GE

ფიზიკა – მე-11 კლასელებისთვის ყველაზე საშიში გამოცდა – “მაღალი ქულები არ დაწერილა”

მეთერთმეტე კლასელთა გამოცდები დასრულდა. მოსწავლეებმა ბოლო, მეოთხე გამოცდა ფიზიკაში ჩააბარეს. მათი უმრავლესობა ყველაზე რთულად ჩასაბარებელ საგნად სწორედ ფიზიკას მოიაზრებდა.”ფიზიკის ყველაზე მეტად გვეშინია.. იმედია, სულ ამოცანები არ მოვა..”,- ამბობდნენ გასულ დღეებში მოსწავლეები.

მოლოდინი გამართლდა. ARIS.GE-განათლებამ დედაქალაქისა და რეგიონის მასშტაბით არაერთი მოსწავლე და დირექტორი გამოკითხა. უმრავლესობა მათგანი ყველაზე რთულად სწორედ დღევანდელ გამოცდას ასახელებს.

53-ე სკოლის დირექტორი ეკა გვახარია: “სხვა გამოცდაში ჩაჭრილი მოსწავლეები არ გვყავს. ფიზიკაში კი ერთი ჩაიჭრა. ერთიც გამოცდიდან უდისციპლინობის გამო მოვხსენით. სიმართლე გითხრათ, ორივე მათგანი სუსტ მოსწავლედ მოიაზრებოდა. ძალიან მაღალი ქულები არ დაწერილა. ყველაზე მაღალი ქულა 8.29 ქულაა. მოლოდინიც ასეთი იყო, ფიზიკის გამოცდის ყველაზე მეტად ეშინოდათ. რაც შეეხება პროგრამის მუშაობას ამ მხრივ ვერ დავიჩილებ. პროგრამა გამართულად მუშაობდა და ყველაფერი წესის მიხედვით მიდიოდა”

ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაში დღევანდელ გამოცდაზე არც ერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა. თუმცა როგორც სკოლის დირექტორმა გურანდა სირბილაძემ Aris.ge-განათლებას განუცხადა, არც მაღალი ქულები დაწერილა.

“საბედნიეროდ, გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლე არ გვყავს. ყველაზე მეტად მოსწავლეებს დღვანდელი გამოცდის ეშინოდათ. სამწუხაროდ მაღალი ქულები არ დაწერილა, ყველაზე მაღალი 6.95 ქულაა. გამოცდიდან გამოსული ყველა მოსწავლე ამბობდა, რომ ტესტები რთული იყო. საბედნიეროდ პროგრამა გამართულად მუშაობდა. დამკვირვებელიც კარგად მომზადებული იყო და ბავშვებიც მობილიზებული”.

სკოლის ხელმძღვანელი პირებისგან განსხვავებით, პროგრამის გაუმართაობაზე საუბრობენ სკოლის მოსწავლეები. რამდენიმე მათგანი Aris.ge-განათლებასთან საუბარში მიღებულ დაბალ ქულას სწორედ პროგრამას უკავშირებს.

ანა ფარცვანია თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. დღევანდელ გამოცდაში 6.35 ქულა მიიღო. – “არ ვარ კმაყოფილი. არადა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სწორი პასუხი მქონდა. უბრალოდ მაღალ ქულებს არ წერდა კომპიუტერი. ჩემ სკოლაში რვა ქულა არ დაწერილა, მაშინ, როდესაც ბევრი ჭკვიანი ბავშვია, იყვნენ ისეთებიც, ვინც 10 ქულას იმსახურებდა. პროგრამის გაუმართაობაში დარწმუნებული ვარ. თან ეს მხოლოდ ჩემი, ერთის პრობლემა არ არის. სხვებიც დათრგუნულები იყვნენ,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას 24-ე სკოლის მოსწავლემ.

ვარკეთილში მდებარე 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების უმრავლესობამაც საშუალო ქულა 7 აიღო.

Aris.ge-განათლებასთან თითქმის ერთსულოვნად ამბობენ, რომ ოთხი გამოცდიდან ყველაზე რთული ბოლო გამოცდა იყო.

ანი ქევხიშვილი 108-ე სკოლა (6.44 ქულა)- “ყველაზე რთული დღევანდელი გამოცდა იყო. ყველაზე მარტივი გეოგრაფია. საბედნიეროდ, ჩვენ სკოლაში დღეს არავინ ჩაჭრილა. კითხვები სირთულეს რაც შეეხება – თუ კითხვას სწორად გასცემდი პასუხს, შემდეგ უფრო რთული მოდიოდა, თუ შეგეშლებოდა უფრო მარტივი”.

ქართული სექტორისგან განსხვავებით სამი გამოცდის ჩაბარება მოუწიათ რუსული სკოლის მეთერთმეტე კლასელებს. ქიმიას ისინი მომავალ წელს, საატესტატო გამოცდების ფარგლებში ჩააბარებენ.

ალან ბაკერი 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, დღევანდელ გამოცდაში 8,23 ქულა აიღო. – “ყველაზე მაღალი ქულა 9,03 გეოგრაფიაში მყავს. ფიზიკაში 8,23 მივიღე. კითხვები პროგრამული იყო, მაგრამ განსხვავებული იმისგან, რაც ნიმუშში შემხვდა. ჩვენ სკოლაში ტექნიკური ხარვეზები არ დაფიქსირებულა”.

Aris.ge- განათლებამ ისეთი მოსწავლეც ჩაწერა, ვინც დღევანდელ გამოცდაში ქულათა მაქსიმუმი აიღო. 51-ე სკოლის მოსწავლე კონსტანტინე კოპალიანმა, ფიზიკის გამოცდაში 10 ქულა მიიღო და საგამოცდო ტესტი სულ რაღაც 15 წუთში დაასრულა.

“პირადად მე ყველაზე რთულად ქიმიის გამოცდა მიმაჩნია. ფიზიკას რაც შეეხება, თეორიული ნაწილი ძალიან მარტივი იყო. ამოცანებს კი დიდი დრო მიჰქონდა. ამის მიუხედავად მე დაახლოებით 15 წუთში მოვრჩი. დროზეც ბევრია დამოკიდებული, თუ დიდ დროს მოანდომებ ქულები გაკლდება. ტექნიკური თვალსაზრისით, პირადად მე პრობლემა არ მქონია. ჩემი კლასელი კი ძალიან გაწვალდა. უკვე ბოლოდში იყო გასული პროგრამა გაეთიშა და თავიდან მოუწია დაწყება,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას კონსტანტინე კოპალიანმა.

თბილისის 112-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ცოტნე თოფურია – (ქულა 5.82) – “მიხარია, რომ გამოცდები მორჩა. ყველაზე რთული ფიზიკა იყო 40 წუთზე მეტი დაგვჭირდა, ყველაზე ადვილი კი გეოგრაფია, მაგრამ გეოგრაფიაში და ბიოლოგიაში გაცილებით მაღალ ქულებს ველოდით, მიუხედევად ამისა კომპიუტერმა დაბალი ქულა დამიწერა. სესიების მიხედვით საკითხები რთულდებოდა, მაგალითად მასწავლებელმა გვირჩია, რომ ბავშვი, რომელიც მაღალი ქულით გამოვიდოდა, იმავე კომპიუტერთან არ დამჯდარიყო, იმიტომ რომ რთული ტესტები მოვიდოდა. საერთო ჯამში ჩემ სკოლაში 5-6 ბავშვი ჩაიჭრა”.

სულ რამდენი მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა წლევანდელ გამოცდებზე და რომელი გამოცდა აღმოჩნდა ყველაზე რთული შედეგები მიხედვით, ჯერ უცნობია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ოფიციალური მონაცემები არ გამოუქვეყნებია.

მეთერთმეტე კლასელთა გამოცდები 16 ივნისს დაიწყო. მოსწავლეებს ოთხი საგანის: ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფიისა და ფიზიკის ჩაბარება მოუწიათ. სულ გამოცდები 1500მდე სკოლაში ჩატარდა. გამოცდებზე კი 40 ათასამდე მოსწავლე გავიდა.

ცნობისთვის, თუ მოსწავლე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, აღნიშნულ გამოცდას ის მომდევნო წელს, მე-12 კლასის დასრულებისას, დანარჩენ 4 გამოცდასთან ერთად ჩააბარებს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური