GE

“ევროპის უნივერსიტეტში” ზამთრის სკოლა – “ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ევროკავშირი და საქართველო” დაიწყო

“ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლა – “ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ევროკავშირი და საქართველო“ დაიწყო.

ღონისძიება “ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა ხარისხის განვითარების მიმართულებით, სოფიო ხუნდაძემ და ჟან მონეს მოდულის აკადემიურმა კოორდინატორმა ლევან მახაშვილმა გახსნეს. აუდიტორიას სიტყვით მოწვეულმა სტუმრებმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მიმართეს.

ზამთრის სკოლის სესიები 13-27 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციულ კორპუსში ყოველ დღე გაიმართება.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის სესიებს “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პროფესორები ჩაატარებენ, რომლებიც შემდეგ თემებზე ისაუბრებენ:

  • საქართველოს ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ისტორია, მექანიზმები, აქტორები, ინსტიტუტები;
  • საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ევროკავშირის რეკომენდაციები და მათი შესრულების პროცესი;
  • ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხები, მათ შორის, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები, ვაჭრობა, მწვანე ეკონომიკა, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა;
  • საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკა;
  • ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ;
  • ევროპეიზაციის გავლენა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე;
  • ფასეულობები და იდენტობები ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის კონტექსტში;
  • ანტი-ევროპული საინფორმაციო ომი და პროპაგანდა, სტრატეგიული კომუნიკაცია;
  • ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია და მობილობის პარტნიორობა;
  • თანამშრომლობა ფორმალური თუ არაფორმალური განათლების და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.

ზამთრის სკოლის დისკუსიებში მოწვეული სპიკერების რანგში ჩაერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

აღნიშნული ზამთრის სკოლა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის “ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი“ (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) ფარგლებში და „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით მესამედ ხორციელდება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური