GE

გამოცდების ცენტრის გამოსაცდელებისათვის სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე განმარტებას აკეთებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმაურება წერილს, რომელშიც აბიტურიენტი მათ უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და გამოსაცდელებისათვის სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე განმარტებას აკეთებს.

EDU.ARIS.GE გამოცდების ცენტრის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:

“საგამოცდო სისტემის არსებობის მანძილზე ათასობით აბიტურიენტმა შეძლო საკუთარი ცოდნის წარმოჩენა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ გამოსაცდელებისათვის შესაბამისი საგამოცდო გარემოს შექმნაა.

ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისათვის იქმნება შესაბამისი სპეციფიკური გარემო. მაგალითად: იბეჭდება ტესტი ბრაილის შრიფტითა და გაზრდილი შრიფტით, იწერება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელის საჭიროებებზე მორგებული სივრცე, ხანგრძლივდება საგამოცდო დრო და სხვ. სისტემის გაუმჯობესება მუდმივად ხდება. ამ მიზნით შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა 2020 წელსაც ჩაატარა კვლევა განსაკუთრებული საჭიროების მქონე გამოსაცდელების მონაწილეობით.

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სპეციალური პირობები ესაჭიროებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხოური ენის მოსმენის ნაწილზე სთავაზობს მსოფლიოს წამყვან საგამოცდო ცენტრებში აპრობირებულ შემდეგ ალტერნატივებს: 1. წამკითხველის დახმარებას (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით); 2. ხმის გამაძლიერებელთან ახლოს დაჯდომას; 3. ყურსასმენის გამოყენებას; 4. საკუთარი სმენის აპარატის გამოყენებას; 5. დროის გახანგრძლივებას. ის, თუ რომელი შესაძლებლობა იქნება რელევანტური, ამ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალით. კომისიის წევრები ინდივიდუალურად ეცნობიან თითოეული გამოსაცდელის განცხადებას, საჭიროებისამებრ, რამდენჯერმე უკავშირდებიან გამოსაცდელს და სთავაზობენ სპეციალური პირობის შექმნის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს (მის მიერ გამოგზავნილი ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად).

განცხადებების განხილვა ხდება მას შემდეგ, რაც გამოსაცდელი რეგისტრაციის დროს მონიშნავს სპეციალურ ველს და განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაბამის ცნობას (ფორმა #100). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერ ინფორმაციას ცენტრი აქვეყნებს პერსონალური მონაცემების სრული დაცვით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგამოცდო პროცესში მონაწილე თითოეული სპეციალური საჭიროების გამოსაცდელისათვის კომისია გადაწყვეტილებას იღებს აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინებითა და გონივრული მისადაგების ზომების გამოყენებით”, – ვკითხულობთ გამოცდების ცენტრის განმარტებაში.

როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, 23 მაისს, ტერეზა გალსტიანი, მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ მას გამოცდების ცენტრი უსამართლოდ მოექცა. წერილიდან ირკვევა, რომ მისი პირადი გამოცდილებითა და აღქმით, რასაც სხვა სსსმ მოსწავლეებიც იზიარებენ, ეროვნული გამოცდები მართლაც უტოლდება მწვერვალის დაპყრობას, რადგან სისტემა ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამინების საჭიროებების გათვალისწინებასა და მათზე სათანადოდ მორგებას.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური