GE

გაიცანით თათია – საქართველოს ყველაზე რეიტინგული სტუდენტი

ის მომავალი ფიზიკოსია. რაც მთავარია, წლევანდელ ეროვნული გამოცდების ყველაზე რეიტინგული სტუდენტია. თათია შარია თსუ-ს სტუდენტია. პროფესიის არჩევისას დიდხანს არ უფიქრია, რადგან ფიზიკისადმი სიყვარულმა მისი არჩევანი დიდიხნის წინ განაპირობა.

ცოდვა გამხელილი სჯობს და ამ პროფესიის ადამიანები ჟურნალისტებს ნაკლებად გვხიბლავს, რადგან ძალიან სიტყვაძუნწი რესპოდენტები არიან. გამონაკლისი არც თათიაა. გვითხრა კიდეც, კომუნიკაბელურობით დიდად არ გამოვირჩევი და ბევრი ლაპარაკიც არ მიყვარსო.

ჩვენი რესპოდენტი ძალიან საყვარელი გოგონა აღმოჩნდა. ინტერვიუ თსუ-ს პირველ კოსპურში შედგა. თათიამ ი.ვეკუას სახელობის სკოლა დაამთავრა, სადაც ფიზიკა-მათემატიკის სწავლება გაძლიერებულად მიმდინარეობს. მითხრა, რომ მომავალში საკუთარ თვს სწორედ ამ სფეროში ხედავს. სხვა შემთხვევაში ხომ ამ პროფესიას არც აირჩევდა?!

– თათია, მომავალი პროფესია დამოუკიდებლად აირჩიე თუ ოჯახის გავლენით?

არა. ჩემი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ოჯახში დედა და და ფიზიკოსები არიან. ბიძაშვილიც. ჩემს შემთხვევაში ეს გადამწყვეტი არ აღმოჩნდა. ტექნიკური საგნები მიყვარს, უფრო მარტივად გამომდის. სკოლაში სწავლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებშიც ვმონაწილეობდი და კარგი შედეგებიც მქონდა. ვისურვებდი, რომ მომავალში უნივერსიტეტის ან საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა მივიღო.

– სამწუხაროდ, ფიზიკოსობა ჩვენს ქვეყანაში პერსპექტიული არ არის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. პროფესიის არჩევისას ეს ფაქტორი თუ გაითვალისწინე?

რა თქმა უნდა, გავითვალისწინე. ძალიან მინდა, რომ სწავლა უცხოეთში გავაგრძელო. საბოლოოდ, ჩემს თავს საქართველოში ვხედავ. ფიზიკა ისეთი საგანია, რომელშიც მიღებული ცოდნა სხვა პროფესიაში აუცილებლად გამომადგება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ მომავალში სხვა პროფესია ავირჩიო. თუმცა, ეს აუცილებლად ტექნიკურ საგნებთან დაკავშირებული იქნება.

– ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს ადამიანებთან ურთიერთობა ნაკლებად ხიბლავთ, შენც ციფრებთან ურთიერთობას ხომ არ ამჯობინებ?

ზოგადად, დიდად კომუნიკაბელური არ ვარ. თუმცა, ჩაკეტილი ადამიანიც არ ვარ. ეს უფრო მითები მგონია, რომ ციფრებთან ურთიერთობა ურჩევნიათ, ვიდრე ადამიანებთანო. ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვარ. მეგობრებიც მყავს და თავისუფალ დროს მათთან ვატარებ. კიდევ, ფილმების ყურება მიყვარს.

– და ბოლოს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ფიზიკოსის პროფესაი უფრო წინწამოწეული გახდეს?

პირველ რიგში, ამ სფეროს განვითარებას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი. კარგია, რომ ამ ფაკულტეტზე სწავლებას სახელმწიფო აფინანსებს. ამით გვაჩვენეს, რომ ეს სფერო სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. ეს ძალიან კარგია. როგორც ვიცი, სხვა წლებთან შედარებით, წელს უფრო მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა ფიზიკის ფაკულტეტზე. ეს კარგია. ჩემს კურსზე 80-მდე სტუდენტი სწავლობს. იმედია, რომ ეს სფერო ჩვენთან აუცილებლად განვითარდება.

თათიას ვუსურვებთ წარმატებებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, კარიერაში. იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო ყველა პირობას შეუქმნის თათიას და მის მსგავსს ნიჭიერ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. რათა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება შემდეგ ქვეყანას მოახმარონ.

სალომე არის© გოგოხია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური