„ეს პრობლემა არის სისტემური და საჭიროა ხმის ამოღება, რეაგირება!“ – რას წერენ მასწავლებლები სკოლებში მიმდინარე გასაუბრებებზე
სკოლებში რომ ვაკანსიების რიცხვი გაზრდილია ამაზე EDU.ARIS.GE-ე უკვე წერდა. მაგრამ როგორია შედეგები? ვინ აკონტროლებს შედეგების ობიექტურობას? ან რამდენად ჯანსაღი პროცესის საფუძველზე საქმდება მასწავლებლობის მსურველი სკოლაში? – ამაზე პასუხებს უშედეგოდ ვეძებთ. საკუთარი ისტორიებისა და მძიმე გამოცდილების შესახებ ბოლო დროს ხშირად წერენ პედაგოგები, გამოსავალს ეძებენ და ხშირად, ერთმანეთს მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენაც მოუწოდებენ, მათ შორის რადიკალურისაც, თუმცა ჯერ ასეთი საჯარო ნაბიჯები არ ჩანს.
EDU.ARIS.GE მხოლოდ სექტემბრის თვეში გამოქვეყნებულ რამდენიმე წერილს გაგაცნობთ, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია:
მასწავლებელი იდეალური სივით
“…რიტორიკაში სწერია ყველაფერი შესავლით იწყებაო…
2019 წლიდან ვეძებ სამსახურს თითქმის იდეალური სივით! ამ ხნის მანძილზე საშუალო სტატისტიკურად რეზიუმე გამიგზავნია 50-ზე მეტ სკოლაში და ათობით გასაუბრებაზე ვყოფილვარ! არც ერთგან არ ვიყავი “მოსაწონი” კანდიდატი.
რაც მასწავლებლის სახლი და სამინისტროს ექსპერტები ჩაერთნენ პროცესში, არ ყოფილა ჯერ შემთხვევა, მათი ხმა და მხარდაჭერა არ მქონოდა, თუმცა სკოლის კომისია “უფრო კომპეტენტური” აღმოჩნდებოდა და ისევ ვრჩებოდი გარეთ.
მაქვს ერთ-ერთი სკოლის აუდიტის დასკვნაც, სადაც ცალსახად წერია, რომ დაირღვა ჩემი უფლებები, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ოთხი წელი არ არის ცოტა დრო! გავიდა ცხოვრება სიტუაციის გამოსწორების ლოდინში. ვაცნობიერებ, რომ ეს არ ხდება მხოლოდ ჩემს თავს! ეს პრობლემა არის სისტემური და საჭიროა ხმის ამოღება და რეაგირება!
დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობს დამახინჯებულად და სანამ სკოლას მართავენ პოლოტიზებული დირექტორები, ჯანსაღი პროცესების იმედი არ უნდს გვქონდეს!
კოლეგებო, მოგმართავთ ყველას! რა შეიძლება გაკეთდეს, რომ გასაუბრებებზე ადამიანის ბედს არ წყვეტდნენ კორუმპირებული და მიკერძოებული დირექტორები?
სპორტის მასწავლებელი უმაღლესი განათლებითა და გამოცდილებით
“… მოგესალმებით ყველას! მივიღე მონაწილეობა სკოლების მიერ გამოცხადებულ კონკურსში სამ საჯარო სკოლაში.
ქ.ოზურგეთის N2 სკოლაში, სოფ.ცხემლისხიდის საჯარო სკოლა, სოფ. ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში. სამივე სკოლიდან პასუხი უარყოფითი. ოფიციალურად არ მოუწერიათ სკოლებს.
ყველა შეკითხვას ვუპასუხე, როგორც განათლების სამინისტროს ექსპერტების დასმულს, ასევე ადგილობრივი სკოლების კომისიების წარმომადგენლებს.
ვარ უმაღლესი განათლებით. მონიჭებული მაქვსა ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ჩაბარებული მაქვს გამოცდა სპორტში და ავიღე 57 ქულა. ვფლობ UEFA-ს ‘A’ლიცენზიას ფეხბურთში, მაქვს ბავშვებთან და სკოლაში მუშაობის გამოცდილება.
მიიღეს ისეთები რომლებსაც გამოცდა არ ჰქონდათ ჩაბარებული და შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ. აიყვანეს მაძიებლები…
მივმართე რესურსცენტრს და მითხრეს გავერკვევითო. ჯერ პასუხი არ გაუციათ. ვის მივმართო, როგორ ვიმოქმედო, რას მირჩევთ?“.
წამყვანი მასწავლებელი, რომელსაც მაძიებელი ამჯობინეს
„კოლეგებო, ისეთი აღშფოთებული და გაოგნებული ვარ, საჯაროდ რომ არ ვთქვა, დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან. გასაუბრებაზე ვიყავი ქარელის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც წამყვანმა და ორ საგანში სერტიფიცირებულმა პედაგოგმა მაძიებლობის მსურველს ვერ გავუწიე კონკურენცია. რა თქმა უნდა, უარი მითხრეს. მაქვს მტკიცებულებები, რომ ნეპოტიზმთან მაქვს საქმე. რას მირჩევთ, ღირს ბრძოლა? გასაუბრების ოქმს აუცილებლად მოვითხოვ“…
კომისიის აზრით „ძლიერი კანდიდატი“ რომელმაც გასაუბრება მაინც ვერ გაიარა
„…12 სექტემბერს გავიარე გასაუბრება სსიპ ზუგდიდის #4 საჯარო სკოლაში, საიდანაც მომივიდა უარი.
გასაუბრებაზე მისულს არც ერთ კომისოოს წევრს თავი არ წარუდგენია და არც გასაუბრების კრიტერიუმები გაუცვნიათ. ჩემს კანდიდატურაზე კენჭი აქვს ნაყარი ისეთ პირს, რომელიც სრულყოფილად არც ესწრებოდა გასაუბრებას და შესაბამისად, ვერც ექნებოდა სათანადო ინფორმაცია რა ვისაუბრე.
ყველა კითხვაზე გავეცი ადეკვატური და სრულიად ამომწურავი პასუხი. კითხვა დაისვა ასევე განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებაზე, თუ რა მეთოდებს ვიყენებდი. ვუპასუხე, რომ დავალების პირობიდან გამომდინარე ვადგენდი შესაბამის რუბრიკას, ხოლო განმავითარებელი შეფასებისას ვიყენებდი ”სენდვიჩის მეთოს”, (დადებითი, გასავითარებელი მხარე, რეკომენდაცია). მკითხეს თუ გამომიყენებია მოსწავლის შეფასებისას სოლო ტაქსონომია, რაზეც გულწრფელად ვუპასუხე, რომ არ გამომიყენებია და არც ჩამითვლია ეს პასუხი უარის თქმის საფუძვლად, რადგან დანარჩენ საკითხებზე ამომწურავად ვისაუბრე.
კომისიის წევრებს რომ დავეკითხე, რა შემეშალა, რათა სამომავლოდ გამეთვალისწინებინა, კიდევ ერთხელ დამიდასტურეს, რომ ვიყავი ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი და გული წყდებოდათ, რომ ვერ გავიარე გასაუბრება.
რეალურად კი ის მოხდა, რომ მე-4 საჯარო სკოლაში კანდიდატურა წარდგენილი ჰქონდა ამავე სკოლის დირექტორი რძალს, რომელსაც კომისიის უპირობო მხარდაჭერა აღმოაჩნდა.
დირექტორი ამტკიცებს, რომ გასაუბრება ყველანაირი სუბიექტური ხასიათისგან თავისუფალი იყო და კომისიამ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება.
მე არ ვამბობ, რომ ის გოგონა, ვინც აიყვანეს არ არის ღირსეული კანდიდატი, მაგრამ ამგვარ პირობებში, ცალსახაა, რომ ობიექტურობა ირღვევა და სხვა შეიძლება დაიჩაგროს მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის დირექტორის ოჯახის წევრი.
ვფიქრობ, ნათესაური კავშირები არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს და ორ ღირსეულ კანდიდატს შორის არჩევანზე თუ მიდგება საქმე, გამოცდილებასა და სტატუსსაც უნდა ვითვალისწინებდეთ.
სხვა დასკვნები, თქვენთვის მომინდია“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კვლავ აგრძელებს იმის გამეორებას, რომ სისტემა უნდა გაიხსნას ახალგაზრდა კადრებისთვის და საამისოდ ყველაფერს აკეთებენ/გააკეთებენ. 23 წლის სერტიფიცირებულ მასწავლებელს კი, ასევე სექტემბერში, მხოლოდ მისი გამოუცდელობის გამო უთხრა სკოლამ დასაქმებაზე უარი.
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება