GE

ერთხელ ერასმუსით – ნათია ლაკია

ერთხელ ერასმუსით – ნათია ლაკია

მე ვარ ნათია ლაკია, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტი მენეჯმენტის მიმართულებით, და, თამამად შემიძლია გითხრათ, მომავალი CEO. ბოლო დროს ყველაფერი გვიბიძგებს, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, უარი ვთქვათ ცვლილებებზე და გეგმები გადავდოთ. არადა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, არ გაჩერდე. სწორედ ამ სურვილმა წამიყვანა ესპანეთში პანდემიის დროს, 18 საათი ვიმგზავრე, აქედან 4 საათზე მეტი იმაში გავატარე, დამერწმუნებინა მებაჟეები, რომ გადამეკვეთა საზღვარი, რადგან ჩვენი ქვეყანა წითელ ზონაში იყო, ხოლო ესპანეთი ვიზის გარეშე არ იღებდა სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს. თუმცა მე ეს შევძელი. მე ვარ გოგო, რომელიც არასდროს ჩერდება და უყვარს გამოწვევები. არ გაჩერდე შენც!

მთავარი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ ყოველთვის ეცადო, იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, ცხოვრების გზაზე შეიძლება ბევრი გამოწვევა/ბარიერი შეგხვდეს, თუმცა ეს უნდა მიიღო, როგორც შესაძლებლობა, რათა საკუთარი თავი გამოცადო. ადამიანებს ძალიან გვიყვარს კომფორტის ზონა, ეს ერთგვარი ვაკუუმია, რომელიც უნდა გადალახო, რათა ყველა დაბრკოლებაში შესაძლებლობა დაინახო. გაცვლითმა პროგრამამ სწორედ ეს მასწავლა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც სათანადოდ ვერ ვუპასუხებ და, რაც მთავარია, გავიგე, რომ თუ გინდა წარმატებული იყო, მუდმივი შემეცნების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.

ორივე უნივერსიტეტი გვასწავლის საკუთარი თავის რწმენას, თავისუფლად აზროვნებას, იმას, თუ როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ილიაუნი ჩემთვის ადგილია, რომელმაც საკუთარი თავის, იდეის რწმენა მასწავლა, მაჩვენა, რომ ცოდნას შეუძლია პიროვნება მთლიანად შეცვალოს. ხოლო ბარსელონის ავტონომიურმა უნივერსიტეტმა ეს რწმენა უფრო მეტად განმიმტკიცა იდენტობის მნიშვნელობის შესახებ.

გაცვლითი პროგრამის დროს ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი, თუმცა განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩემი პალესტინელი ჯგუფელი ისრა, გოგონა რომელმაც ბარიერი გადალახა, რათა განათლება მიეღო და დღეს პალესტინაში სხვა მუსლიმ გოგოებს ეხმარება განათლების მიღებაში.როგორც ისრა ამბობდა, ცვლილებას იწყებს შენ.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო კურსი პროგრამის ფარგლებში იყო „რისკის მქონე საწარმოების ზრდა და სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესში”, მით უფრო, რომ კურსის ხელმძღვანელი (ალექს რიაპი) იყო ისეთი კომპანიების ფინანსური მრჩეველი, როგორებიცაა: Mercadona; Repsol და სხვ. მან გვასწავლა მთავარი: თუ გინდა იყო წარმატებული, პირველმა უნდა იცოდე სიახლე და შეგეძლოს, მომავლიდან უყურო აწმყოს.

გაცვლითი პროგრამის ბოლო კვირას უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების კვირეულზე ბრიტანულმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG სამსახური შემომთავაზა უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე (იმ წუთას ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვიყავი, რადგან მივხვდი, რომ სწორი ინვესტიცია განვახორციელე განათლებაში).

აუცილებლად გაეცანით იმ ქვეყნის კულტურას, სადაც გაცვლითი პროგრამით წასვლას აპირებთ, რადგან უფრო გაგიიოლდებათ ადგილობრივებთან ურთიერთობა.
დაისახეთ მიზნები და ყოველდღე გააკეთეთ რაღაც, რათა თქვენი მიზნები რეალობად იქცეს. საკუთარი თავის რწმენა ყველაზე დიდი ძალაა ამ სამყაროში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური