„გაკვეთილი ჯერ უწიგნოდ გვიტარდება“ – მე-7 კლასში რუსულ ენას ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან
საჯარო სკოლების დიდ ნაწილში სასწავლო პროცესი თითქმის ორი კვირაა დაიწყო, თუმცა მე-7 კლასებში, სახელმძღვანელოს არარსებობის გამო, რუსული ენის გაკვეთილები სრულყოფილად ვერ ტარდება. მიზეზი ისაა, რომ რუსული ენის სახელმძღვანელომ სამინისტროსგან გრიფი ვერ მიიღო.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წლისთვის გრიფი მე-7 კლასის სახელმძღვანელოებს შემდეგ საგნებში მიანიჭა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, მოქალაქეობა, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული), მუსიკა, ხელოვნება და ფიზიკური აღზრდა (მასწავლებლის წიგნი). ჩამონათვალში არაა რუსული, შესაბამისად ახალი წიგნებიც არ არსებობს.
მოსწავლეების და მშობლების ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მართალია სკოლებში რუსულის გაკვეთილები არ ცდება, მაგრამ სრული დატვირთვით ვერ მიმდინარეობს.
„რუსულის გაკვეთილი კი გვიტარდება, მაგრამ წიგნი არ გვაქვს, არც ახალი და არც ძველი არ მოუციათ. გასული წლის მასალას გვეკითხება ხოლმე მასწავლებელი, დავალებაც მოგვცა წინადადებები შეადგინეთო. მაგრამ როგორც ასეთი წიგნიდან დავალებები ჯერ არ გვაქვს, უწიგნოდ გვიტარებს. გვითხრეს, რომ მალე იქნება ახალი წიგნებიო და ველოდებითო“, – ამბობს ერთ-ერთი მე-7 კლასელი ჩვენთან საუბარში.
„რუსულის წიგნი ნამდვილად არ მოუტანია სახლში, თუმცა გაკვეთილი არ გვიტარდებაო არ უთქვამს ბავშვს. მეც ველოდები გადაწყვეტილებას, მომზადება უნდა დავაწყებინო, ბევრი ქვეყანა იყენებს რუსულს და საჭირო ენაა, მინდა ბავშვმა კარგად იცოდეს. ვერ იწყებს რეპეტიტორი, რადგან არ ვიცით რა წიგნით უნდა იხელმძღვანელოს“, – ამბობს მე-7 კლასელი მოსწავლის მშობელი თბილისის ერთ-ერთი სკოლიდან.
„ჩვენ შეგნებულად არ ჩავეწერეთ რუსულის ჯგუფში, არ მაქვს სურვილი ჩემი შვილი ოკუპანტის ენაზე საუბრობდეს. სხვა მშობლები ასე არ ფიქრობენ, კლასის უმრავლესობა რუსულ ჯგუფშია. ეტყობა სამინისტროშიც მიხვდნენ, რომ სკოლაში რუსული არ უნდა ისწავლებოდეს და არ მიანიჭეს გრიფი, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, შეცვალონ რუსული სკოლებში სხვა უცხოური ენით“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მე-7 კლასელებმა რუსულის ახალი წიგნები ვერ მიიღეს იმიტომ, რომ გრიფირების კონკურსში წარდგენილმა სახელმძღვანელოებმა ვერ დაიმსახურეს მოწონება. უწყების ინფორმაციით, გრიფირების ხელახალი კონკურის ჩატარებამდე მე-7 კლასის მოსწავლეები ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რისი მარაგიც სკოლებში არსებობს.
„მიმდინარეობს პროცესი და მე-7 კლასელებს მალე ექნებათ წიგნები, თუ რომელიმე სკოლას არ აქვს სახელმძღვანელოები, მოხდება შევსება“, – განუმარტეს EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება