GE

გაიცანი ალტე უნივერსიტეტის ფონდის გრანტის მფლობელი სტუდენტები

ალტე უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ – უფასოდ სწავლა მთელი 4 წლის განმავლობაში. ამისათვის მათ იმ ერთადერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილება უწევთ, რაც ისევ და ისევ მათთვისაა სასარგებლო – სიბეჯითე და მაღალი აკადემიური მოსწრება.

უკვე მიმდინარე სემესტრში სწავლის გადასახადისგან ალტე უნივერსიტეტის 14 სტუდენტი გათავისუფლდა. საუნივერსიტეტო ფონდი, 3.5 ან მეტი GPA-ს მქონე სტუდენტებს ყოველი მომდევნო სემესტრის სწავლის საფასურს სამომავლოდაც დაუფინანსებს. უნივერსიტეტში დარწმუნებულები არიან, რომ შეთავაზებით სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს, რადგან თანატოლების მაგალითი მათთვის მეტი სტიმულის მიმცემი გახდება.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ 3.5 GPA-ს დაგროვება, სტუდენტებისთვის საკმაოდ შრომატევადი, თუმცა სრულიად მიღწევადი მიზანია. მთავარი მონდომება და სურვილია – იყვნენ წარმატებულები და გამორჩეულები.

როგორც ალტე უნივერსიტეტის მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ხელშეწყობა უნივერსიტეტის არა მხოლოდ მიზანი, არამედ მისიაც არის. მისი განმარტებით, მაქსიმუმი კეთდება, რათა სტუდენტებს მეტი შრომისა და სწავლისთვის კიდევ უფრო მაღალი მოტივაცია ჰქონდეთ. სწორედ ამ და ხარისხიან განათლებაზე მეტი ხელმისაწვდომობის მიზნით, შეიქმნა ფონდი, რომელიც უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მისი დანიშნულება, წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობისა და წახალისების გარდა, საუნივერსიტეტო კვლევითი საქმიანობის განვითარებაცაა.

„იმისათვის, რომ სტუდენტმა გრანტით სწავლის ბოლომდე ისარგებლოს, მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა შეინარჩუნოს. რაოდენობაზე შეზღუდვა არ გვაქვს – რამდენი სტუდენტიც იქნება 3.5 და მეტი GPA-ს მქონე, იმდენი დაფინანსდება. მეტიც, იგივე შეთავაზება გვაქვს მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვისაც. ამ სემესტრში, ვინც მობილობით გადმოვიდა და 3.5 GPA ჰქონდა, რა თქმა უნდა, სწავლა მათაც დაუფინანსდათ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტებისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა, რადგან ხედავენ, რომ უნივერსიტეტი მათ მაღალ აკადემიურ მოსწრებას მხარს მრავალმხრივ უჭერს. მოტივაციის გაზრდა, ჩვენს სტუდენტებს, ეტყობათ კიდეც, რადგან არაერთმა აღნიშნა, რომ მომდევნო სემესტრებში სწავლას კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით განაგრძობენ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რათა ახალგაზრდებს, რომელთაც განათლების მიღება სურთ და მონდომებულები არიან, დამატებითი დაბრკოლებები, ფინანსების თვალსაზრისით, შეძლებისდაგვარად მოვუხსნათ“, – აღნიშნავს ანი ამირანაშვილი.

გრანტის მფლობელი 14 სტუდენტიდან EDU.ARIS.GE სამს ესაუბრა. სამივე მათგანი ხაზს უსვამს ერთ, მათი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს – თუკი ადამიანს აქვს მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყველაფერს აკეთებს, შესაძლებლობები ყოველთვის გამოჩნდება.

მარიამ ნიკოლაძე ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია და მის მიერ პირველ სემესტრში მოპოვებულმა ქულებმა მეორე სემესტრის საფასურის დაფინანსება განაპირობა. მართალია სწავლა თავიდანვე საკმაოდ დიდი მონდომებით დაიწყო, თუმცა არ ელოდა, რომ შრომა ასე მალე და ასეთი ხელშესახები შედეგებით დაუფასდებოდა. გრანტის შესახებ ინფორმაცია მაშინ მოისმინა, როცა უკვე პირველ კურსს ხურავდა და ფინალურ გამოცდებს აბარებდა. შესაბამისად, განსაკუთრებულად მოემზადა და მაღალი შედეგებიც აჩვენა. ამას მთელი სემესტრის განმავლობაში გამოჩენილი სიბეჯითე და მიღებული ქულებიც დაემატა და მარიამი იმ საუკეთესო სტუდენტებს შორის მოხვდა, რომელმაც ამ საკმაოდ დიდი ფინანსური შეღავათით სარგებლობა შეძლო.

„თავიდანვე აქტიური სტუდენტი ვიყავი, ქულებს ყურადღებას ვაქცევდი. გამოცდებისთვის კი განსაკუთრებულად მოვინდომე და სემესტრი უმაღლეს შედეგებზე დავხურე. ეს პროცესი ძალიან შრომატევადია, თუმცა, თუ პროფესია, რომელსაც ეუფლები, გიყვარს და მხოლოდ განათლების მიღებაზე ხარ ორიენტირებული, ყველაფერი მარტივდება. აღნიშნული გრანტი ფინანსურ შეღავათთან ერთად, ძალიან დიდი დაფასებაა, რაც გვიბიძგებს უფრო მეტი გავაკეთოთ. ძალიან სასიამოვნოა, როცა კარგ სტუდენტად გაღიარებენ. მგონია, რომ ჩვენი მაგალითის შემხედვარე კიდევ უფრო მეტი სტუდენტი მოინდომებს საუკეთესოები გახდნენ. შრომა აუცილებლად ფასდება, თუკი მიზნისკენ სვლას არ შეწყვეტ“, – ამბობს მარიამი.

ანუკა ცენტერაძე მესამე კურსელია და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის პროფესიას ეუფლება. მიმდინარე სემესტრი მას უკვე დაუფინანსდა. ანუკა მთელი სტუდენტობის პერიოდში კარგი სწავლითა და მაღალი ქულებით გამოირჩეოდა. ინიციატივის ამოქმედების შემდეგ კი მისი ეს მონდომება კონკრეტული ქმედებით დაფასდა.

„როდესაც უნივერსიტეტმა ფონდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, კიდევ უფრო გამიორმაგდა სწავლის მოტივაცია. ჩემ მიერ შემოდგომის სემესტრში მიღებული ქულები შეიკრიბა, დაჯამდა და საშუალო მაჩვენებლით ეს კრიტერიუმი დავაკმაყოფილე. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მოგეხსენებათ, საკუთარი შრომით მიღწეულ წარმატებაზე სასიამოვნო არაფერია. განათლება ჩემთვის პრიორიტეტია, ძალიან დიდ დროს ვუთმობ საკუთარ თავზე მუშაობას. აღნიშნულმა სიახლემ მომცა უდიდესი სტიმული და მოტივაცია იმისა, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელო დაწყებული საქმე და არასოდეს შევწყვიტო თვითგანვითარება. მე ვაპირებ, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები და ალტე უნივერსიტეტის მხარდაჭერით მივაღწიო დიდ წარმატებას. აუცილებლად ვეცდები, შევინარჩუნო გრანტის მფლობელის სტატუსი მომდევნო სემესტრებშიც“, – აცხადებს ანუკა.

გრანტის კიდევ ერთი მფლობელი ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელი გრიგოლ გურგუჩიანია. სასწავლო პროცესში, ჩვენი დანარჩენი რესპონდენტების მსგავსად, ისიც სტუდენტობის დასაწყისიდანვე აქტიურად იყო ჩართული. აპირებს, რომ სწავლის ხარისხი მხოლოდ და მხოლოდ გააუმჯობესოს და შესაბამისად, დაფინანსება მთელი სტუდენტობის პერიოდში შეინარჩუნოს.

„ჩემმა წარმატებამ მეგობრებს, კურსელებს მეტი მოტივაცია მისცა. ვატყობ, რომ ლექციებზე უფრო მაღალი დასწრებაა და ბევრი ჯგუფელიც უფრო მოტივირებულია. ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ თუკი სასურველი განათლების მიღება გსურს, საჭიროა შესაბამისი ფინანსები და თუ ოჯახს სათანადო ფინანსები არ გააჩნია, ეს შეიძლება ბევრი ახალგაზრდისთვის დიდი დაბრკოლებაც კი გახდეს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ უნივერსიტეტის ეს შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტისთვის, რომელსაც ძალიან სურს სწავლა. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, ადამიანმა დაისახოს მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს“, – დასძენს გრიგოლი.

აღნიშნული წამოწყება, ახლადშექმნილი საუნივერსიტეტო ფონდის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პირველი პროექტია და გრძელ ვადაზეა გათვლილი. ფონდს კიდევ არაერთი შორსმიმავალი გეგმა აქვს, რაც საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური