GE

ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფს მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს

საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფს მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც საგამოცდო პროცესში ჩართულ ყველა უწყების წარმომადგენელს შეხვდა და გამოცდების სამზადისზე ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაცია განათლების და მეცნიერების სამინისტრომ 14 ივნისს გაავრცელა.

გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად შექმნილ საორგანიზაციო ჯგუფში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გარდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის მერიის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, ამასთანავე თელასის, ენერგო-პრო ჯორჯიას, მაგთიკომისა და სქაიტელის წარმომადგენლები შედიან, რომლებიც გამოცდების მიმდინარეობის პროცესს გაუწევენ ზედამხედველობას.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა უწყებამ სრული მზადყოფნა დაადასტურა, რომ გამოცდები მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული.

მინისტრის მოადგილე, ჯგუფის  წევრებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკითხზე, თუ როგორ მოხდება კოვიდ-დადებითი აბიტურიენტების საგამოცდო პროცესში მონაწილეობა.

გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ყველა საგამოცდო ცენტრის აღჭურვა თითქმის დასრულებულია. წელს ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, რომელთაგან  11 თბილისში, 3 ქუთაისში, 3 ბათუმში, დანარჩენი კი ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოშია განთავსებული.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური