GE

ფინანსთა მინისტრი: პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულ მასწავლებლებს ხელფასი 30%–ით გაეზრდებათ

პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულ მასწავლებელთა ხელფასი 2019 წელს გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ 2019 წლის ბიუჯეტით განათლება პრიორიტეტულია.

„სახელმწიფო ბიუჯეტში რესურსი გადანაწილდა არა უწყებების, არამედ მიზნების შესაბამისად. ჩვენს პრიორიტეტებში ძირითადი აქცენტი განათლებისა და ჯანდაცვის კომპონენტებზე კეთდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე. ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით, 2019 წლისთვის 1, 8 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება მუდმივად მზარდია და გაზრდილია 180 მილიონი ლარით. სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში განათლების პროგრამების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 194 მილიონ ლარზე მეტს. ზოგადი განათლების დაფინანსება იზრდება 750,5 მილიონ ლარამდე, რაც 48 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. აქვე მინდა ცალკე აღვნიშნო პროფესიული განათლების დაფინანსებაზე მიმართული თანხები, რაც შეადგენს 49 მილიონ ლარს. აქ ზრდა გვაქვს 7 მილიონ ლარზე მეტი და მათ შორის გათვალისწინებულია პროფესიულ განათლების სფეროში დასაქმებული მასწავლებლების ხელფასების ზრდა 30%–ით.

ამასთან, სამინისტროს ინფრასტრუქტურის სისტემის განვითარებისათვის გათვალისწინებულია 135,5 მილიონი ლარი. თუმცა, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში. სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე ჯამურად მიემართება 150 მილიონ ლარზე მეტი, რაც ორნახევარჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს დაიწყო და დეპუტატები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭს დღესვე უყრიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური