GE

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობას წინასწარი რეგისტრაცია აღარ სჭირდება – განრიგი და „NAEC“-ის განმარტება

2022-2023 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მოსწავლეების წინასწარი რეგისტრაცია საჭირო აღარ იქნება და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა VII-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 5 დეკემბერს აქვეყნებს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმული კითხვის პასუხად გამოცდების ცენტრში განგვიმარტეს, ვინაიდან ოლიმპიადა წელსაც ონლაინ ფორმატში ჩატარდება, შესაბამისი ბმული, სადაც მოსწავლე უნდა შევიდეს და ასევე დაწყების დრო, გამოცდების ცენტრის მიერ იმავე დღეს, დილიდან გამოქვეყნდება. 

ცენტრმა გამოაქვეყნა ოლიმპიადის ჩატარების თარიღები საგნების მიხედვით და ასევე ინფორმაცია იმ პირებისთვისაც, ვინც სპეციალური პირობების შექმნის მოთხოვნით გამოცდების ცენტრს წინასწარ უნდა მიმართოს.

2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულად ჩატარდება.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ონლაინ ფორმატით ტარდება. ბმული და ასევე დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge ოლიმპიადის ჩატარების დღეს გამოქვეყნდება.

განრიგი:

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში:

9 დეკემბერი:
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
ფრანგულ ენაში.

10 დეკემბერი:
ისტორიაში;
ქიმიაში.

11 დეკემბერი:
ინგლისურ ენაში;
გერმანულ ენაში.

12 დეკემბერი:
მათემატიკაში;
ბიოლოგიაში.

13 დეკემბერი:
გეოგრაფიაში;
ფიზიკაში;
რუსულ ენაში.

მხოლოდ ორი არასრული დღე ექნებათ გამოცდების ცენტრისთვის სავალდებულო ინფორმაციის მისაწოდებლად იმ პირებს, რომელთაც განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მიეცათ.

კერძოთ, გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ პირები, რომელთაც სურთ სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, ვალდებულნი არიან 2022 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის 18:00 საათამდე ცენტრში წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პირებმა, რომელთაც სურთ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება, ამავე ვადაში (2022 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის 18:00 საათამდე) ცენტრში უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის თაობაზე.

განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს განაცხადის გამოგზავნას სპეციალური პროგრამის (eflow) საშუალებით.

“ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს. გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო. ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა”, – ვკითხულობთ გამოცდების ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა – რატომ იგვიანებს რეგისტრაციის გამოცხადება?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური