GE

„ფიზიკის ტესტი წელს საშუალო სირთულის იყო“ – ბოლო ეროვნული გამოცდის მონაწილეთა შეფასებები

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდას ფიზიკაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 700-მდე აბიტურიენტი აბარებდა. სამუშაო დრო კი სამი საათი იყო. ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის მათ ფიზიკის ტესტში უმაღლესი 63 ქულის 25%-ის მოპოვება უნდა შეძლონ.

EDU.ARIS.GE 2023 წლის ეროვნული გამოცდების ბოლო გამოსაცდელებს ესაუბრა და როგორც მათი უმრავლესობა ამბობს, ფიზიკის ტესტი წელს საშუალო სირთულის იყო.

აბიტურიენტი ლუკა ალთუნაშვილი, რომელმაც ფიზიკის გამოცდა 1 საათსა და 40 წუთში დატოვა, გვიხსნის, რომ ტესტური დავალებები წელს საშუალო სირთულის იყო და მისთვის რთულად შესასრულებელ დავალებებსაც ასახელებს:

“იყო საშუალო სირთულის ტესტი. წინა წლის ტესტისგან განსხვავებით, შედარებით მერთულა 36-ე საკითხი. ასეთი დავალებაა, რომ შესაბამისობები უნდა იპოვო. მაგალითად, რომელია ძალის ერთეული. ასევე, მაღალქულიანი – 5-ქულიანი დავალებებიც რთული იყო. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, იყო კითხვები ტემპერატურაზე, ელექტროობაზე, თერმულ დინამიკაზე, სიხშირეებზე. მახსოვს, რომ დაახლოებით 6-7 დავალებაში იყო გრაფიკა მოცემული, მაგრამ ამ ტიპის დავალებები მარტივად შევასრულე”.

ლუკას, ასევე, ვთხოვეთ, დაესახელებინა ის საგანი, რომელზეც გადაჭრით იტყოდა, რომ ამ საგნის
ტესტი წელს განსაკუთრებით რთული იყო.

“ასეთი საგანი იყო მათემატიკა. წინა წლის ტესტებისგან განსხვავებით, ეს ტესტი მათემატიკაში იყო რთული. მიზეზსაც დავასახელებ, რატომ გვერთულა, კითხვები არ იყო ისე დასმული, რომ ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო, რას გვეკითხებოდნენ”, – აღნიშნავს აბიტურიენტი.

ფიზიკის ტესტს საშუალო სირთულისას უწოდებს კიდევ ერთი აბიტურიენტი, ნუცა რაზმაძე, რომელიც კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებაზე აბარებს.

“ზოგადად, საშუალო სირთულის ტესტი იყო. რთულ დავალებებში გამოვყოფდი, იზობარულ პროცესებს რომ ეხებოდა, განტოლებებისა და ფორმულების ცოდნა იყო საჭირო. ასევე, 5-ქულიანი დავალებებიც რთული იყო. გრაფიკები მარტივად შევასრულე”.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ფიზიკა მე-12 კლასებში არ ისწავლება. ამ საგნის სწავლა მე-11 კლასში დაასრულა და ისურვებდა, მომავალი წლიდან მაინც შეეძლოთ აბიტურიენტებს, რომ დამამთავრებელ კლასში ეს საგანიც გაიარონ.

ლუკას მსგავსად, ნუცასაც ვკითხეთ მისთვის ყველაზე რთული ტესტის შესახებ ამ წლის გამოცდებზე და ისიც მათემატიკას გამოყოფს:

“ყველაზე რთული იყო მათემატიკა. ჩემი აზრით, დავალების პირობები ცუდად ჰქონდათ ნათარგმნი, რადგან საკმაოდ ბევრ დავალებაში გაუგებარი იყო, რას გვეკითხებოდნენ. მაგალითად, ერთ დავალებაში პარალელეპიპედი იყო მოცემული, ამბობდნენ, სამწიბო არისო და ფართობი იპოვეთო, მე კი მივხვდი, მაგრამ გაუგებრად იყო და სანამ მივხვდი, დავიბენი”.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური