„გამოასწორეთ შეცდომა, გამოიყენეთ დისკრეცია“ – მასწავლებლის გზავნილი განათლების მინისტრს, რომელიც შიმშილობის დაწყებაზე საუბრობს
„გაკვეთილების შემდეგ, დღესაც წავალ განათლების სამინისტროსთან. ერთადერთი, რაც პედაგოგს არ ეპატიება, მოსწავლეებისათვის გაკვეთილების გაცდენაა… ჩემი მოსწავლეებისგან ასეთი ფრაზებიც მომისმენია, მასწავლებელო, მე არ მინდა, რომ დირექტორი გახდეთ, მე მინდა, თქვენ ჩემი მასწავლებელი იყოთ“, – ეს სიტყვები EDU.ARIS.GE-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ბოლო, გასაუბრების ეტაპზე „დაწუნებულმა“ კანდიდატმა, მაია ეკალაძემ უთხრა, რომელიც ბოლო ერთი კვირაა, სკოლაში გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, განათლების სამინისტროსთან აპროტესტებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას და გვეუბნება, რომ გიორგი ამილახვარის უწყებასთან შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.
მაია ეკალაძე ნახევარი წელია, დირექტორობის სხვა კანდიდატებთან ერთად (გიორგი ჭაუჭიძე, დავით ფერაძე…), მინისტრთან შეხვედრას სხვადასხვა ადგილას და ფორმით ითხოვს. ის ამბობს, რომ 2014 წლიდან დირექტორის სერტიფიკატი ჰქონდა და მისი უნარები არც ახლა შესუსტებულა, პირიქით, გაიზარდა და სწორედ ამიტომ არ ესმის, თუ გასაუბრების ეტაპი სამართლიანი იყო, რატომ ვერ უნდა მიეღო მას სერტიფიკატი.
– როგორ ხართ, ქალბატონო მაია? რამდენი დღეა, რაც განათლების სამინისტროსთან მიდიხართ და ელით, რომ ყურადღება მოგაქციონ, ამის პარალელურად კი გაკვეთილებს ატარებთ?
– მადლობა. დღეს მერვე კლასთან ვითხოვე, რომ გადაღლის გამო, დავჯდებოდი და გაკვეთილს ასე ჩავატარებდი. ისე დასრულდა გაკვეთილი, ერთი შენიშვნის მიცემა არ მომიწია არცერთი მოსწავლისთვის, მათი უსიტყვო მხარდაჭერა მაძლიერებს.
ორშაბათიდან (27 ნოემბერი) ვართ სამინისტროსთან. ძირითადად სამი ადამიანი, თუმცა გვიერთდებიან სხვა კანდიდატებიც. ადამიანებს გაკვეთილები აქვთ. მეც გაკვეთილების დასრულების შემდეგ მივდივარ. განათლების მინისტრის გამოსვლის დღეს პარლამენტთან ვიყავით, სხვა დღეებში სამინისტროსთან ვართ.
– რა არის თქვენი მოთხოვნა?
– ჩვენ მინისტრის დანახვა და ხელის ჩამორთმევა კი არ გვინდა, მიზანი ეს არ არის. 16 კითხვა მაქვს შეგზავნილი და არცერთ კითხვაზე პასუხი არ არის. პასუხები გვჭირდება და რა ფორმითაც სურს, ისე გამოგვიგზავნოს. რატომ ამბობს მინისტრი, რომ ორჯერ შეხვდა, ჩვენ რომ მინისტრის მოადგილეს შევხვდით, წავედით კომუნიკაციაზე, გადავეცით კონკრეტული კითხვები და პასუხი გვჭირდება. მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა გვითხრა, რომ „ჩვენი დახმარება უნდა“. საქველმოქმედო ორგანიზაციაში ხომ არ მივსულვართ?, დახმარება არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება შეცდომების აღიარება და გამოსწორება. ერთადერთი, ამ ეტაპზე, რითიც ეს შესაძლებელია, არის დისკრეციის გამოყენება იმ არასწორად დაწუნებული სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან დაკავშირებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხუთასივე სხვა ნიშნით არის დაწუნებული, მათ ხომ ეს ძალიან კარგად იციან… ყოფილი კომისიის წევრები ამბობენ, რომ სიები მოგვეწოდებოდა ვისთვის გვეთქვა „ჰო“ და ვისთვის – „არა“. გასაუბრების პირველ და მეორე ეტაპზე ერთნაირი ნიშნით დაგვიწუნეს ეს ადამიანები და შეუძლებელია, რომ ეს იყოს კონკურსი. ამ დროს, 1200 სკოლა, ამაზე ოდნავ მეტი, ან ნაკლები დირექტორის გარეშეა დარჩენილი. ეს ადამიანები 6, 12, 8 წლით და განსხვავებული დროით დირექტორები არიან და წარმოიდგინეთ, სერტიფიცირებისას ტესტირების ეტაპი ვერ გადალახეს, წაკითხულს ვერ იაზრებენ. ხისტად ვიტყვი და აღარ მოვერიდები, ყოველგვარ უხამსობას აქვს ადგილი ამ გასაუბრებებზე, ენა ვერ აღწერს და ვერ იტყვის, რაც ჰქვია ამ გასაუბრებებს.
– რა უნდა გააკეთოს დღეს კონკრეტულად სამინისტრომ, რომ თქვენ დაგაკმაყოფილოთ?
– პირველ რიგში, შეცდომა უნდა გამოასწოროს. მან ხომ იცის, ვინ დაბლოკა არასწორად. თუ ეს მინისტრის ბრალი არ არის და მინისტრი არაფერ შუაშია, არაინფორმირებულია, რაც ასევე ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ გვჭირდება მინისტრი, რომელიც ინფორმირებულიც უნდა იყოს და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად და სწორად იღებდეს, ასეთ შემთხვევაში, გამოასწოროს ეს შეცდომა და დანიშნოს დისკრეციით ყველა ეს ადამიანი (დირექტორობის “დაბლოკილი” კანდიდატები).
პირადად მე, მაია ეკალაძე, არ ვარ უარზე, რომ გასაუბრება თავიდან დაინიშნოს, თუნდაც ტელე-მარათონი გამართოს, 6 თვეა, ამას მივმართავ მინისტრს ნებისმიერი პლატფორმიდან. დანიშნოს გასაუბრება, ჩართოს კამერები და დამისვან ნებისმიერი კითხვა. სერტიფიცირებისთვის ტესტირებაზე რომ გავედი, სადოქტორო ნაშრომის დასრულების მიზეზით, რამდენიმე დღე მქონდა გათენებული და ფაქტობრივად გათიშული გონებით ვწერდი იმ ტესტს, მაგრამ მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო შეცდომები დავუშვი. ანუ, მე გათიშული გონებითაც შემიძლია კითხვებზე პასუხის გაცემა, ქულა საკმარისზე მეტი ავიღე, რომ გადამელახა და მეორე ეტაპზე გადავსულიყავი. აი, ის შეცდომები აიღონ და თუნდაც იქიდან დამისვან შეკითხვა, ყველაფერზე თანახმა ვარ… საზოგადოება არ უნდა ფიქრობდეს, რომ მე დირექტორი იმიტომ ვერ გავხდები, რომ იქ პოლიტიკური ნიშნით ირჩევენ ადამიანებს, ეს განწყობა უნდა მოხსნან.
– თქვენ როგორ მიიღეთ მინისტრის ფრაზა, რომელიც მან პარლამენტში თქვა: „მე არ ვფიქრობ, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, ისინი ობიექტურად აპროტესტებენ“. რას ნიშნავდა თქვენთვის ეს ფრაზა, რა გითხრათ ამით მინისტრმა?
– ყოვლად გაუგებარია, რას ნიშნავს ეს ფრაზა. ამით გვითხრა ის, რომ გვეთანხმება და ჩვენ მართლაც ობიექტურად ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოში თუ გვამისამართებს და რომ გვამისამართებს, ეს არ არის სწორი იქიდან გამომდინარე, რომ გასაუბრების ეტაპები არ იწერებოდა დოკუმენტურად ვერ დავადასტურებთ, თუ რა კითხვა დაგვისვეს და რა ვუპასუხეთ, მხოლოდ ჩვენი სიმართლის იმედზე ვართ. გარდა ამისა, სასამართლოსთვის გადაცემულ და ჩვენთვის გადმოცემულ დოკუმენტებს სხვადასხვა ადამიანები აწერენ ხელს. ჩემ შესახებ დოკუმენტებს კომისიის იმ წევრთა ხელმოწერა აქვს, რომლებიც ჩემთან საერთოდ არ მსხდარან. თუნდაც სასამართლო ძალიან თავისუფალი იყოს, სად ვამტკიცო და რა ვამტკიცო, რომ მე მართალი ვარ.
– ქალბატონო მაია, რა გზავნილს გადასცემთ ჩვენი საშუალებით პირადად განათლების მინისტრს, რა იქნებოდა ახლა თქვენი სათქმელი მისთვის?
– ბატონო მინისტრო, თქვენ იცით, რომ ჩვენი პროტესტი სამართლიანია და საერთოდ არ გვინდა მასწავლებლებს პროტესტი. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ აღდგეს სამართალი. ნუ მიგვითითებთ ნურც სასამართლოსკენ და ნურც სხვა ნაბიჯებისკენ, გასაუბრება არ იწერებოდა, ჩვენ სიმართლეს კი სასამართლოში აუცილებლად სჭირდება დოკუმენტურად დადასტურება. როდესაც სფეროს წარმომადგენელმა იცის, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, თავად მან უნდა გამოასწოროს შეცდომა. თქვენ იურისტი ბრძანდებით და დავის სასამართლოში გაგრძელება აღარ უნდა გახდეს საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიტანთ სასამართლოდან სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება პირობა, რომ გამოიყენოთ დისკრეცია. კი ბატონო, დანიშნეთ დამატებითი კონკურსებიც, რაც გსურთ, ის დანიშნეთ პირადად ჩემთვის, მაია ეკალაძისთვის, არცერთ გასაუბრებასა და კონკურსზე გასვლა პრობლემა არ არის, ოღონდ მასწავლებელს ნუ ალოდინებთ ქუჩაში ამდენი დღის განმავლობაში და ნუ ათხოვნინებთ შეხვედრას, კითხვებზე პასუხების მიღებას.
– რა იწვევს იმას, რომ საქართველოში მასწავლებელთა კორპუსი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო საკითხების თუ მოთხოვნების გარშემო ვერ/არ ერთიანდება, რისი პრობლემაა ეს? სისტემის მესვეურებისგან სულ გვესმის ფრაზა „თითო-ოროლა, რამდენიმე ადამიანი აპროტესტებს… მასწავლებლები მხარს გვიჭერენ…“
– ამას სწორედ სახელმწიფო პოლიტიკა განაპირობებს, სახელმწიფო პოლიტიკაა ასეთი. დაუშვას პრეცედენტი, დააკმაყოფილოს მასწავლებლების სამართლიანი მოთხოვნა და პედაგოგთა კორპუსი გაცილებით უფრო ძლიერი, ღირსეული გახდება და უფრო ღირსეულად დაიცავს ქვეყანასაც და საკუთარ უფლებებსაც. არის მენტალური პრობლემებიც… ჩემთვისაც რაღაცების გადალახვა იყო საჭირო, როგორ მიიღებდა ასეთ პროტესტს საზოგადოება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია და ინტეგრაცია პირველ რიგში, არის ადამიანის უფლებების დაცვისთვის ზრუნვა და თუ მასწავლებელი საკუთარ უფლებას არ იცავს, რანაირად შეიძლება ასწავლოს მან მოსწავლეს საკუთარი სხვა ადამიანების უფლებების დაცვა?
კოლეგებო, ნუ შეგეშინდებათ სიმართლის. სტატუსი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, მაგრამ ეს სტატუსები მიიღეთ და ატარეთ ღირსეულად. ჩემი, მაია ეკალაძის სურვილია, რომ საქართველოში ყველა მასწავლებელმა და ყველა დირექტორმა სტატუსი მიიღოს შესაბამისად, სწორად, რომ მომავალში ვიღაცისთვის თვალის გასწორების არ შერცხვეს. სულ დირექტორები და სულ მასწავლებლები ვერ ვიქნებით, ცხოვრება დროებითია. აუცილებლად უნდა დავუშვათ პრეცედენტები და უნდა დავიცვათ, პირველ რიგში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არ უნდა შეგვეშინდეს. ყველაზე მშიშარა ის ადამიანია, ვინც თქვენ გემუქრებათ და ვინც თქვენ გაშინებთ.
ხშირად, მასწავლებლები თვითცენზურასაც მიმართავენ ხოლმე. თვითცენზურა შესაბამის მომენტში არის ხოლმე საჭირო, შეუსაბამო მომენტში კი ძალიან არასწორი და დანაშაულის ტოლფასია და მე არ მინდა, რომ რომელიმე მასწავლებელი დამნაშავე იყოს.
– რა არის თქვენი უახლოესი გეგმა, დღეს ისევ წახვალთ განათლების სამინისტროსთან?
– კი, აუცილებლად წავალ. ერთადერთი, რისი პატიებაც არ შეიძლება, ეს არის სკოლაში გაკვეთილის გაცდენა. ხვალ შაბათია და მოვუწოდებ და ხვალაც დაველოდები იმ მასწავლებლებს, რომლებიც თავიანთი საშინელი მდგომარეობის შესახებ მწერენ, რომ მოვიდნენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ შაბათს მოვიდნენ. რომელი მასწავლებელიც იტყვის, რომ მე ტრენინგი მაქვს… ახლა ჩანიშნეს… ეს ჩემთვის უკვე მისაღები და გასაგები ვეღარ იქნება და მაშინ, უკვე გადავალ პირად პროტესტზე და ორშაბათიდან დავიწყებ შიმშილს სამინისტროს შენობაში.
ალბათ, შიგნით არ გამაჩერებენ, რადგან როდესაც გასულ დღეებში მოვითხოვე, კარი არ დაეკეტათ, რადგან ღამის განმავლობაში მჯდომარე აქციას ვაპირებდი და დილით გაკვეთილებზე წასვლას, 18:00 საათზე კარი დაკეტეს და სამინისტროს შენობაში არ გამაჩერეს. წერილი ოფიციალურად შევუგზავნე, მაგრამ ასე მოიქცნენ. მაპატიეთ, მაგრამ თხოვნის მიუხედავად, საპირფარეშოშიც კი არ შემიშვა დაცვის წევრმა… თავად ჩავვარდი უხერხულ მდგომარეობაში, რომ ადამიანს ისეთი რაღაც ვხოვე, რის გამოც დასჯიდნენ.
მაია ეკალაძისთვის მასწავლებელთა სტატუსები დისკრიმინაციულია და ამ კუთხით საკუთარი პროტესტი იმით გამოხატა, რომ გამოცდით მიღებული უფროსი მასწავლებლის სტატუსის შემდეგ, ახალ საფეხურზე გადანაცვლების მარათონში აღარ ჩაბმულა: „რატომ ვამბობ რომ დისკრიმინაციულია? – არ შეიძლება, ერთ კლასში შეუშვა უსტატუსო მასწავლებელი და მეორეში მენტორი, რის მიხედვით არჩევ ბავშვს?“.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება