ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოები გამოიფინება
სამი კამერა – ერთი საუკუნე
საქართველოს ისტორია ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ობიექტივში
23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი), საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციიდან აქამდე სრულიად უცნობ ფოტო გამოფენას, რომლის კურატორიც ცნობილი ფოტოგრაფი, გურამ წიბახაშვილია.
მინის ნეგატივები, რომელიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე-20 საუკუნის სადაწყისის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს.
საბჭოთა კავშირში საქართველოს ყოფნის 70 წლის განმავლობაში, საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა გეგმაზომიერად აქრობდა არა მხოლოდ არასასურველ პიროვნებებს, არამედ არასაბჭოთა ყოფისა თუ მოვლენების ამსახველ ვიზუალურ მასალასაც, იმას, რაც ოფიციალურ პროპაგანდისტურ ნარატივებს არ ეხმიანებოდა. საბჭოთა რეჟიმის ამოცანა იყო ახალი საბჭოთა რეალობის შექმნა და არასაბჭოთა, არატოტალიტარული ყოფის შესახებ მეხსიერების გაქრობა.
საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმი, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენის ფოტოსა და კინოფირზე აღბეჭდილ დოკუმენტურ მასალას არქივებში კეტავდა ან მოსკოვში გაჰქონდა, როგორც „მტკიცებულება“. შედაგად, არაერთი ამგვარი მოვლენა მეხსიერებიდან გაქრა ან მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის დროზე ფოტოებსა და კინოფირებზე იყო აღბეჭდილი.
გამქრალი მეხსიერების თუნდაც ნაწილობრივ შესავსებად, ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის აქამდე სრულიად უცნობი ფოტო-მემკვიდრეობა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა.
ნიკო ნიკოლაძე, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მოთავე, თავად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით და ეს ხელოვნება შვილებს – გიორგის, თამარს და რუსუდანს შეასწავლა. ქართული მათემატიკის სამეცნიერო სკოლის, ინჟინერიის, ალპინიზმისა და ტანვარჯიშის ცნობილი პიონერი, გიორგი ნიკოლაძე, ჟორჟეტა ღამბაშიძეზე იყო დაქორწინებული, რომლის მამა, ვახტანგ ღამბაშიძე – ექიმი, განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე, ასევე ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ქალიშვილიც მის კვალს გაჰყვა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის ობიექტივში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პრაქტიკულად ყველა საკვანძო მოვლენა მოხვდა.
გამოფენა და დისკუსია ორგანიზებულია: „საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგია და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით” (“The Memory Project: Face-based Countering of Soviet Nostalgia and Russian Historical Revisionism”) პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია ილიას სახელმწუფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია: ჰარვარდის უნივერსიტეტი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პენცენტრი, ილიაუნის მესხიერების კვლევების ცენტრი, მწერალთა სახლი და საქართველოს ეროვნული ფონდი. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი