5 განმარტება განათლების მინისტრის „საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ბრიფინგის“ შესახებ სკოლის დირექტორების საკითხზე – შალვა ტაბატაძის პოზიცია
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, განათლების სფეროს სპეციალისტი შალვა ტაბატაძე განათლების მინისტრის ბრიფინგს კონკრეტიკითა და ციფრებით პასუხობს. ის ამბობს, რომ გიორგი ამილახვარის 10 ოქტომბრის განცხადება სკოლის დირექტორების წარდგენის საკითხზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა და პოზიცია, თითქოს ერთკანდიდატიანი არჩევნების პირობებში გადაწყვეტილებას მაინც სკოლები იღებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. გიორგი ამილახვარის მტკიცებით, სამინისტროსთვის მიუღებელია სკოლებში დირექტორთა კანდიდატების წარდგენის პროცესის პოლიტიზირება და გადაწყვეტილებას დირექტორის არჩევაზე სკოლის სამეურვეო საბჭოები მიიღებენ, სკოლების 71%-ში კი მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა და სამინისტრო ამ მოცემულობას ვერ შეცვლიდა სურვილის შემთხვევაშიც კი.
შალვა ტაბატაძეს კონკრეტული ციფრები მოჰყავს და სამინისტროს კომისიის მუშაობის, ასევე წარდგენების პროცესში არსებულ იმ პრობლემებზე მიუთითებს, რაც სკოლებს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს, შედეგი კი ის არის, რომ განათლების სამინისტრომ დამატებით 350-მდე სკოლა სერტიფიცირებული დირექტორის გარეშე დატოვა:
“რამდენიმე განმარტება მინისტრის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ბრიფინგიდან, რომლის დროსაც კრიტიკოსებს მოუწოდა, ჯერ საკითხში გარკვეულიყვნენ:
1. სკოლის დირექტორობის 1409 სერტიფიცირებული კანდიდატი იყო, რომლებიც შეიძლება წარედგინათ სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის. სამინისტრომ სამეურვეო საბჭოებს წარუდგინა 927, ანუ 482 სერტიფიცირებული კანდიდატი დაიბლოკა კომისიის მიერ, იმ კომისიის მიერ, რომელმაც შეითავსა რეალურად სამეურვეო საბჭოების კომპეტენცია, რადგან ამ არჩევნების არსი სწორედ ის არის, რომ სამეურვეო საბჭოებმა თვითონ გადაწყვიტონ რომელია მათთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი წარდგენილი ხედვიდან და სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე. კომისია გასაუბრებით ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს, რადგან არ იცის თითოეული სკოლის კონტექსტი და არც უნდა წყვეტდეს. რეალურად, ამ კომისიის მუშაობის მიზანი რაც იყო, ყველამ კარგად დავინახეთ;
2. პირველადი არჩევანის მიხედვით 382 სკოლაში იყო ერთზე მეტი დირექტორობის კანდიდატი დარეგისტრირებული. მათ შორის იყო სკოლები, სადაც 10 კანდიდატზე მეტი იყო დარეგისტრირებული, იყო 16- კანდიდატიანი სკოლებიც. 894 სკოლაში მხოლოდ 1 კანდიდატი იყო. 798 სკოლაში საერთოდ არ იყო კანდიდატი. გასაუბრების შედეგად 382 სკოლაში სადაც ერთზე მეტი კანდიდატი იყო რეგისტრირებული და რეალურად არსებობდა არჩევანის შესაძლებლობა, სამინისტრომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გააგზავნა მხოლოდ ერთი კანდიდატი. ანუ 382 სკოლაში არჩევანის შესაძლებლობა არ მისცა სამეურვეო საბჭოებს;
3. კანდიდატების რეგისტრაციიდან გამომდინარე 1276 სკოლაში იყო შესაძლებელი, რომ ყოფილიყო სერტიფიცირებული დირექტორი. დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ 927 სკოლაში შესაძლოა გვყავდეს სერტიფიცირებული დირექტორი. ანუ, სამინისტრომ გასაუბრების შედეგად 350-მდე სკოლა დამატებით დატოვა სერტიფიცირებული ხელმძღვანელის გარეშე, ისედაც მწირი კვალიფიციური კადრების პირობებში;
4. სამეურვეო საბჭოებს რჩებათ ერთადერთი უფლებამოსილება, რომ წარდგენილი კანდიდატი თუ ვერ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ჩააგდონ და არ აირჩიონ დირექტორად, თუმცა ესეც ფიქტიური პროცესია, რადგან სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული კანდიდატის დისკრეციით დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია მინისტრს. შესაბამისად, ერთკანდიდატიანი არჩევნების პირობებში რომ გადაწყვეტილებას მაინც სკოლები იღებენ, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება;
5. გარკვეული ვართ, ბატონო მინისტრო, და გარკვეული რომ ვართ და გული შეგვტკივა განათლებაზე, განვითარებაზე, დემოკრატიულ და განათლებულ საქართველოზე, ქვეყნის მომავალზე, იმიტომ ვართ კრიტიკულები.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება