ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში SANGU-ს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა
2024 წლის 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, SANGU-ს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა, რომელთა შემადგენლობაში არიან: ფრანსუა ლეროი – გლობალური ჩართულობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ კირბი – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, მარიუს ტრუტა – კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვეი ჰაუ – კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები – მაურინ დოილი, რასიბ ხანი და ტონი ცეცე.
ამერიკული დელეგაცია მიიღო ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ და პროგრამის განხორციელებაში ჩართულმა პერსონალმა.
მეუფე იაკობმა სტუმრებს საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა, მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა და SANGU-სა და NKU-ს წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო, ორმხრივი თანამშრომლობის ნათელ მაგალითად მიიჩნია.
ამერიკელი პროფესორების თქმით თანამშრომლობა, რომელიც კიბერუსაფრთხოების პროგრამის დანერგვით ხუთი წლის წინ დაიწყო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საფუძველი ჩაუყარა ბიზნეს ინფორმატიკის და სხვა ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს.
ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მეორე და მესამე მიღების ქართველი სტუდენტები, ამერიკელი პროფესორების ჩართულობით, ორი კვირის განმავლობაში ჩაერთვებიან ინტენსიურ ლექცია-სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და პრაქტიკულ სამუშაოებში. ეს მათთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მოისმინონ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ.
2023 წლის იანვრიდან სამაგისტრო პროგრამაზე 90-მდე სტუდენტი ირიცხება, რომლებიც SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად, მომავლის პროფესიას – კიბერუსაფრთხოებას.
პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
- აშშ-ში ვიზიტით იმყოფება SANGU-ს დელეგაცია by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- 8 ოქტომბერს SANGU-ში სტუდენტური დასაქმების ტრადიციული ფორუმი გაიმართება by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- SANGU-ს კურსდამთავრებული მაგისტრის მიმართვა პირველკურსელებს – „თქვენ ხართ ის, ვინც…“ by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი