GE

ფიქრები ერთი გაკვეთილის შესახებ – „ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“

ნატო კვეტენაძე, .თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

იყო პედაგოგი და აღზარდო კოსმოპოლიტურად მოაზროვნე პატრიოტი ადამიანი, ადვილი როდია. მასწავლებელი არის იმ უდიდესი ძალის მქონე პიროვნება, რომელსაც შესწევს უნარი ჩამოაყალიბოს წარსულის სწორად გააზრების, აწმყოს რეალისტურად აღქმისა და მომავლის სწორად განჭვრეტის უნარის მქონე 21-ე საუკუნის ახალგაზრდა. ამისათვის საჭიროა, თავად იგი იყოს შემოქმედი და სიღრმისეულად აცნობიერებდეს, რომ საჭიროა მუდმივად „მოძრაობაში მოიყვანოს ფიქრი და საქმე“ და გარდასულ დროთა მაგალითების ანალიზით წინჭვრეტა ასწავლოს მოსწავლეებს.

რუსთველის პოეტური სამყარო, მისი მსოფლმხედველობა, მისი უკვდავი ქმნილება  „ვეფხისტყაოსანი“ სწორედ ისტორიზმის პრინციპს ეფუძნება. პოემა, ერთი მხრივ, XII საუკუნის ვითარების ისტორიულ-პოლიტიკურ  ჭრილშია გადაწყვეტილი; მეორე მხრივ, კი მასში დროის ნონსესი იკითხება და ამით ერთგვარად მითოლოგიზებულია. ამდენად, საყურადღებოა პოემაში წინასწარმეტყველურად განცხადებული ისტორია-მითოლოგიისთვის დამახასიათებელი რეტროგრადობა, რომლის ნათელი გამოხატულებაა საინტერესო პასაჟი პოემიდან: ტარიელისადმი ინდოეთის მიკუთვნების, ნესტანის ხვარაზმშას ძეზე გათხოვების, სასიძოს მოკვლის ამბები.

ყოველთვის, როცა ყმაწვილკაცობაში შესულ ჩემს შეგირდებს „ვეფხისტყაოსანს“  ვასწავლი,  ვცდილობ, ახალი ხედვით, ზოგადეროვნულ მისწრაფებებსა და მათ ინტერესებს მივუსადაგო ქართველთა ისტორიულ-პოლიტიკური აზროვნების სიღრმე, ზნეობრივ-კულტურული წარსულის სიდიადე და ამასთანავე შემოქმედის მისტიკურ აზროვნებას ვაზიარო.

ფაქტია, რომ „ვეფხისტყაოსანში“ განვითარებულ პოლიტიკურ ნაბიჯებს საფუძვლად ედო XII საუკუნის საქართველოში თამარის სამეფო კარზე დატრიალებული რეალიები.  ისტორიამ კი  ცხადყო უცხო სასიძოს, გიორგი რუსის,  დედოფლისათვის ქმრად შერთვის სავალალო  შედეგები. ამდენად, რუსთაველის მიერ ინდოეთის სამეფო კარისათვის შეთავაზებული ნაბიჯი, „უცხო ძალის გამეფების“ თავიდან არიდების, სასიძოს არმოშვების თაობაზე, იმ დროის საქართველოსათვის სწორ პოლიტიკურ ხედვასა და პრაგმატულ გამოსავალს წარმოადგენდა, რაც თამარის  დავით სოსლანთან ქორწინებაში იკითხება.

ამასთანავე მიმაჩნია, რომ ღმერთთან წილნაყარი მისტიკოსის, რუსთაველის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური ხედვა XIX-XXI  საუკუნების საქართველოს პოლიტიკური ორიენტირებისთვისაც მნიშვნელოვნად მოსარგისია და ეროვნულ-დემოკრატიულ ცნობიერებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ხედვები დღესაც გეზის მომცემია საქართველოსათვის თავისუფლებისა და დემოკრატიული  იდეების განხორციელების თვალსაზრისით.

ახალგაზრდებისათვის ჩემეული ხედვის გაზიარება და მათეული პოზიციების გამოკვეთა, ინოვაციური საგაკვეთილო ფორმატით შედგა. გაკვეთილმა  თანამედროვე მეთოდებითა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით წარმატებით ჩაიარა.  ამ გაკვეთილის მთავარი  შედეგი იყო ის, რომ  „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის პოლიტიკური ალღო და ხედვა მოსწავლეებისათვის  ლიტერატურული ნაწარმოების ისტორიულ კონტექსტში საფუძვლიანი გააზრებისა და დღევანდელი სწორი საგარეო პოლიტიკის  განსაზღვრის  საშუალება  აღმოჩნდა.

გაკვეთილის თემა, ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“, პოემის მთავარ პერსონაჟთა, ტარიელისა და ნესტანის მიერ სასიძოს მოკვლის საკითხის მართებულობას შეეხებოდა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური თუ მორალურ-რელიგიური თვალსაზრისით.

გაკვეთილის მსვლელობისას  მოსწავლეებმა იმსჯელეს და საკითხი სხვადასხვა კუთხითა და ფორმატით  წარადგინეს. კერძოდ,

  • Power Point-ში ილუსტრაციების საშუალებით გადმოცემული შინაარსი შერჩეული თავებიდან: „ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა“, ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა“ .
  • ასევე Power Point-ში მომზადებული პრეზენტაციათამარ მეფის ეპოქის ისტორიული ვითარებისა  და ამ ვითარების  პოემაში მხატვრულად ასახვის  შესახებ.
  • მოისმინეს და ნახეს ნესტანისა და ტარიელის თათბირის ეპიზოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი  გურამ საღარაძის  შესრულებით.
  • მოსწავლეებმა აჩვენეს კოსტუმირებული როლური თამაში, რომელშიც გადმოცემული იყო ნესტანისა და ტარიელის თათბირი ხვარაზმშას შვილის მოკვლისა და   მკვლელობის შემდგომ ტარიელისაგან  ფარსადან მეფისადმი დამოკიდებულების შესახებ.
  • შემდგომ კი გაიმართა იდეურად და მსოფლმხედველობრივად დღევანდელობისათვის ყველაზე აქტუალურ  საკითხებზე დისკუსია.

მოსწავლეებმა მყარად, არგუმენტირებულად, ტექსტური მასალის მოხმობით მკაფიოდ ჩამოაყალიბეს თავიანთი პოზიცია როგორც წარსულის, ისე თანამედროვეობის გადასახედიდან. ყველაზე საკვანძო და მრავლისმეტყველი გახდა სადისკუსიო კითხვები:

  • როგორ შეგვიძლია დავუკავშიროთ პოემაში გადმოცემული მოვლენები  თამარის სამეფო კარზე დატრიალებულ ამბებს და როგორია  მისი გავლენა საქართველოს მომავლის განსაზღვრისას?
  • როგორ გესახებათ აფორიზმის, „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“, იდეა XXI საუკუნის საქართველოს მომავლის განსაზღვრის  თვალსაზრისით?

სადისკუსიო მსჯელობით, მოსწავლეთათვის ნათელი გახდა, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ორიენტირი დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სწორედ რუსთველურ ღირებულებებზე დაფუძნებული უნდა იყოს. ამ იდეის რეალისტურად გამოსახატავად მოსწავლეებმა გაიხსენეს სამშობლოსათვის 1989 წლის  9 აპრილს,  2008 წლის 9 აგვისტოს ომში დაღუპული  ახალგაზრდები, გაიხსენეს ქართული დროშის ღირსების დამცველი ქართველი ჯარისკაცი. მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისტორიული კანომზომიერებით საქართველო არ იგუებს „უცხო ძალების“ გამეფებას და ჭეშმარიტი ქართველური ცნობიერებით ისინი თავად შექმნიან ქვეყნის ნათელ მომავალს.

დისკუსიის მსვლელობისას შეიქმნა „პოსტერი“. მოსწავლეები მასწავლებლის ნებართვის გარეშე კედელზე გაკრულ ფორმატზე  წერდნენ და/ან ხატავდნენ მათ მიერ გააზრებულ სიტყვას, ციტატას თუ ნახატს თემისა და მიზნის გამომხატველი იდეური  მნიშვნელობის ფრაზის: „ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ შესახებ. წარწერები თუ ნახატები ასოციაციურად, სიმბოლურად თუ იდეურად ნათლად გამოხატავდა მოსწავლეთა დამოკიდებულებებსა და ხედვას დასმული პრობლემის შესახებ. შექმნილი რესურსი მასწავლებლისა და მოსწავლეთა მიერ გაანალიზდა და შეფასდა საკითხის შემაჯამებელ ეტაპზე.

მჯერა, რომ ჩემი პედაგოგიური ხედვა და მცდელობა, აღვზარდო დემოკრატიული აზროვნებისა  და თავისუფლების მოყვარე მრწამსის მქონე კოსმოპოლიტი ქართველი თაობა, ეროვნული მნიშვნელობის საშური საქმეა.

გამოყენებული ლიტერატურა:

შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“. თავები:  „ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა“, “ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა“.

ლევან გიგინეიშვილი  “შეუმჩნეველი” პოლიტიკური ავანტიურა “ვეფხისტყაოსანში”.

ვებ-საიტი: http://www.georoyal.ge/?MTID=1&TID=86&id=2224

თამარ მეფე. მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია.

შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ კითხულობს გურამ საღარაძე.

ვებ-საიტი: https://www.youtube.com/watch?v=Ei3mqO1g3P0&feature=youtu.be

სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-სთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური