GE

ეზოს თამაშების როლი ბავშვის განვითარებაში – უახლესი კვლევის შედეგები და მასწავლებლის რეკომენდაციები მშობლებსა და პედაგოგებს

ბოლო ორი წლის განმავლობაში, COVID პანდემიის პირობებმა მნიშვნელოვნად ჩამოაშორა ბავშვები იმგვარ სოციალურ სივრცეებს, რომლებსაც არა მხოლოდ გასართობად, არამედ განვითარებისთვისაც იყენებდნენ. დღეს ბავშვების მოთხოვნილება, ჩაერთონ ეზოს თამაშებში, რაც მათ უფრო დამოუკიდებელსა და სოციალურად აქტიურს ხდით, დათრგუნილია. ინფიცირების რისკების გათვალისწინებით, მშობლები განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. ამას ემატება ზამთრის სუსხიანი დღეები. ეზოებში ნაკლებად ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც დაჭერობანას, კლასობანას, დროშობანას თამაშობენ და სხვადასხვა გასართობი აქტივობით არიან გართულნი. სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ მეტი დრო გაატარონ შვილებთან ერთად, მათ შორის ეზოშიც, რომ არ შეაფერხონ მათი როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი განვითარება.

EDU.ARIS.GE-ს ამ სტატიაში მოგიყვებით რამდენად მნიშვნელოვანია ეზოს თამაშები ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის, გაგაცნობთ ამერიკაში ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგებს და სპეციალისთან ერთად ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომლებიც მშობლებს განსაკუთრებით აწუხებთ.

2022 წლის 5 იანვარს, ამერიკის გარემოსდაცვითი კვლევისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით: „მშობლების დამოკიდებულების გავლენა სწავლის არაეფექტურობაზე, მშობელთა თვითეფექტურობის შუამავალი როლი“.

ავტორიტეტული დაწესებულების მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა მშობელთა სოციალური შეშფოთება ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის სოციალური და სააზროვნო უნარების განვითარებაზე. პრობლემებს შორისაა მზარდი სიმსუქნე ადრეული ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. კვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში ბავშვებში სიმსუქნის მაჩვენებელი ბოლო სამ წელიწადში გაორმაგდა. ევროპის ქვეყნებში კი პედიატრიული სიმსუქნე 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვების 24% -ს აწუხებს. ამასთან, სკოლამდელი ასაკის ბავშვების თითქმის ნახევარს მშობელი ყოველდღიურად არ მიჰყვება ეზოში სათამაშოდ, გამოკითხული ამერიკელი დედების 70% აცხადებდა, რომ ბავშვობაში ყოველდღიურად თამაშობდნენ ღია ცის ქვეშ, ახლა კი იგივეს საკუთარ შვილებთან მიმართებით ვერ ახერხებენ, მიზეზად პანდემიასა და სამუშაო გრაფიკს ასახელებენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ უსაფრთხოებაზე გადაჭარბებულმა ფიქრმა აღზრდის პროცესში შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანსაღ განვითარებას, რაც აისახება სწავლის არაეფექტურობაზეც.

როგორია ამ კუთხით ქართული რეალობა ან რომელი თამაშებია ქართველ ბავშვებში ყველაზე აქტუალური? – ამ თემებზე EDU.ARIS.GE-ს ბავშვთა ფსიქოლოგი და დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დამრიგებელი ქრისტინე მიქაბაძე ესაუბრება, რომელმაც პადემიის პერიოდში ეზოს თამაშების სასკოლო პრაქტიკაში გამოყენება დაიწყო.

– ქრისტინე, პირველ რიგში, გვითხარით ეზოს თამაშების შესახებ და მათ საჭიროებაზე, მართლა ასეთი მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დროის ღია ცის ქვეშ გატერება, თუნდაც ასეთ ცივ ამინდებში?

– ეზოს თამაშები ბავშვების საყვარელი თამაშების კატეგორიაა, როცა ბავშვი ჩართულია ისეთ მოძრაობაში, რომელიც პარალელურად მოითხოვს ფიქრს და აზროვნებასაც. მაგალითისთვის, თამაშობს დაჭერობანას, ის მხოლოდ ნორტორულ უნარ-ჩვევებს კი არ იუმჯობესებს, არამედ გონების სისხარტეს აუმჯობესებს. სწავლობს სტრატეგიებს, როგორ გაიმარჯვოს და რაც მთავარია ითვისებს წესებს, რომლებიც ყველასთვის საერთოა. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავში თამაშის დროს გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონს, რაც საუკეთესო გზაა სტრესის და სირთულეების გასამკლავებლად. მარტივად რომ გითხრათ, თამაში არის ბავშვის განვითარებისა და მენტალური ჯანმრთელობის გასაღები. თუ გინდათ არ შეფერხდეს თქვენი შვილის განვითარება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქო-სოციალური მიმართულებით, უნდა მისცეთ უფლება დაახლოებით 20 წუთით ან ნახევარი საათით მაინც ჩაერთოს მსგავს აქტივობებში. ბავშვებისთვის ეს ისეთივე აუცილებელია, როგორს სწავლა და გაკვეთილების მომზადება.

– ზამთრის პერიოდია, ამასთან პანდემია, მშობლებს არ აქვთ დრო, რომ ეზოში გაიყვანონ ბავშვები. რას ურჩევდით მათ, რა ალტერნატივებს შესთავაზებდით, როგორც ფსიქოლოგი?

– მესმის, სამწუხაროდ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვებს მეტ-ნაკლებად შეზღუდული აქვთ ეზოში თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ საჭიროა გარკვეული დროის გატარება ღია სივრცეში და მსუბუქი, მაგრამ ეფექტური აქტივობით დაკავება. თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ იმოძრაონ და ეწ. D ვიტამინიც მიიღონ. მშობლებს ასევე შეუძლიათ, შეუვსონ ეს დანაკლისი სახლში თამაშით, მაგრამ ეს არ იქნება ისეთივე ეფექტური. ასევე დიდი როლი აქვს სკოლას, დამრიგებლებს და მასწავლებლებს, რომლებსაც შეუძლიათ იმგვარად გარდაქმნან გაკვეთილების ბადე, რომ ბავშვებმა ეზოში გასვლაც შეძლონ, რასაკვირველია, კონკრეტული გეგმის მიხედვით.

– ვიცით, რომ შეცვალეთ თქვენი დღის წესრიგი და როგორც კლასის დამრიგებელმა აქტიურად დაიწყეთ ეზოს თამაშების დანერგვა საკლასო პრაქტიკაში, როგორ ფიქრობთ რა შეიცვალა ამ ნაბიჯით?

– ეს უკვე მხოლოდ ფსიქოლოგის, მასწავლებლისა და დამრიგებლის ფუნქცია არაა. პირობითად, ჩვენს სკოლაში დღის რეჟიმი ისეა გაწერილი, რომ გათვალისწინებული იყოს ბავშვის განვითერების ასაკობრივი თავისებურებები, ასევე ვითვალისწინებთ თამაშის მნიშვნელობის როლს ბავშვის განვითარებისთვის. ამიტომ გამოყოფილი გვაქვს თამაშისა და ეზოს დრო, სადაც ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი საყვარელი თამაშებით დაკავდნენ. ამით გარკვეულწინლად მშობლებსაც ვეხმარებით და შედეგზეც გავდივართ, იგივეს ვურჩევდი კოლეგებსაც, რადგან ამ პროცესში ჩვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვფიქრობთ.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ თამაშის ხელმისაწვდომობა ბავშვის ძირათადი უფლებების კატეგორიის ნაწილია, რაც გაწერილია როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით.

ასევე იხილეთ:

არდადეგების ქალაქგარეთ გატარების დადებითი მხარეები მოსწავლეებისთვის და არამხოლოდ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური