ქართულ უნივერსიტეტებს საზღვარგარეთ ფილიალების გახსნის უფლება ექნებათ – როგორი იქნება პირობები
2026 წლის 18 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პირველად მიანიჭებს საზღვარგარეთ ფილიალების გახსნის უფლებას.
“უცხო ქვეყანაში მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში სტუდენტთა მიღება და ჩარიცხვა ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით”, – ვკითხულობთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, უცხოეთში ფილიალის გახსნისა და ფუნქციონირებისთვის განისაზღვრა კონკრეტული პირობებიც. მათ შორის, უნივერსიტეტმა საზღვარგარეთ ფილიალის გასახსნელად უნდა მოიპოვოს საქმიანობის განხორციელების სპეციალური უფლება (ავტორიზაციის სტანდარტების შემოწმებით), ხოლო საგანმანათლებლო პროგრამებმა უნდა გაიაროს აკრედიტაცია. პროცესი უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს, ისე მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას.
უცხოურ ფილიალში სწავლის დასრულების შემდეგ დიპლომს გასცემს საქართველოში მოქმედი სათავო უნივერსიტეტი. დიპლომის დანართში კი მიეთითება, რომ სტუდენტმა განათლება საზღვარგარეთ არსებულ ფილიალში მიიღო.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხი სტუდენტთა კვოტებს ეხება, უცხოეთის ფილიალებისთვის სტუდენტთა მიღების ადგილების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და არ ჩაითვლება საქართველოში არსებული ძირითადი კამპუსის კვოტებში.
“სათავო უნივერსიტეტისა და უცხოეთის ფილიალისთვის სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობები განისაზღვრება ცალ-ცალკე”, – წერია კანონპროექტში.
რა ჩანაწერი დაემატება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონს:
საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
1. საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უცხო ქვეყანაში, შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის დაცვით, დააფუძნოს ფილიალი და მისი მეშვეობით განახორციელოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
2. უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლების მოპოვება და შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.
3. უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები ითვლებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებად და აღირიცხებიან უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
4. უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად კვალიფიკაციას ანიჭებს, დიპლომსა და დიპლომის დანართს გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დიპლომის დანართში მიეთითება ინფორმაცია უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში სწავლების განხორციელების თაობაზე.
რა ჩაიწერება “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში:
საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვება:
1. საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს (EQE) წარუდგინოს განაცხადი მის მიერ უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად.
2. ცენტრი დამოუკიდებლად ან შესაბამისი უცხო ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის ორგანოსთან თანამშრომლობით ამოწმებს უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფილიალის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან, მისი საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით. აღნიშნულ ფილიალში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო. უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება დასაშვებია, თუ შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა იძლევა აღნიშნულ ფილიალში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას.
4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადით.
5. ავტორიზაციის საბჭოს მიერ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფილიალისთვის სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობები განისაზღვრება ცალ-ცალკე.
6. ცენტრი ამოწმებს უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფილიალის მიერ კანონით გათვალისწინებული უფლების მოპოვების პირობების შესრულებას კანონისა და ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში საქმიანობის განხორციელების უფლება ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.
უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ ფილიალში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისთვის სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო. აკრედიტაციის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.
ასევე იხილეთ:
-
საქართველოში საზღვარგარეთ აღიარებული სასკოლო პროგრამების განხორციელების წესი იცვლება – საფასური და ახალი დათქმები
by ARIS.GE-განათლება
-
19 ნოემბერს, თბილისში ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე 6 წელს მიუღწეველი ბავშვების საკითხზე მშობლებს მიმართავს – „ამ ბავშვებს შევუნარჩუნოთ ბავშვობა“
by ARIS.GE-განათლება