GE

„სახელმწიფო ამ მოსწავლეებს 12 წელი ქართულს ვერ ასწავლის და შემდეგ ეუბნება…” – რა იმალება 1+4 საშეღავათო სისტემის უკან

ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შეღავათიანი სისტემა არაერთ სახელმწიფოში მოქმედებს. საქართველოში საშეღავათო სისტემის შემოღების საჭიროება პირველი ეროვნული გამოცდების პერიოდში გამოიკვეთა. 2005 წლიდან კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რომ არაქართულენოვან მოსწავლეებს სკოლა არათანაბარ აკადემიურ ცოდნას აძლევდა, რაც მათ მისაღები გამოცდებისთვის არაკონკურენტუნარიანს ხდიდა.

2005-2010 წლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეთნიკური უმცირესობების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესაძლებლობის გასაზრდელად, სხვადასხვა მექანიზმებს მიმართა, თუმცა ხელშესახები შედეგი არც ერთ სტრატეგიას მოუტანია. 2010 წელიდან კი, სამინისტრომ გადაწყვიტა, საშეღავათო პოლიტიკის ყველაზე რადიკალური ფორმისთვის, „კვოტირების სისტემისთვის“ მიემართა.

აბიტურიენტები მშობლიურ ენაზე აბარებენ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას. თითოეული ეთნიკური თემიდან ყველაზე მაღალქულიან 100-100 სტუდენტს სახელმწიფო ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან კურსსა და მთელ ბაკალავრის საფეხურს უფინანსებს. კვოტის მიღმა დარჩენილი სტუდენტები კი ენის შესწავლაში 2 250 ლარს იხდიან. კურსის დასრულების შემდეგ, მათთვის ნებისმიერი, ზოგადად უფასო საბაკალავრო პროგრამაც ფასიანია. ამ მიდგომას სამინისტრო ასე ასაბუთებს: თუ სტუდენტი ერთი საშეღავათო პროგრამით სარგებლობს, მაშინ მეორით სარგებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

„1+4 პროგრამა რომ დღესაც არსებობს, არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო ხარისხიან განათლებას ვერ სთავაზობს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს. მოსწავლეს ვერ ასწავლის სახელმწიფო ენას 12 წლის განმავლობაში, აყენებს არათანაბარ პირობებში და მერე მას ეუბნება, ვაღიარებ, რომ ხარვეზები მაქვს და ამის გამოსასწორებლად ასეთ სისტემას გთავაზობ, მაგრამ ამაში შენ უნდა გადამიხადო ფულიო. ამ დროს საზოგადოების დიდი ნაწილი ქართულის არცოდნას უმცირესობის თემს აბრალებს. საქართველო, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს სახელმწიფო ენას ფულით ასწავლის“, – გვეუბნება სამოქალაქო აქტივისტი, პლატფორმა „სალამის“ წევრი აითაჯ ხალილი.

იგი ასევე საუბრობს კონკრეტულ მიზეზებზე, რის გამოც არაქართულენოვან ჯგუფებს დღემდე უწევთ საშეღავათო სისტემით სარგებლობა. თავად 1+4 პროგრამაზე უარი თქვა და ყველა გამოცდა ჩააბარა. ის იმ იღბლიანთა შორის მოხვდა, რომელთაც ქართულის კარგი პედაგოგი შეხვდათ. იხსენებს, რომ ადრე, სკოლის გარდა, ქართული ენის დამატებითი წრე ჰქონდათ და კვირაში სამი დღე, გარდაბნიდან ჩამოსული მასწავლებელი სკოლაშივე ასწავლიდათ ქართულს. ახლა ეს პროგრამა აღარ არსებობს.

„სკოლაში ქართული ენისთვის არის სპეციალური სახელმძღვანელოები, რომლებიც მხოლოდ ენის სასწავლადაა განკუთვნილი და ამ ცოდნით ლიტერატურის გამოცდა როგორ უნდა ჩააბარო? მიზეზი, რის გამოც არ მინდოდა პროგრამაში მონაწილეობა არის ის, რომ უნივერსიტეტებს არ აქვთ საერთო მიდგომა, მეთოდოლოგია. ზოგიერთ უნივერსიტეტში არასერიოზულადაც ეკიდებიან ამ ყველაფერს. ფაქტობრივად სკოლის პროგრამა აქვთ. ქართულის სრულყოფილად არცოდნის გამო, ეთნიკურ უმცირესობებს ისედაც უჭირთ პროფესიის ათვისება და ამ ხელოვნურად გამარტივებული პროგრამებით როგორ უნდა გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები?“, – გვეუბნება აითაჯ ხალილი.

ის მიიჩნევს, რომ სკოლაში ენის სწავლების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მექანიზმების შექმნა, თავად ენის მცოდნე ეთნიკური უმცირესობებისთვის.

გვიხსნის, რომ საქართველოში არაქართულენოვანი სკოლების ძირითადი ნაწილი ეთნიკური უმცირესობების კომპაქტური განსახლების რეგიონებში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში მდებარეობს. „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მონაცემებით, ამ სამი რეგიონის არაქართულენოვან სკოლებში მთლიანობაში 6 818 მასწავლებელია დასაქმებული. როგორც მასწავლებელთა ასაკის, აგრეთვე მათი კვალიფიკაციიდან და სახელმწიფო ენის ცოდნიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას მასწავლებელთა ახალი თაობით ჩანაცვლების საკითხი, თუმცა რამდენად არის რეალიზებადი ეს საკითხი არსებული მოთხოვნით დასაქმების ბაზარზე, ისევე როგორც მიწოდების შესაძლებლობით, ჩვენი რესპონდენტის თქმით, მნიშვნელოვნად განსახილველი საკითხია.

„ბოლო დროს, ძალიან ბევრი ახალგაზრდა თავის რეგიონში მასწავლებლად დაბრუნებაზე ფიქრობს, თუმცა ვაკანსიები არ არის. ასაკოვან მასწავლებლებს არ სურთ წასვლა. თანაც, ერთი მასწავლებელი რამდენიმე საგანს ასწავლის. ჩემს სკოლაში მაგალითად, ისტორიას, აზერბაიჯანულ ენასა და ბუნებას ერთი მასწავლებელი ასწავლის. ძალიან დიდი პრობლემაა შიდა კორუფცია და ნეპოტიზმიც. ჩემს მეგობარს ფული მოსთხოვეს, მასწავლებლად რომ დაეწყო მუშაობა. დირექტორებისგან ასეთი ქცევა ხშირია ბოლო დროს და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, – გვიყვება აითაჯ ხალილი.

1+4 სისტემის ეფექტურობის შეფასება ჟურნალისტ ჰარუთ მალხასიანსაც ვთხოვეთ, რომელმაც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 2014 წელს გაიარა, შემდგომ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა.

თვლის, რომ როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლებისთვის შესაძლებლობის მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი, 1+4 პროგრამა ნამდვილად ეფექტურია და ეს არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი ეფექტური პროგრამაა, რომელთანაც შეხება ჰქონია:

„საქმე ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, სხვა არც ერთი ასეთი მასშტაბის პროგრამა არ განხორციელებულა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების განათლებისა და ინტეგრაციის კუთხით რეალურ ცვლილებებს მოიტანდა“.

კვოტირების სისტემის შემოღების შემდეგ, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მზარდი ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის სტატისტიკით, თუ 2010 წელს 247 სტუდენტი ჩაირიცხა, დღეს ეს რიცხვი 1231-მდეა გაზრდილი.

ჰარუთ მალხასიანი გვეუბნება, რომ სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, კვოტირების რაოდენობაც უნდა გადაიხედოს. ყოველწლიურად დაფინანსებას იღებს 100 აზერბაიჯანელი და 100 სომეხი აბიტურიენტი, თუმცა საშუალოდ, 1 200 სტუდენტიდან 900 აზერბაიჯანელია, 300 – სომეხი. გამოდის, რომ სომეხ ახალგაზრდებში ყოველი სამიდან ერთი იღებს გრანტს, აზერბაიჯანელებში ყოველი ცხრიდან – ერთი.

21 წლის რუსლან ომაროვი ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტია, პარალელურად კი პედაგოგიკას სწავლობს. იგი წუხს, რომ იმ 100 სტუდენტს შორის, რომელთაც უფასოდ გააგრძელეს სწავლა ქულათა მცირე სხვაობით ვერ მოხვდა. ქართულის გასაუმჯობესებლად სკოლის ბოლო სამი წელი გაძლიერებულად იმუშავა – ინდივიდუალური მეცადინეობით, მასწავლებლისა და ქართველი თანაკლასელის დახმარებით, რომელიც ერთადერთი ეთნიკურად ქართველი ოჯახის წარმომადგენელი იყო მის სოფელში. უნარებში მოსამზადებლად დმანისიდან მარნეულში დადიოდა, რაც მომზადების ხარჯს ზრდიდა, ხარისხს კი აუარესებდა. კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტური იყო მოსამზადებელი კურსი რუსლან ომაროვი გვპასუხობს:

„ჩემთვის მოსამზადებელი ენის კურსი მეტ-ნაკლებად ეფექტური იყო, ქულათა სისტემით რომ შევაფასო 7/10. გარდა ამ პროგრამისა, დამოუკიდებლად, დამატებითი ვიდეო თუ წერილობითი მასალებითაც ვსარგებლობდი. ხარვეზად მიმაჩნია ის, რომ სწავლის პროცესი მხოლოდ ფორმალური, საგაკვეთილო გარემოთი შემოიფარგლება. პროგრამის მონაწილე პირების დამატებით, არაფორმალურ აქტივობებში ვერ ერთვებიან, სადაც, იმ ადამიანებთან ექნებოდათ კომუნიკაცია, რომლებისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. ბევრი ამას ვერ ახერხებს დამოუკიდებლად, რადგან ქართულის საკმარისად ცოდნა აკომპლექსებთ. პროგრამა ნამდვილად არ არის იდეალური, ვფიქრობ, უნდა გადაიდგას გეგმიური და კონსტრუქციული ნაბიჯები სასკოლო თუ სკოლამდელი განათლების გაუმჯობესების კუთხით. ამის შემდეგ აღნიშნული პროგრამის საჭიროება აღარც იქნება“.

პროგრამა 4+1 -ში სახელმწიფო პოლიტიკის არაერთი ხარვეზი იმალება – წინასასკოლო განათლების დაბალი ხელმისაწვდომობა, კულტურული ჩაკეტილობა, არაეფექტური სახელმძღვანელოები და პროგრამები, დაბალკვალიფიციური მასწავლებლები, საუნივერსიტეტო პროგრამების გაუცნობიერებლად შერჩევა, აბიტურიენტთა არაინფორმირებულობა ბაზრის მოთხოვნების და დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, უნივერსიტეტის დამთავრების დაბალი და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, მონოეთნიკურობა საჯარო სამსახურებში – სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

„მწვანე კავკასიის“ 2016 წლის კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 17%-ია, მაშინ, როცა ქვემო ქართლის მოსახლეობის 49%-ს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები შეადგენს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერილით პროგრამა „1+4 სტაჟირება“ ხორციელდება. EDU.ARIS.GE შეეცადა, მოეპოვებინა სტატისტიკა, თუ რამდენი პირი დასაქმდა სტაჟირების ადგილზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსგავსი სტატისტიკა არ იწარმოება. სახელმწიფო სტრუქტურები ზოგადად არ აწარმოებენ მნიშვნელოვან სტატისტიკას ეთნიკური მარკერებით, რაც ასევე დიდი პრობლემაა.

მიუხედავად რიგი პრობლემებისა, ჩაბარების მსურველთა რიცხვთან ერთად, ენის მცოდნეთა რიცხვიც წლიდან წლამდე იზრდება. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კი უფრო და უფრო მეტად ითხოვენ სახელმწიფომ შეასრულოს ისეთი პოზიტიური ვალდებულებები, როგორიცაა სახელმწიფო ენის სწავლება. უკვე წელზე მეტია, რაც კამპანია „მასწავლე ენა უფასოდ“ მიმდინარეობს. კამპანიის ორგანიზატორებს სამინისტრომ დაუდასტურა, რომ ცვლილებები იგეგმება, თუმცა როდის და რა სახის ცვლილებებზეა საუბარი არ დაუკონკრეტებია.

ასევე იხილეთ:

„გასაუმჯობესებელია 1+4 პროგრამა, ვმუშაობთ დაფინანსების გასაზრდელად“ – საგანმანათლებლო პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

როგორ ჩავირიცხოთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში – სორბონის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი აბიტურიენტებს ესაუბრება

მოამზადა ქეთი ბახტაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური