ამბობს შურღულაია.

აღნიშნული პროგრამა 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

სალომე არის© გოგოხია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური