GE

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჟურნალი Naec.ge გამოსცა

Naec.ge – ამ საიტს დღეში ათასობით მოსწავლე, სტუდენტი და მასწავლებელი სტუმრობს. ხშირად, გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამ სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. ამიტომ, არავის გაუკვირდება თუ წიგნის მაღაზიების თაროებზე ამავე სათაურის ჟურნალს მოჰკრავს თვალს. ცენტრმა მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარა და პირველი ჟურნალი გამოსცა.

დღეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში სწორედ ამ ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა.

‘’ინტერნეტკომუნიკაციებისა და სოციალური ქსელების ძალიან დინამიკურ ეპოქაში საჭიროდ ჩავთვალეთ, ნაბეჭდი სიტყვაც მოგვეწვდინა თქვენამდე… გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცემა ჩვენი ვებგვერდის მისამართით დავასათაურეთ. ეს სახელწოდება ე.წ. ‘’ონლაინსამყაროსთვის’’ გადახდილი ხარკი არ არის. მით უმეტესს, არ გახლავთ ქართული დასახელებების უარყოფა. მხოლოდ იმ მისამართის შეხსენების მცდელობაა, რომელიც სულ უფრო მეტ სტუდენტს, პედაგოგს და მოსწავლეს ემსახურება.’’ – ამბობს თავის წინასიტყვაობაში ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი.

მსოფლიო ბანკის დახმარებით 1999 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიქმნა. თავდაპირველად მუშაობა მცირე ჯგუფმა დაიწყო. მსოფლიო ბანკი მათ ევროპულ და ამერიკული საგანმანათლებლო სისტემებს აცნობდა, ტრენინგებს უტარებდა.
ფართო საზოგადოებისთვის ცენტრის არსებობის შესახებ 2005 წელს გახდა ცნობილი, როდესაც პირველი ეროვნული გამოცდები ჩატარდა.
შექმნიდან დღემდე. პირველი ნაბიჯები, პირველი აქტივობები, მცირედი გამოცდილება, ბევრი მუშაობა, თეთრად გათენებული ღამეები, სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება და ლიტვის ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ვარაუდი, რომ საქართველოში გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიძლებოდა ვერ შემდგარიყო.

თუმცა, 2005 წლის მაისში ბათუმში ჩატარებულმა საგამოცდო მოდელის პილოტირებამ ცხადყო, რომ პროექტი შედგებოდა.
შედგა კიდეც. შრომამ ნაყოფი გამოიღო და გამოცდების ეროვნული ცენტრი უკვე მერვე ნაკადის მისაღებად ემზადება.
‘’naec.ge“-პირველ ნომერში სწორედ გამოცდების ცენტრის შექმნის, მისი მუშაობის, შედეგების შესახებ არის საუბარი. ჟურნალში გაეცნობით 2005 წლის პირველი ეროვნული გამოცდების წარმატებულ აბიტურიენტებს და მათ ისტორიას.

ჟურნალში წაიკითხავთ პირველი ეროვნული გამოცდების მარცხის შესახებაც, ოპერატორის ერთმა შეცდომამ ჩარიცხული აბიტურიენტები უნივერსიტეტს მიღმა როგორ დატოვა, ხოლო მათ, ვისაც ქულები დააკლდათ, უნებურად სტუდენტები როგორ აღმოჩნდნენ. ისტორიები, რომლებსაც ცენტრის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომლები ახლა ღიმილით იხსენებენ.

ასევე, ჟურნალში მოცემულია ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და გეოგრაფიის ტესტური დავალებების ნიმუშები 2013-2014 სასწავლოს წლის გამოსაშვები გამოცდებისთვის.

ცენტრმა ჟურნალის ნომრის კონკურსანტიც გამოავლინა. მომდევნო ნომრის საკონკურსო თემა ‘’მე რომ მასწავლებელი ვიყო’’. – კონკურსში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს შეუძლიათ.

‘’naec.ge“ უკვე გაყიდვაშია. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში გვითხრეს, ჟურნალი წელიწადში ოთხჯერ გამოვა.

’ამ გამოცემით, რომელიც ერთგვარი ექსპერიმენტია, გვინდოდა მკითხველისთვის შეძლებისდაგვარად საინტერესო თემები შეგვეთავაზებინა. საუკეთესო გზა მათგან მიღებული გამოხმაურებებისა თუ სურვილების გათვალისწინებაა. სწორედ ასე ვაპირებთ შემდეგი ნომრის მომზადებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი გამოცემის წარმატებისთვის აუცილებელია არ დავკარგოთ მთავარი – მათთან კავშირი,’’ – ამბობს მაია მიმინოშვილი.

ჟურნალის მომდევნო ნომერი აგვისტოში გამოვა.

სალომე არის© გოგოხია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური