„სახელოვნებო მიმართულებით მტკივნეული პრობლემები არ შექმნილა“ – პრორექტორი უმაღლესი განათლების რეფორმაზე
EDU.ARIS.GE-ს სამ კითხვას უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ, პასუხობს თამარ ჩხეიძე – გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და რექტორის მრჩეველი:
– რა იმსახურებს უმაღლესი განათლების რეფორმაში/კონცეფციაში თქვენს მოწონებას? იმ გადაწყვეტებზე გვინდა მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და ანალიზი, რაც თქვენი ხედვით მოსაწონი და აუცილებელია.
– ჩვენთვის ძალიან მოსაწონი და მისაღებია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სახელფასო ანაზღაურების ზრდას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ციფრებში იქნება გამოხატული – სახელოვნებო განათლების შემთხვევაში, ჩვენი აკადემიური პერსონალი იმავდროულად არის დასაქმებული საშუალო რგოლში, სხვადასხვა ორკესტრში. როდესაც სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება, მეტ პასუხისმგებლობას აიღებს აკადემიური პერსონალი, რომ იყოს დამაგრებული ერთ კონკრეტულ ინსტიტუციასთან და შესაბამისად, მისი მუშაობის ეფექტიანობაც გაიზრდება. ამიტომ არის ეს მოსაწონი და მოუთმენლად ველოდებით…
როდესაც გაცხადდა რეფორმა, მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პროგრამების ოპტიმიზაცია იყო. კი, კონცეფციაში თავიდან ჩადებული იყო, რომ გარკვეული გამონაკლისები იქნებოდა. ჩვენ დაგვჭირდა საკმაოდ სერიოზული არგუმენტაცია, რათა დაგვესაბუთებინა პროგრამების ხანგრძლივობა [აუცილებლობა], პროგრამების მოცულობა იმ კვალიფიკაციის მინიჭებისთვის, რაც პროგრამით იყო განსაზღვრული. უნდა ითქვას, რომ უმრავლეს შემთხვევაში და მე ჩემს დარგზე შემიძლია საუბარი, ეს იყო გათვალისწინებული სამინისტროს მხრიდან.
მე სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალიც ვარ, ამ პროცესში ჩართული ვიყავი და შემიძლია გითხრათ, რომ არ იყო მარტივი – იყო გარკვეული სტრატეგია, რომ შემცირება მომხდარიყო პროგრამების ხანგრძლივობის – ოპტიმიზაცია რასაც ისახავს მიზნად, მაგრამ როდესაც ჩვენ დავუსაბუთეთ, მოხდა გათვალისწინება. მაგალითად, კონსერვატორიის შემთხვევაში, ჩვენ თვითონ გამოვყავით ის პროგრამები, სადაც შესაძლებელი იყო, ოპტიმიზაცია მომხდარიყო. ეს გახლავთ ჯაზის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა და მუსიკის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. ჩვენ აბსოლუტურად ყველა პროგრამა შეგვინარჩუნდა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას არასდროს განუხორცილებია ისეთი პროგრამა, რომელიც მისი მთავარი მუსიკალური მიმართულების გარეთ იყო.
იყო წლები, როდესაც სახელოვნებო უნივერსიტეტებმა პროფილი გაიფართოვეს, დაიმატეს ისეთი პროგრამები, რომლებიც გარკვეულწილად კი იყო დარგთან დაკავშირებული, მაგრამ ბოლომდე არა. საბოლოო ჯამში, ისეთი შედეგი მივიღეთ, რომ სახელოვნებო უნივერსიტეტი, შესაძლოა, მრავალპროფილიანი უნივერსიტეტიც ყოფილიყო. ზოგადად, მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტი – ეს არის მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინსტიტუტი კი არის ისეთი კატეგორიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც შეიძლება ერთი დარგი იყოს წარმოდგენილი. დარგთაშორისი კავშირები, ურთიერთობები ინტერდისციპლინურ კვლევებს უწყობს ხელს. ამიტომ, უნივერსიტეტს რომ ჰქონდეს უნივერსიტეტის სტატუსი – ვგულისხმობ მრავალპროფილიანობას – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თავდაპირველად კი იყო გაცხადებული – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ჩვენ არ შეგვეხო – მე შემიძლია, მხოლოდ ჩემს დარგთან დაკავშირებით ვისაუბრო.
– რა არის რეფორმის/კონცეფციის ის ნაწილი ან ნაწილები, რომლებიც ნაკლებად მოგწონთ და თქვენ რას გააკეთებდით სხვანაირად ამ კონტექსტში?
– მე დარგს წარმოვადგენ და არა მარტო ვიწროდ სამუსიკო მიმართულებით, არამედ ხარისხის განვითარების ექსპერტად მუშაობის გამოცდილებაც მაქვს და სხვა დარგების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საშუალებაც. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სახელოვნებო მიმართულებით მტკივნეული პრობლემები არ შექმნილა. მართლაც სპეციფიკური დარგებია, მართლაც უნიკალური პროგრამები და ძირითადად შენარჩუნებულია. სადაც თავდაპირველად იყო მითითება, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, პროგრამების ოპტიმიზაცია გავაკეთოთ, შემდგომ ამ არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე, გამონაკლისებში თითქმის ყველა დარგი მოხვდა, საკვალიფიკაციო ჩარჩოში რა ჩამონათვალიც არის. რამდენიმე არის, სადაც ნამდვილად შეიძლება იმ კომპეტენციის მიღება, რასაც 4 წელი კი არა, დასჭირდება 3 წელი. ვუპასუხებ თქვენს შეკითხვას – მე ვისურვებდი, რომ ეს საკითხები პოსტ ფაქტუმ კი არ მომხდარიყო, თავად რეფორმის განმახორციელებელ სუბიექტებსაც, ვფიქრობ, რომ უფრო გაუადვილდებოდათ, თუკი, დროული ინფორმირება მოხდებოდა. ეს მაქვს მხედველობაში.
ასევე, მომწონს ის, რომ სახელმძღვანელოები, ქართულენოვანი ლიტერატურის შექმნა არის ამ კონცეფციით განსაზღვრული და კიდევ მომწონს სამეცნიერო კვლევები… და, რასაკვირველია ის, რომ სწავლა იქნება უფასო. ასევე, პროფესიული განათლება, რომელიც ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეს აკადემიურ განათლებასთან ერთად ფუნქციონირებდეს ქვეყანაში. მთავარია, რომ ხელი არ შეეშალოს და ისე წარიმართოს, როგორც არის დაგეგმილი.
– და ბოლოს, რა კონკრეტულ დადებით შედეგს მივიღებთ რეფორმის ამ კონცეფციის შესაბამისად განხორციელებით და რა დროში შეიძლება დადგეს შედეგები განათლების ხარისხის ზრდის თვალსაზრისით?
– მე მგონი, არ ვარ ადრესატი ამ შეკითხვის, რადგან არ ვმონაწილეობდი ამ რეფორმის დაგეგმვაში. ამიტომ, პროგნოზის გაკეთება ნამდვილად გამიჭირდება. ვისურვებდი მაქსიმალურად საუკეთესო შედეგს, რასაკვირველია. მე კონცეფციის მესვეური არ ვარ და არ ვიცი, როდის, როგორ შედეგს მივიღებთ. რასაც ვისურვებ, არის მაღალი ხარისხის აკადემიური განათლება, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი საქართველოში იმიტომ, რომ ამაზეა დაფუძნებული ქვეყნის მომავალი. მე პირადად, რომელ დარგსა და სფეროსაც წარმოვადგენ, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ თავდაუზოგავად ვშრომობ ამ მიმართულებით.
ასევე იხილეთ:
„სახელმძღვანელოები პრაქტიკულად არ გვაქვს, ძალიან სერიოზული პრობლემაა“ – კონსერვატორიის რექტორი
რატომ ვერ (ვ)აქებთ უმაღლესი განათლების რეფორმას?
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
„მასწავლებლის მაღალი ანაზღაურება მხოლოდ იმ საფეხურის საათებზე გავრცელდება“ – საგნები, საფეხურები და ანაზღაურების ახალი წესი
by ARIS.GE-განათლება
-
„სახელმძღვანელოები პრაქტიკულად არ გვაქვს, ძალიან სერიოზული პრობლემაა“ – კონსერვატორიის რექტორი
by ARIS.GE-განათლება
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება

