GE

ფულადი ჯილდოს მიღების მსურველი საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის რეგისტრაციის ვადები დადგინდა

საჯარო სკოლების საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე, დასკვნითი ეტაპი დღეს დაიწყო და უკვე განისაზღვრა ვადებიც რეგისტრაციისთვის.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით მასწავლებლების რეგისტრაცია 2019 წლის 14 ნოებმრიდან 29 ნოებრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო თანხების გაცემა კი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

“პენსიონერ პედაგოგებს, რომელთაც არ აუმაღლებიათ სტატუსი, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წლის ბოლომდე, მეორედ აქვთ ორი წლის ჯამური ანაზრაურების სახით ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა. ამასთან, მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამით, რეფორმის ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემას გულისხმობს, სრულდება. თუმცა პედაგოგების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგების მიმართულებით რეფორმა გრძელდება, რაც გულისხმობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და მათი პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას”, – განმარტავენ მიხეილ ჩხენკელის უწყებაში.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი:

1. ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

2. პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

3. იმ შემთხვევაში, თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი ერთზე მეტ საჯარო სკოლაში ასწავლის, ფულადი ჯილდოს აღების მიზნით ვალდებულია შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს ყველა საჯარო სკოლასთან. ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო გამოითვლება თითოეულ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

4. ფულადი ჯილდოს ოდენობა შეადგენს ბოლო 3 თვის განმავლობაში პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლს.

5. იმ მასწავლებელს, რომელსაც 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე შეჩერებული აქვს შრომითი ურთიერთობა, ფულადი ჯილდო მიეცემა ნამუშევარი ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლის ოდენობით.

6. ფულადი ჯილდოს ოდენობა დაანგარიშდება პრაქტიკოსი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსა და მასზე გათვალისწინებული დანამატების მიხედვით.

7. თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში კვლავ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები) და დააბრუნოს ფულადი ჯილდო სრული ოდენობით.

8. ხოლო თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ასევე, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).

9. ფულადი ჯილდოს გაცემა 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.

10. 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საჯარო სკოლებიდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჯილდოს მიღების სურვილი 1594 სკოლის 5600-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოხატა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური