GE

„ემისი“ მეორე სემესტრში ელექტრონული ჟურნალის არ გახსნის მიზეზს განმარტავს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, მეორე სემესტრში ელექტრონული ჟურნალი არ გაიხსნა იქიდან გამომდინარე, რომ გახსნის მიუხედავად, მომხმარებელების გარკვეულ ნაწილთან საბოლოო შეფასების სწორად გამოთვლა ტექნიკურად ვერ მოხერხდებოდა.

ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ 19 ივნისს გაავრცელა და ფაქტის გამომწვევ მიზეზებიც დაასახელა:

“მეორე სემესტრში ელექტრონული ჟურნალი არ გაიხსნა იქიდან გამომდინარე, რომ გახსნის მიუხედავად ტექნიკურად ვერ მოხერხდებოდა მომხმარებელების გარკვეულ ნაწილთან საბოლოო შეფასების სწორად გამოთვლა, შემდეგი მიზეზიდან გამომდინარე:

  • 2020-2021 სასწავლო წლის ორივე სემესტრში ელ. ჟურნალში შეიძლებოდა ყოფილიყო არასრულად ასახული მოსწავლეების შეფასებები.
  • მოგეხსენებათ, მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ყოველკვირეულად შეეცვალათ სწავლების ტიპი ანუ განხორციელებულიყო მობილობა. სწავლების ტიპის შეცვლა (დისტანციურზე ან პირისპირზე), ტექნიკურად გულისხმობს სისტემა eschool-ში კლასის პარალელის შეცვლას. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ პროცესები, რომელებიც მოსწავლესთან მიმდინარეობდა (მაგ.: შემაჯამებელი დავალების კომპონტეტში მისი შეფასება, შემაჯამებელი დავალების აღდგენის ჩანიშვნა და ა.შ.) კლასის ცვლილებასთან ერთად წყდებოდა, რაც იწვევდა მოსწავლის სემესტრული შეფასების არასწორად დათვლას.
  • იმ კლასში, სადაც ყველა მოსწავლის შეფასების ასახვა ხდებოდა დროულად და არ ხორციელდებოდა მობილობა (დისტანციურიდან პირისპირზე გადასვლა ან პირიქით), 2020-2021 წლის მეორე სემესტრის სემესტრული შეფასება სისტემის მიერ სწორად იქნება გამოთვლილი. შესაბამისად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ელექტრონულში ასახული მეორე სემესტრის საბოლოო შეფასებით და ყველა მოსწავლის ჭრილში სემესტრული და წლიური შეფასება დაამტკიცოთ სკოლის მიერ დადგენილი აქტით.

მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, შერჩეული იყო წლიური და სემესტრული შეფასებების გამოთვლის შემუშავებული ფორმა”, – წერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური