GE

edu.aris.ge გილოცავთ შობა–ახალ წელს – ჩვენი გეგმები 2019–ში!

ძვირფასო არის.ჯი -განათლების მეგობრებო,

გვინდა მოგილოცოთ 2019 წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული! გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში, ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში!

დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2018 წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრებების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.

დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს  ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.

2018 წლის განმავლობაში, განათლებით დაინტერესებულმა თითქმის 2,500,000-მა მომხმარებელმა edu.aris.ge-ზე 16 მილიონი გვერდი დაათვალიერა. და ეს იმის ფონზე ხდება, რომ წლის დასაწყისში მყოფი მინისტრის გახსენებაზე, ძირითადად, მხოლოდ სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებული სკანდალი გვახსენდება, ხოლო ამჟამინდელმა მინისტრმა, საქმიანობის ექვსი თვის თავზე, ძირითადად მხოლოდ საკადრო ცვლილებებით და შიშველი ფრაზით – „განათლების რეფორმა“, ანდერსენის შიშველ მეფესთან ასოციაციით დაგვამახსოვრა თავი. 2018 წელი განათლებისათვის სევდიანი შედეგებით სრულდება.

2018 წელს, ჩვენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (აშშ) – საქართველოს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მარკეტინგული პროექტი განვახორციელეთ. პროექტი შედეგიანი იყო და პარტნიორების მიერ შეფასდა როგორც „საჭირო, ნაყოფიერი, საინტერესო და აუცილებელი“. ასევე, edu.aris.ge-ს ცნობადობა პროფესიული განათლების სტუდენტებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ორჯერ გაიზარდა.

2019 წელს ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მისი სტრუქტურების მიერ გეგმების შესრულების პროცესსა და შედეგებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი „საშვილიშვილო საქმედ“ გამოცხადებულ განათლების რეფორმას, რომელიც, როგორც ამბობენ, სულ მალე, 2019 წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს.

2019 წელს ჩვენ ახალი მიმართულების დაწყებას ვგეგმავთ, პირობითი დასახელებით -“EDU.ARIS.GE – განათლების გარეშე“. ახალი მიმართულების ფარგლებში, ჩვენ საუბარს ისეთ თემებზე შევძლებთ, რაც უშუალოდ განათლებასთან კავშირში არ არის და, მიუხედავად იმისა, რომ ეს განათლების სამინისტროს უწყებებსა და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს ეხება, „EDU.ARIS.GE- განათლების“ ფარგლებში გაშუქებაზე თავს ვიკავებდით.

ვილაპარაკებთ განათლების უწყებების ხარჯებზე, შესაძლო კორუფციასა და ლობირებაზე, ნეპოტიზმზე, შემოგთავაზებთ თანაბრად გადანაწილებულ პოლიტიკურ კომენტარებს და სხვ. „განათლების გარეშე“ მიმართულება ისე უნდა იყოს წარდგენილი, რომ არ შეუშალოს ხელი მხოლოდ „განათლებით“ დაინტერესებულ მომხმარებლებს, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.

2019 წელს, მასწავლებლების პროფესიული ცხოვრების საკითხების მიმართ ჩვენი ყურადღება გაიზრდება. გპირდებით, რომ გამოვაქვეყნებთ მეტ საინტერესო ინფორმაციას, ვიქნებით ოპერატიულები და ობიექტურები!

გმადლობთ, რომ ხართ ჩვენთან ერთად,

სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი 2019 წელი,

არის.ჯი- განათლების გუნდი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური