GE

ერთადერთი მიმართულება განათლებაში, სადაც დისტანციური სწავლება არ ხორციელდება – გაჩერებული პროფესიული სასწავლებლები ცვლილებების მოლოდინში

პროფესიული სწავლება, განათლების სფეროში, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, განსხვავებით ზოგადი და უმაღლესი განათლებით მოსარგებლეთაგან, ვერაფერი შესთავაზეს. სწავლება, რომლის 90 პროცენტიც პრაქტიკისაგან შედგება, მარტიდან სრულიად შეწყვეტილია. ათასობით სტუდენტი გაურკვეველი დროით დაითხოვეს და მთავრობის მითითებებს ელიან.

კოლეჯებში აცხადებენ, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, პროფესიულ განათლებაში დისტანციური სწავლება არ ხორციელდება. ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსავალს ისევე ეძებენ, როგორც საქართველოში, რადგან მსგავსი გამოცდილება არც დასავლეთში გააჩნიათ.

კორონავირუსის გამო, გაუქმდა საგაზაფხულო მიღებაც და მხოლოდ ერთი – საშემოდგომო მიღება განხორციელდება. აპლიკანტების რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება, გამოცდები სექტემბერში ჩატარდება, სწავლა კი – ოქტომბრიდან განახლდება. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, საშემოდგომო მიღებით აქტიურად სარგებლობენ ხოლმე ის აბიტურიენტები, რომლებმაც მისაღები გამოცდები წარმატებით ვერ გაიარეს და უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დარჩნენ. გამოდის, რომ წელს მათ ეს შესაძლებლობა აღარ ექნებათ, იმ შემთხვევაში, თუ თადარიგს წინასწარ არ დაიჭერენ და პროფესიულ სასწავლებლებში მოსახვედრად რეგისტრაციას მაისშივე არ გაივლიან.

ზურა ერთ-ერთი პროფესიულ სასწავლებელში მინანქარზე მუშაობას სწავლობს. მისი ერთწლიანი პროგრამა გასული წლის ნოემბერში დაიწყო და 2020 წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო. პირველი მარტის შემდეგ სწავლა მასაც, ისევე როგორც ყველას, შეუწყდა. მას შემდეგ ზურას კოლეჯიდან არავინ დაჰკავშირებია. პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით სიახლეებს მედიიდან იგებს. მედიიდანვე შეიტყო ისიც, რომ სწავლა, სავარაუდოდ, ოქტომბერში განახლდება.

„არ ვიცი არც სწავლის დაწყების დრო და არც ის, თუ რამდენი ხნით გახანგრძლივდება ჩვენი პროგრამა, რა ცვლილებები შევა, იგივე გრაფიკი შენარჩუნდება თუ არა. იმედია, სწავლის დაწყებამდე დაგვიკავშირდებიან და ყველაფერს გვეტყვიან“, – ამბობს ის.

რეალურად, გაურკვევლობაში მხოლოდ სტუდენტები არ არიან. პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელობაც პასუხების მოლოდინშია. კოლეჯებში, ისევე როგორ ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დისტანციურ მუშაობაზე 16 მარტიდან გადავიდნენ. სტუდენტები და პედაგოგები დაითხოვეს და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა სამომავლოდ, თუ პანდემია დიდ ხანს გაგრძელდებოდა.

პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც არ არსებობს აკადემიური სემესტრი ან წელი, სწავლის გახანგრძლივება გარდაუვალია. ანუ, თითოეულ სტუდენტს, რომელსაც რამდენიმეთვიანი პაუზის აღება მოუხდა, სასწავლო დრო გაუხანგრძლივდება და კოლეჯებს იმაზე გვიან დაასრულებენ, ვიდრე ეგონათ. ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ გახანგრძლივება არც ისე დიდი იქნება, თუმცა ფაქტია, რომ მათ ერთი დიდი გამოწვევა აქვთ – ჩამორჩენა მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა აღმოფხვრან და კურსი ისე დაასრულონ, რომ სტუდენტთა ახალ ნაკადს, რომელიც ჩვეულებრივზე დიდი იქნება, ვინაიდან ორი მიღების (გაზაფხულისა და შემოდგომის) მსურველებს გააერთიანებს, ხელი არ შეეშალოს.

„კოლეჯში მუშაობა ერთი დღითაც არ შეგვიწყვიტავს. ზუსტად ამ პერიოდის განმავლობაში ექვსი ახალი პროგრამის ავტორიზაცია გავიარეთ. ასევე, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაგვეზარდა. გარდა ამისა, მოკლევადიან კურსებზე დავიწყეთ მუშაობა, რათა შემოდგომისთვის კვალიფიკაცის ამაღლების კუთხით სტუდენტებს დაბრკოლება არ შეექმნათ. მოგეხსენებათ, როგორც კი პანდემიის პერიოდი დასრულდება, ღია სივრცეებში მუშაობა ისევ განახლდება – მშენებლობა, ინჟინერია, ინფრასტრუქტურა, წარმოება და ა.შ. კვალიფიციური კადრების საჭიროება დადგება. 14 ავტორიზებული პროგრამა გვაქვს და ახლა კიდევ მინიმუმ 10 ახალ პროგრამაზე ავტორიზაციის მისაღებად ვმუშაობთ. გარდა ამისა, ახალი გეგმის ონლაინ პლატფორმაც გავაკეთეთ. მუდმივად კონტაქტში ვართ ბიზნესთან, ვიგებთ მათ საჭიროებებს და ვითვალისწინებთ. შესაბამისად, როგორც ხედავთ, კოლეჯი არ გაჩერებულა“, – აცხადებს „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე.

ახალი მიღებისათვის აქტიურად ემზადება გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრიც, რომელშიც ასევე აცხადებენ, რომ რამდენიმე ახალი პროგრამა მათაც დაემატებათ. კოლეჯის დირექტორის, ნოდარ ხარაზიშვილის თქმით, ზოგიერთი მათგანი ექსკლუზიურიც კია, რადგან საქართველოში ჯერ არც ერთ სასწავლებელს არ აქვს. მუშაობა მომზადება-გადამზადების პროგრამების რაოდენობის გაზრდაზეც მიმდინარეობს.

„გარკვეული სირთულეები, რა თქმა უნდა, გვაქვს. საკმაოდ გართულდა პარტნიორების მოძიება. ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია და ბევრი კომპანია დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. აღჭურვილობის ჩამოტანაც ჭირს“, – აღნიშნავს იგი.

ამჟამად, პროფესიული სასწავლებლები, განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობენ დისტანციური სწავლების პილოტირებაზე. ჩვენს რესპონდენტებს უჭირთ გვიპასუხონ თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს სწავლება დისტანციურად იქ, სადაც 90% პრაქტიკას უკავია, მაგრამ ამბობენ, რომ სიახლეებისათვის გახსნილები არიან და სამინისტროს ინსტრუქციებს მიჰყვებიან.

„მომზადება – გადამზადების წესში ცვლილებები შევიდა და იმ მოკლევადიან პროგრამებში, სადაც დისტანციური სწავლება შესაძლებელია, მეცადინეობები დისტანციურად ჩატარდება. ეს, სავარაუდოდ, შეეხება ვებ-ტექნოლოგიებსა და მსგავს კურსებს. ძალიან კარგი იქნება თუ გარკვეულ მიმართულებებში ეს განხორციელდება. თუმცა, სამშენებლო, საინჟინრო მიმართულებებში, სადაც პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება საჭიროა, სადაც საჭიროა ადამიანებს უშუალოდ ტექნოლოგიებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, ბუნებრივია, დისტანციურად განათლების მიღება შეუძლებელია“, – აცხადებს მათე ტაკიძე.

„ჯერჯერობით მხოლოდ პილოტირებაზეა საუბარი და არა დისტანციურ სწავლებაზე სრული მასშტაბით. გვინდა ამისათვის გარკვეული აქტივობები დავგეგმოთ – ინფორმაცია მოვაგროვოთ, რამდენად იქნებიან მზად ჩვენი სტუდენტები და პედაგოგები. პროფესიული განათლება, ზოგადი და უმაღლესი განათლებისაგან განსხვავებით, უფრო სპეციფიკურია. აქ დიდია პრაქტიკისა და პარტნიორ კომპანიებსა თუ საწარმოებში სწავლების წილი, სადაც კონკრეტული უნარების გამომუშავება ხდება. ასე რომ, ეს კარგად გასააზრებელი იქნება. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი როგორ შეიძლება მოხერხდეს დისტანციური სწავლება. მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ალბათ შეირჩევა შესაბამისი მოდულები და პროგრამები, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ ყველა პროგრამაში ეს, ალბათ, ვერ მოხერხდება“, – დასძენს გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრის დირექტორი ნოდარ ხარაზიშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემოდგომიდან, პროფ. სასწავლებლებს, ერთდროულად ორი კატეგორიის ნაკადთან მოუწევთ გამკლავება – სტუდენტებთან, რომელთა სწავლის ხანგრძლივობაც კორონავირუსის გამო გახანგრძლივდა და ახლად ჩარიცხულებთან. ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოახერხონ, რომ სწავლების ხარისხი არ დაეცეს და ორივე კატეგორიის სტუდენტებმა კუთვნილი მაქსიმუმი მიიღონ. ეს ტექნიკურ სირთულეებსაც უკავშირდება – სალექციო გრაფიკი უნდა გადანაწილდეს ისე, რომ ყველამ შეძლოს ლაბორატორიებითა თუ სასწავლო სივრცეებით სარგებლობა და მათი გაკვეთილები ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს.

სასწავლებლებში იმედოვნებენ, რომ გაზრდილი ნაკადის მიუხედავად, მოახერხებენ ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკები ისე შეიმუშაონ, რომ სწავლაში ხელი სტუდენტთა არც ერთ ჯგუფს შეეშალოს.

ყურადსაღებია კიდევ ერთი საკითხი – პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს, რომელთა სწავლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე, ან 1-2 წელია და რომლებიც კონკრეტულ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, სწავლის 7 თვით შეწყვეტა მოუხდათ. ხაზს ვუსვამთ, რომ ესაა პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარებაც სპეციალისტის ზედამხედველობით, ლაბორატორიებში კონკრეტულ ხელსაწყოებთან მუშაობას მოითხოვს და არა უბრალოდ თეორიული მეცადინეობა, რისი გაკეთებაც სახლშიც შეიძლება. ჩვენს კითხვას, აღნიშნული წყვეტა ჩაყრის თუ არა წყალში სტუდენტების შრომას და დაავიწყებს თუ არა მათ უკვე ათვისებულ უნარებს, კოლეჯების ხელმძღვანელები პასუხობენ, რომ ამის საშიშროება არ არსებობს.

„ამის დავიწყება ასე იოლად არ ხდება. რამდენიმე თვეში თუ დაავიწყდათ ის, რაც მთელი ცხოვრება უნდა ახსოვდეთ, მაშინ პროფესიული განათლება არაფრად ღირებულა. მით უმეტეს, რომ მათ შეუძლიათ ალტერნატიული რესურსები გამოიყენონ – ინტერნეტში არსებული მასალა, რომლითაც შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი ისწავლონ და გაიგონ იმ პროფესიაზე, რომელსაც ეუფლებიან. საკმაოდ აქტიური სტუდენტები გვყავს – მაგალითად მკერავები, რომლებიც ახლა პირბადეების შეკერვაში არიან ჩართულები. ასე რომ, ნასწავლის დავიწყების საშიშროება არ დგას“, – აღნიშნავს ნოდარ ხარაზიშვილი.

პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების ოქტომბრიდან განახლება არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის ხელმძღვანელს, დენის დავითაშვილს. იგი ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ შეზღუდვების მოხსნის გეგმის შესაბამისად, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის განახლება უკვე ივლისიდან უნდა შეეძლოთ. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში იგეგმება დიპლომების დაცვისა და გამოცდების ჩატარება. მისი აზრით, აღნიშნული ზომების გათვალისწინებით სწავლა კოლეჯებშიც უნდა განახლდეს.

„თუ გარკვეული ოდენობის მოსწავლეებისა და სტუდენტების ერთად დასხდომა ზაფხულში შესაძლებელი იქნება, რა უშლის ხელს, რომ ჯგუფებში სასწავლო პროცესი აღდგეს? მიმაჩნია, რომ შესაბამისმა პირებმა უნდა იმსჯელონ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს სწავლა ივლისიდან. არა მხოლოდ თეორიული სწავლება, არამედ საწარმოო პრაქტიკაც იმ საწარმოებში, რომლებიც ამუშავდებიან. არ შეიძლება სამინისტრომ ეს საკითხები ასე არაგამჭვირვალედ და არაჯანსაღად გადაწყვიტოს. ასევე, თუ ახალი ნაკადის მისაღებად რეგისტრაცია მაისში ჩატარდება, რატომ არ შეიძლება ივლისში გაიმართოს გამოცდები და ივლისის ბოლოს უკვე სწავლა დაიწყოს? ამგვარად მარტივად ავინაზღაურებთ იმ დანაკლისს, რაც ამ თვეების განმავლობაში გვაქვს. რატომ უნდა გადაიდოს ოქტომბრამდე? ჩვენ ვაზარალებთ სტუდენტებს, რომელთაც სწავლა უნდათ. არ შეიძლება მათ წელი დავაკარგვინოთ. განათლების სამინისტროს ვთხოვ, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებს მარტო, პროფესიონალი ექსპერტების გარეშე“, – აღნიშნავს დენის დავითაშვილი.

მისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება მოხერხდეს დისტანციური სწავლება თუნდაც მოკლევადიან, მომზადება-გადამზადების პროგრამებზე, როცა სწორედ ეს პროგრამები, ფაქტობრივად მთლიანად, საწარმოო პრაქტიკულ მუშაობას მოიცავენ. ამბობს, რომ სამინისტრო ერთპიროვნულად არც ამ საკითხს უნდა წყვეტდეს და ექსპერტებთან ერთად ფართო განხილვებს უნდა აწყობდეს.

სტატიისთვის კითხვებით ჩვენ განათლების სამინისტროსაც მივმართეთ, თუმცა უწყებაში განგვიცხადეს, რომ საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების, გეგმებისა და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, უახლოეს დღეებში, პრეზენტაციას გეგმავენ. მის გამართვამდე კი მედიასთან კომენტარისაგან თავს იკავებენ. მათგან ასევე მივიღეთ დაპირება, რომ პრეზენტაციის შემდეგ ჩვენს თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხებენ.

პროფესიულ პროგრამებზე წელს მხოლოდ ერთი მიღება იქნება – რეგისტრაცია კი 20 მაისს დაიწყება

პროფესიულ პროგრამებზე სწავლება ერთი თვით გვიან დასრულდება, რეგისტრაციის დაწყება კი გადაიწევს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური