GE

„ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სკოლების შეფასების სისტემა უნდა დავნერგოთ“

საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 13 საჯარო სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით პროექტი განხორციელდა, რომლის შედეგადაც სკოლებმა თვითშეფასების მექანიზმები შეიმუშავეს. განათლების სამინისტრო მათი გამოცდილების გაზიარებას დიაგნოსტიკური შეფასების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში გეგმავს

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევითი პროექტი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლის თვითშეფასების და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავებას. პროექტის პილოტირება ქალაქების, დაბებისა და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში ჩატარდა.

მათ შორის იყო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მე-2 საჯარო სკოლა. დირექტორ გელა მაჭარაშვილის თქმით, პროექტის საწყის ეტაპზე გარკვეული სირთულეები წარმოიშვა, რადგან ძნელი აღმოჩნდა დადგენა თუ რა კრიტერიუმებით უნდა დაეწყოთ თვითშეფასების პროცესი.

„თვითშეფასება დავიწყეთ არასწორად, ჩვენმა კონსულტანტმა ბატონმა ჰარტმუტ მაიერმა, რომელიც მასწავლებელთა გადამზადებისა და სკოლების განვითარების საერთაშორისო ექსპერტია, მოგვცა სრული თავისუფლება თვითშეფასება გაგვეკეთებინა. დავიწყეთ ინფრასტრუქტურით, ყველა სფეროს მოვედეთ. უნდა შეგვეფასებინა სასწავლო პროცესი, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დავიბენით, დავიკარგეთ უღრან ტყეში. შემდეგ ბატონმა მაიერმა, თავის სკოლის მაგალითზე გვითხრა, რომ აგვერჩია ერთი ვიწრო სეგმენტი. ვთქვით, რომ დაწყებითი საფეხურის რაღაცა პრობლემა გვაქვს, მაგრამ კიდევ მაინც ვერ მივედით დასკვნამდე. საბოლოოდ, ჩვენი თემა იყო სააზროვნო უნარების განვითარება მე-3, მე-6 კლასებში, ესეც ვრცელი საკითხია. მაგალითად, მასწავლებელი გვეუბნებოდა, რომ ჩემი ბავშვები არიან კარგი დაწყებითებში, მაგრამ ჩვენ რომ ჩავატარეთ ტესტირება, გამოვკითხეთ მოსწავლეები და მშობლები, მივიღეთ სულ სხვა სურათი. პრობლემას მივადექით და დავიწყეთ მუშაობა აღმოფხვრაზე“, – განაცხდა გელა მაჭარაშვილმა EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

პროექტში ჩართულ კიდევ ერთ სკოლაში მონაცემების შეფასების და დამუშავების შემდეგ დაადგინეს, რომ მე-3, მე-4 კლასის დაახლებით 34%-ს უჭირს საინფორმაციო ტექსტების გააზრება, ხოლო 40%-ს მხატვრული ტექსტების გააზრება. მე-2, მე-4 კლასის მოსწავლეების 42%-ს უჭირს გაწაფული კითხვა. პირველ, მე-2 კლასების მოსწავლეების 25%-ს და მე-3, მე-4 კლასების 22%-ს აქვს მწირი ლექსიკური მარაგი. მე-2, მე-6 კლასელი გოგონების 17%-ს და ვაჟების 65% არ უყვარს კითხვა. პირველ კლასელების 14% არ მიუღია სკოლამდელი განათლება. რადგან სკოლას უკვე გამოკვეთილი აქვს კონკრეტული პრობლემები, მომდევნო ეტაპი მის აღმოფხვრაზე მუშაობაა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი მიგნებები, კარგი მაგალითი იქნება მომავალში სკოლებში შეფასებითი სისტემის შემუშავებისთვის.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სკოლების შეფასების სისტემა დავნერგოთ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. განათლების სპეციალისტებისთვის, საზოგადოებისთვის ძალიან ბუნდოვანია საკითხი – რას ნიშნავს კარგი სკოლა. რას ნიშნავს სკოლა, რომელიც კარგ შედეგებს აღწევს, როგორ იზომება ეს ავკარგიანობა. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც არ დასვამს კითხვის ნიშნებს. რომელიც, რაც მთავარია, იქნება განვითარებაზე ორიენტირებული, რომ სკოლები კი არ შევაჯიბროთ ერთმანეთს მხოლოდ ერთ უნიფიცირებულ სტანდარტთან, არამედ ყველას ჰქონდეს საკუთარი პროგრესი. იცოდეს სად იყო, სად არის და სად უნდა წავიდეს.

„სკოლების შეფასების ნაწილში თვითშეფასების კომპონენტი უმნიშვნელოვანესია, რადგან სკოლამ თავად უნდა გაიაზროს ის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომელიც აქვს აკადემიური, მენეჯმენტის თუ სხვა მიმართულებით. თავად იმსჯელოს და იფიქროს თუ რა უნდა გააკეთოს, რომ გაუმჯობესდეს და ცხადია, განათლების სამინისტრომ მხარი უნდა დაუჭიროს სკოლებს განვითარებაში. ამ პროექტის მიგნებები ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ის ინიციატივები, რომლებიც გულისხმობს მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასებების დანერგვას, სკოლების შეფასებების დანერგვას, შეიქმნას და იყოს სკოლების საჭიროებაზე მორგებული და ეფექტიანი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური