GE

ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა – რა საკითხები წერეს ქართულში 2026 წლის აბიტურიენტებმა ორივე სესიაზე

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ზუსტად 18:00 საათზე დასრულდა. აბიტურიენტებმა 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე იმუშავეს, გამოცდა კი ორ სესიად წარიმართა.

საქართველოს მასშტაბით გახსნილი სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები თავიანთ საკითხებსა და შეფასებებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს უზიარებენ, იხსენებენ იმ მაგალითებს, რომლებიც პარალელის გავლებისას წერით დავალებაში გამოიყენეს და აფასებენ გამოცდის სირთულესაც:

პირველი სესია

დარეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.

თბილისი

რედაქტირება – მონასტრის მშენებლობის შესახებ.
წერითი დავალება: პროგრამული ნაწილიდან შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” – ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრა, თეზისი დაახლოებით: “გონივრული მოსმენა და რჩევის მიცემა მხოლოდ გონიერ ადამიანი შეუძლია”; არაპროგრამული ლევან გოთუას “გმირთა ვარამი”, თეზისი დაახლოებით: “საერთო ან მსგავსი ტკივილი აერთიანებს თუ არა დაპირისპირებულ მხარეებს”.

ნიკა არაბული 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ძალიან მარტივიც არ იყო, ვიტყოდი, რომ უფრო საშუალო სირთულის გამოცდა იყო. საგამოცდო ცენტრში შესულს მეგობრული გარემო დამხვდა, სტრესული ვითარება არ ყოფილა. თხზულება “გმირთა ვარამიდან” დავწერე. თეზისი, დაახლოებით, ასეთი იყო – “ტკივილმა, შესაძლოა, დაპირისპირებული მხარეებიც შეარიგოს”. თანამედროვეობისა და პარალელის მოფიქრება არ გამჭირვებია. რაც შეეხება რედაქტირების დავალებას, 14 შეცდომა ვიპოვე. გასული წლების ტესტებზეც მიმუშავია და შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით, იგივე სირთულის იყო. 40 ქულას მაინც ველოდები. ტურიზმისა და საჯარო მმართველობის პროგრამები მაქვს არჩეული როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში”.

ელენე 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “უფრო რთულ გამოცდას ველოდი. ჩემს მასწავლებელთან უფრო რთულ მაგალითებზე ვმუშაობდი. შეიძლება, ამიტომაც მომეჩვენა ეს გამოცდა უფრო მარტივი. მე “ვეფხისტყაოსანი” დავწერე. იმდენად კარგად მქონდა ეგ ნაწარმოები დამუშავებული, რომ რაც არ უნდა მოსულიყო, მაინც “ვეფხისტყაოსანს” დავწერდი. ყოველ წელს მოდის და ამიტომ ყველა დიდ ყურადღებას ვაქცევთ [შესწავლას]. პარალელები პირადი გამოცდილებიდანაც მოვიყვანე. ვფიქრობ, კარგი პარალელები გამომივიდა. ჯერ ცალკე მინდოდა ჩამომეყალიბებინა, მაგრამ მერე შემეშინდა, რომ ვეღარ მოვასწრებდი და ავჩქარდი. თუმცა, დრო დამრჩა. მე მგონია, რომ ამ ტესტის დაწერას ამდენი ხანი არ სჭირდება. თუმცა, არ ვიცი, შეიძლება, სხვებისთვის საჭიროც იყოს. მე ჩემი თავის იმედი მქონდა და არაფერზე მიდარდია”.

აბიტურიენტი 93-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “არაპროგრამული ტექსტი დავწერე, არ მინდოდა “ვეფხისტყაოსანი” ყოფილიყო ჩემს ვარიანტში და თავიდან დავიძაბე, მაგრამ არაპროგრამული ტექსტი წაკითხული მქონდა და მშვიდად დავწერე. პარალელი ომებზე გავავლე მიუხედავად იმისა, რომ ომის სხვადასხვა მხარეს მდგომი ადამიანები მტრებად ითვლებიან, მათი საერთო ტკივილი ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობას აჩენს და ამის პარალელად წიგნი “ათასი მოელვარე მზე” მოვიყვანე. 14 შეცდომა ვიპოვე რედაქტირებაში, საინტერესო ტექსტი იყო”.

“ვეფხისტყაოსანზე” ვიმუშავე და პარალელი გავავლე ჯემალ ქარჩხაძის “ზებულონზე”. რაც შეეხება რედაქტირებას, რთული არ იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ადვილიც იყო, მონასტრის მშენებლობის შესახებ გვქონდა”, – იხსენებს კიდევ ერთი აბიტურიენტი ლიზი ჩიხიაშვილი ამავე საგამოცდო ცენტრიდან.

გორი

ეკა კარაპეტოვი გორის მე-3 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: საშუალო სირთულის საკითხები იყო ტესტებში. ყველა საკითხზე ვიმუშავე და იმედია, მაღალ შედეგსაც დავიმსახურებ.  “ვეფხისტყაოსნიდან” ავთანდილისა და ტარიელის ის ეპიზოდი იყო, ავთანდილი რომ ურჩევს ტარიელს. აქედან იყო თეზისი, რომ “გონიერ ადამიანს შეუძლია გონივრული რჩევა მიიღოს”. ტექსტის გააზრება ძირითადად ამ ეპიზოდის გარშემო იყო, რა უთხრა ავტანდილმა ტარიელს და რა უპასუხა მან. აქ დავწერე, რომ ავთანდილმა არ დაუჯერა ტარიელს. ეცადა მისთვის რჩევა მიეცა, რომ ის დაეხმარებულა და ასევე ღმერთის იმედი უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება რედაქტირებს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად დავწერე.

ბათუმი

დავით მამულაძე, აბიტურიენტი: „ვეფხისტყაოსანი“ შემხვდა. პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. გამოცდაზე ზუსტად სამი საათი დავხარჯე. მოვიდა სწორედ ის საკითხები, რომლებზეც ნამუშევარი მქონდა, როგორც რედაქტირებაში, ისე თემაშიც. ჩემი მოლოდინები გამართლდა. ჩემთვის გამოცდა რთული არ ყოფილა. პუნქტუაციური და სტილისტური შეცდომების გასწორებაც განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. იყო ტექსტიდან ფრაზები, რომელთა მნიშვნელობა უნდა აგეხსნა, ასევე უნდა დაგესახელებინა, რომელი მხატვრული ხერხი იყო გამოყენებული. მე არჩევანი სამართალზე გავაკეთე და იმედი მაქვს, ჩავაბარებ“.

თელავი

საბა მანიჟაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჭანდრის საჯარო სკოლიდან: “მინდა აღვნიშნო, რომ საკითხები რთული არ იყო. საწერად ავირჩიე თემა ,,ვეფხისტყაოსნიდან“. ვფიქრობ, რომ სხვა მოსწავლეებსაც გაუმარტივდებოდათ გამოცდის დაწერა. საპასუხისმგებლოა ეს ყოველივე, რადგან ერთგვარ შეჯამებას გავდა იმისა, რაც მთელი სკოლის პერიოდში გვაქვს ნასწავლი. ყველაზე მეტი დრო წაიღო თემის წერამ. კურიოზული რაც იყო ისაა, რომ ჩემი მერხი წერის დროს მოძრაობდა და ვცდილობდი, მაქსიმალურად სწორად დამეწერა. სხვა მონაწილეებმაც მოირგონ მერხი საგამოცდო დროის დაწყებამდე, ეს იქნება ჩემი რჩევა“.

ნინი მათეშვილი, სკოლა ლიცეუმი ,,ინტელექტი“, სიღნაღის მუნიციპალიტეტი: “ვეფხისტყაოსანზე” მუშაობისას დიდი სიამოვნება მივიღე. გამოცდას ბევრად უფრო რთულს ველოდი, ვიდრე აღმოჩნდა. ფურცელი რომ გავხსენი ბედნიერი ვიყავი, რედაქტირებაც, წაკითხულის გააზრებაც და ასევე, თემაც ძალიან მომეწონა. თეზისსაც მარტივი სათაური ჰქონდა. იმედია, ყველა შევძლებთ სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს მოვხვდე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მათემატიკით ვარ გატაცებული და ისეთი სფერო ავარჩიე, რომელიც მაქსიმალურად დაუკავშირდებოდა ჩემს გატაცებას“.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მეორე სესია

დარეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-მდე გამოსაცდელი.

რედაქტირება – არქიტექტურის შესახებ, სარაჯიშვილის სახლზე.
წერითი დავალება: პროგრამული ნაწილიდან წერითი დავალება მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”, თეზისი დაახლოებით:“ადამიანებისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა”;  არაპროგრამული მურმან ლებანიძის ლექსი “ვოი”; თეზისი დაახლოებით: “მწვერვალზე ასვლისას მონათესავე სული გაგიგებს მხოლოდ”.

თბილისი

გიორგი მიქაბერიძე 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ზოგადად, გამოცდა არ იყო რთული, თუმცა გააჩნია, რამდენად ხარ მომზადებული. თუ მთელი წელი მუშაობდი და იცი მასალა, კარგად დაწერ. მე კარგად დავწერე. ტესტის ნაწილებს შორის, მაინც მგონია, რომ შედარებით რთული თხულების დაწერაა, რადგან აქ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. ვწერე “ჯაყოს ხიზნები”, თანამედროვეობის ნაწილში ფილმი გამოვიყენე, პარალელად კი – ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაური”, თუმცა კონტრარგუმენად. კონტექსტი ასეთია – ის არ დამარცხდა საკუთარ თავთან, პირიქით, გაიმარჯვა, როდესაც მტერი დაინდო და არ მოკლა. მან მტერში მებრძოლი დაინახა და პატივისცემა გამოხატა მის მიმართ იმის მიუხედავად, რომ იცოდა, თემიდან გააძევებდნენ. წაკითხულის გააზრების დავალებაში ყველა კითხვას მარტივად ვუპასუხე, თუმცა რომ არ მოაგტყუოთ, მასზე მეტად ტექსტის რედაქტირება გამიჭირდა. 15 შეცდომა ვიპოვე. დაახლოებით, 50 ქულას ველოდები”.

ნინი ბერიტაშვილი 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “დავწერე პროგრამული ნაწარმოების მონაკვეთი “ჯაყოს ხიზნებიდდან”. ამონარიდი იყო როდესაც მარგო და ჯაყო იწერენ ჯვარს და აღწერილი იყო თეიმურაზის რთული ემოციური მდგომარეობა. თემაში უნდა გვესაუბრა ადამიანის საკუთარ თავთან დამარცხებაზე, როდესაც აღიარებს საკუთარ თავთან დამარცხებას. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ პარალელი გავავლე აკაკი წერეთლის “გამზრდელთან”, როდესაც საფარბეგმა აღიარა რომ ჩაიდინა დანაშაული და აღიარა რომ მის მიერ ჩადენილი ეს საქციელი იყო უსამართლო და არავაჟკაცური. რედაქტირებაში 14 შეცდომა ვიპოვე. თემა ეხებოდა სარაჯიშვილის სახლს, თუ როგორი ინტერიერი და არქიტექტურა იყო. ვარიანტს არც ისე რთულად არ შევაფასებდი, მთავარია არ ვინერვიულოთ”,

ანასტასია არუთინოვა 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “საშუალო სირთულის გამოცდა იყო. თუ მეცადინეობდი, არ უნდა გაგრთულებოდა. უშუალოდ დავალებებს შორის, შედარებით რთული ჩემთვის თხზულების დაწერა იყო, აღარ მახსოვდა კარგად “ჯაყოს ხიზნები”, თუმცა თემა მაინც აქედან დავწერე. თანამედროვეობის ნაწილში ვისაუბრე, თუ რა მოსდით თანამედროვე ოჯახებს, პარალელი არ მომიყვანია. წაკითხულის გააზრება მარტივი იყო. ტექსტის რედაქტირებაშიც შეცდომები მარტივად ვიპოვე. მართალია, არ დამითვლია შეცდომები, მაგრამ რაც მთავარია, ვიპოვე. აქედან გამომდინარე, საკმაოდ კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და 30 ქულაზე მეტს ველოდები”.

ანა 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “დავწერე პროგრამული ნაწარმოები “ჯაყოს ხიზნები”, თეზისი იყო შემდეგნაირი, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია არის საკუთარ თავთან დამარცხება, კარგი მონაკვეთი იყო და სამსჯელოდაც ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა, მე პარალელი ტარიელთან გავავლე, ისიც ნესტანის დაკარვის შემდეგ სასოწარკვეთაში ვარდება და საკუთარ თავთან აქვს ბრძოლა, მაშინ იმარჯვებს, როცა საკუთარ თავში ძალას პოულობს. ადვილი ვარიანტი იყო ჩემთვის, რედაქტირებასაც არ მერთულა”.

ქუთაისი

ბაღდათელი აბიტურიენტი ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “სწორედ ეს საკითხები მინდოდა მოსულიყო. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ვწერე “ჯაყოს ხიზნები”, პარალელები არ გამივლია, აქტუალობაში მოვიყვანე ცნობილი ადამიანები, ნეიმარი და მარადონა. რედაქტირებას რაც შეეხება, ფიქრიც არ უნდოდა, ისეთი მარტივი იყო, სტილისტური და პუნქტუაციური შეცდომები გავასწორე. მთელი წელი ვმეცადინეობდი, კარგად მოვემზადე და შეიძლება, ამიტომაც იყო ჩემთვის ადვილი. მინდა თბილისში ვისწავლო, საჯარო მმართველობაზე.

გორი

არაპროგრამული მურმან ლებანიძის “ვოი” გვქონდა და თეზისი იყო ასეთი: “მწვერვალზე ასვლისას მონათესავე სული გაგიგებს მხოლოდო”. ასე იყო თუ სწორად მახსოვს. ეს არ დამიწერია, რადგან რთულად მივიჩნიე. დავწერე პროგრამული – “ჯაყოს ხიზნები”, ის უფრო გამიმარტივდა. რედაქტირება და სხვა დავალებები მარტივია, მთავარია, დრო კარგად გაანაწილო და ყველაფერს დაძლევ.

ბათუმი

ანეტა დუმბაძე, 1-ელი საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: „პროგრამულად „ჯაყოს ხიზნები“ იყო, ძალიან გამიადვილდა, არაპროგრამულში კი, მურმან ლებანიძის ლექსი „ვოი“. ერთ-ერთი თეზისი იყო მაგალითად, რომ ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა. ამ თეზისს პარალელი გავუვლე „განდეგილთან“, როდესაც განდეგილმაც საკუთარ თავს მისცა პირობა, რომ მარტო იქნებოდა, თუმცა შემდეგ ეს ფიცი ბოროტად მოვლენილი ქალის გამო დაარღვია. საერთო ჯამში, დაწერა არ გამჭირვებია“, – იხსენებს ჩვენთან საუბრისას აბიტურიენტი”

„როცა პირველი დავალება შევასრულე, ამის შემდეგ ნერვიული ფონი აღარ მქონდა და ყველაფერი თავისუფლად დავწერე. თემაში პარალელი მოვიყვანე „ვეფხისტყაოსნიდან“, როდესაც ტარიელმა ნესტანის ძებნაზე ხელი ჩაიქნია, თუმცა ავთანდილმა გაამხნევა და ძებნა გააგრძელებინა. ჩემი შედეგებით კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ჩვენთან საუბარში სოლომონ შარაძე, კიდევ ერთი აბიტურიენტი ბათუმიდან.

ხვალ, 3 ივლისს, აბიტურიენტებისთვის გამოცდა ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ისევ ორ სესიად ჩატარდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური