GE

„ფაკულტეტები დავამატე და მეილი არ მიმიღია“ – „ნაეკის“ განმარტება 2019 წლის აბიტურიენტებს

„ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებები განვახორციელე, ახალი ფაკულტეტები ჩავამატე, ზოგიერთი კი სულ წავშალე, მაგრამ აღნიშნულის შესახებ დასტური მეილზე არ მიმიღია და როგორ მოვიქცე?“ – ეს კითხვა 2019 წლის აბიტურიენტებში პოპულარულია.

გაირკვა, რომ ფაკულტეტებისა და პრიორიტეტული ჩამონათვალის ცვლილებისას, 2019 წლის აბიტურიენტებს, დასტურის შესახებ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე აღარ მიუვათ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, წელს ამ კუთხით ცვლილება განხორციელდა.

„მეილი აღარ მიუვათ, წელს ჩვენ ეს პროცესი გავამარტივეთ. როდესაც აბიტურიენტი შეიტანს ცვლილებებს საკუთარ გვერდზე და დააჭერს შენახვას, გამოჩნდება ფანჯარა: „ცვლილებები დამახსოვრებულია“. აქვე არის საბეჭდი ვერსიაც და აპლიკანტი შეძლებს, სურვილის შემთხვევაში ამობეჭდოს მის მიერ განხორციელებული ცვლილებები“, – განგვიცხადეს გამოცდების ცენტრში.

აღნიშნული სიახლე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვისაც, დასტურის შესახებ წერილს არც ისინი მიიღებენ.

ცნობისთვის, 2019 წლის აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამარა იაკობიშვილი