GE

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან წელს არავინ მოუხსნიათ – სტატისტიკა

აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდა უკვე ჩააბარეს გრანტის გაუმჯობესებისათვის სტუდენტებმაც. გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც. 2023 წლის გამოცდები 28 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.

როგორც დღეს, 26 ივლისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან ამ დრომდე გამოცდებზე გავიდა 94 %-მდე გამოსაცდელი.

“აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდებზე. რაც შეეხება მოხსნის შემთხვევებს, შეიძლება ითქვას, რომ წელს პირველი შემთხვევა იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა არცერთი აბიტურიენტი არ მოგვიხსნია და დიდი მადლობა აბიტურიენტებს, რომ ზედმიწევნით დაიცვეს ყველა საგამოცდო წესი. იყო ერთეული დაგვიანების შემთხვევები, ჯამში 50-ზე მეტი. ამ ეტაპზე უკვე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ნაშრომების გასწორებაზე და აგვისტოს პირველი ნახევრიდან შესაძლებელი იქნება შედეგების გამოქვეყნება”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

გამოცდების ცენტრის სტატისტიკით, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდებზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე აპლიკანტთაგან გამოცდებზე გავიდა 82%-ზე მეტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულ 3000-ზე მეტ სტუდენტთაგან კი – 75% -ზე მეტი გამოსაცდელი.

2023 წელს გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა გამოსაცდელებს ჰქონდათ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად გამოცდებს აბარებდნენ ამბროლაურშიც , სადაც ახალი საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. მთელი საქართველოს მასშტაბით სულ ფუნქციონირებდა 24 საგამოცდო ცენტრი.

გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ თითოეული გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნება გასწორების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად დაიწყება, რის შემდეგაც გამოსაცდელები საკუთარი შედეგების გასაჩივრებას შეძლებენ.

ამასთან, აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით მათ შესაძლებლობა აქვთ სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური