„ეს სრულიად დაუშვებელია“ – რა შენიშვნები აქვს თამარ ჯაყელს დისტანციურად ჩატარებულ გაკვეთილებზე
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის („ახალი სკოლის მოდელი“) განათლების ექსპერტი თამარ ჯაყელი პედაგოგების მხრიდან სამინისტროს რეკომენდაციების არასწორად გაგებაზე facebook-ის ჯგუფში “Microsoft Office 365 დისტანციური სწავლისთვის საქართველოში” საუბრობს და სკოლის ლიდერებს მიმართავს:
„ძვირფასო კოლეგებო, სასკოლო საზოგადოების ძვირფასო ლიდერებო,
მოგმართავთ თქვენ, როგორც „გემის კაპიტნებს“, ამ გასაჭირში რომ უნდა მართოთ სკოლიდან ვირტუალურ სივრცეში გადასული სასკოლო პროცესები.
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ რეკომენდაციაში მოცემული მითითება 20-წუთიანი გაკვეთილების შესახებ, როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული: ზოგიერთმა ისე გაიგო, თითქოს 20-20 წუთი ცალკეულ საგნებში უნდა ჩატარდეს – ეს სრულიად დაუშვებელია. ამავე რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ „დისტანციური გაკვეთილების რაოდენობა საორიენტაციოდ ჯამში არ უნდა აღემატებოდეს კვირაში ხუთ-ექვსს“ – ამ წინადადებაში მოცემული სიტყვა „ჯამში“ ყველა საგანს გულისხმობს. ამდენად, რეკომენდებულია, რომ დაწყებით საფეხურზე დისტანციურ სწავლებას ყოველდღიურად ჯამში 20 წუთი დაეთმოს. ამას გარდა, ინიშნება საკონსულტაციო საათიც, როცა მოსწავლეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს მასწავლებელს.
ძალიან კარგად გვესმის, რომ გვინდა სწავლების პროცესის მაქსიმალურად უზრუნველყოფა, მაგრამ სწავლების სასკოლო-საგაკვეთილო ფორმატის ამ ვითარებაში შენარჩუნება კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს სტრესულ მდგომარეობას, რომელშიც არიან მოზარდებიც და მათი ოჯახებიც. ეკრანებთან ხანგრძლივად და იძულებით ჯდომა მოზარდებს სიკეთეს ვერ მოუტანს, გარდა ამისა, ამგვარი მოთხოვნა უამრავ სხვადასხვა ტიპის პრობლემას უქმნის ოჯახებსაც (არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ეკრანით ოჯახურ სივრცეში ვიჭრებით). აღარაფერს ვამბობთ ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, რომელსაც ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო გააღრმავებს.
ყველაფერს თავის დადებითი მხარე აქვს და ეს კრიზისული სიტუაციაც გვაიძულებს, შევცვალოთ ჩვენი წარმოდგენები განათლების მიღებულ ფორმებზე. გავიხსენოთ დიმიტრი უზნაძის შეგონება – „ცხოვრება ზრდის ადამიანს, და ამიტომ, როდესაც ნამდვილი აღზრდა გსურს, სკოლაში ეს ცხოვრება უნდა გადაიტანო და ნორჩი ადამიანი მისი საფეხურებით ატარო“. უარი ვთქვათ რუტინული სწავლა-სწავლების პროცესზე, ისედაც ყავლგასული რომ არის ამ საუკუნის მოზარდებისთვის. დავუკავშიროთ განათლება ცხორებისეულ კონტექსტებს, მოვიფიქროთ და მოზარდებს შევთავაზოთ საგანმანათლებლო გამოცდილების მომცემი ისეთ ტიპის დავალებები, რომლებიც იქნება საინტერესო გამოწვევის შემცველიც და მოზარდების შემეცნებითი და შემოქმედებითი ძალების განმავითარებელიც. ამ მხრივ თქვენგან საინტერესო ინციატივებს ველოდებით.
და ბოლოს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მასწავლებლები ძალიან რთულ სიტუაციაში არიან. ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემისა და საკუთარ თავში ახალი რესურსების პოვნა-ამოქმედებისათვის მათ თქვენგან დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ კონტროლი და განსჯა არის მეთოდი, რომელმაც მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში სრული კრახი განიცადა. თუ გვსურს არსებულ კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება, ყველა ჩვენი მიდგომა მასწავლებლების მხარდაჭერასა და თანადგომაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ლიდერობა რომ ამას გულისხმობს, დარწმუნებული ვართ, ეს ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ.
გისურვებთ ამ უჩვეულო ვითარებაში მოხვედრილი გემის წარმატებით მართვას!“, – წერს თამარ ჯაყელი.
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია